დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„პერსონალთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ - პოლიტოლოგი "ნაციონალურ მოძრაობაში" კადრების ცვლილებაზე 11.01.2022 15:45

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. აღნიშნულ პოზიციას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.

 

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

 

„მიმაჩნია, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება წარმატებული. ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანი ვართ შეთანხმებებშიც.

 

დღემდე პარტიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ გვქონდა მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ ვერ მოხერხდა, რადგან შარშანდელი წელიწადი იყო მძიმე მოვლენებით დატვირთული. პარტიის ეს რეფორმირება არის მხოლოდ დასაწყისი“, - განაცხადა მელიამ.

 

რამ განაპირობა  „ნაციონალურ მოძრაობაში“  კადრების ცვლილება?


ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ უმრავლესობა თვლის, რომ პროტესტის ფორმებმა და აქციების სიმწვავემ შედეგი არ გამოიღო, ეს კი ახალი გამოსავალია. თუმცა, რამდენად უშველის თანამდებობრივი გადანაწილება/გადახალისება და ახალ სიცოცხლეს რამდენად შემატებს პარტიას, - ცოტა საეჭვოა. ისინი, ვინც დაინიშნნენ (ნაყოფია და ცისკარიშვილი), საკუთარი განცხადებით უფრო რადიკალურები არიან, ვიდრე ძველი გვარდია უდუმაშვილ - მელიას ტანდემი.

 

ამას შედეგი არ ექნება, თუ ისინი მხოლოდ რადიკალებზე გააკეთებენ აქცენტს და არ შეეცდებიან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას, ან  მიღწეული შედეგების გამოყენებას მუნიციპალიტეტის დონეზე.    ოპოზიციამ უნდა იმუშაოს კომპლექსურად და რაც მთავარია, საკუთარი მოქმედების სტრატეგია და გეგმა უნდა დასახოს.


ის კი ნათელია, ერთი წლის განმავლობაში ბოიკოტი მოისინჯა, შიმშილობის უპრეცენდენტო ფაქტი იყო, სააკაშვილიც ჩამოვიდა, მაგრამ ოპოზიციას ეს კომპონენტები მაინც არ შველის.  კიდევ დამატებით კომპლექსური მიდგომებია საჭირო.


ოპოზიციამ, ჩემი აზრით, არ შეიძლება უარი თქვას საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე, ან მიატოვოს მუნიციპალიტეტი და მათი პრობლემებით არ დაინტერესდეს. მხოლოდ აქციები არაა საკმარისი, სხვა მიმართულებითაც უნდა იმუშაონ. თუ ამას არ გააკეთებენ, პერსონალთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

 

- ხომ არ შესუსტდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას პოზიციები?

- პარტიის შიგნით დაპირისპირებები ყოველთვის არის, ამას ვერ გაექცევი. განსხვავებული აზრი  შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი კაცი იღებს, აქეთ - ივანიშვილი და იქით -სააკაშვილი.  ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ მელიას ძლიერი პოზიციები ჰქონდა პარტიაში. მას მანამდე ექნება ძალაუფლება, სანამ  სააკაშვილს ენდომება. მესამე პრეზიდენტმა რომ თქვას, ხვალ ნაყოფიაც აღარ იქნება საბჭოს თავმჯდომარე. ელექტორატსა და პარტიას სააკაშვილი აკონტროლებს.


- როგორ ფიქრობთ,  ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენი ოპოზიციისთვის რაიმე მაგალითის მიმცემი შეიძლება იყოს?

- არა, რა თქმა უნდა, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენსა და ყაზახეთის ელექტორატს შორის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, მენტალური და კულტურული სხვაობაა. ამიტომ თუ საუბარია პროტესტის ფორმებზე და ვიღაცის გამონათებაზე - აი, ნახეთ ყაზახებმა რა მაგარი რამე ქნეს? - მცდარია ასეთი იდეით ხალხისა და ოპოზიციური ამომრჩევლის მიმართვა.

 

იქ რა უბედურებაც ტრიალებს ვხედავთ და ეს რატომ უნდა უნდოდეთ?! ამას ოპოზიციამ არ უნდა დაუჭიროს მხარი. მაგრამ მუდმივად მაქვს განცდა, რომ ოპოზიცია აზრზე არაა, რა ხდება ქვეყანაში და რა განწყობებია.

 

არის მეორე ნაწილიც. დღეს, რუსეთი მიმდინარე პროცესებითა და იდეოლოგით,  ცდილობს დაბლოკოს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია, რუსული ჯარების შეყვანა მაინც გრძელდება. ფაქტობრივად, ოკუპირება ხდება და მერე რაც იქნება, გასაგებია. ეს კი ჩვენმა ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა გაითვალისწინოს.

 

ხვალ და ზეგ საქართველოში, თუ მსგავსი სცენარი განვითარდება, უსაფრთხოების მოტივით ხომ არ გველოდება ჩვენც იგივე, რაც ყაზახებს მოუვიდათ?! დღეს რუსეთი ისეთი აღარაა, როგორიც  30 წლის წინ იყო.  მას უკვე სხვა ამბიციები აქვს.  რუსეთი ცდილობს აღადგინოს იმპერია და მზად არის ამისთვის, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, რაც ვიხილეთ ყაზახეთში. 2008 წლის შემდეგაც კი მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსული პოლიტიკა, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებით უფრო აგრესიული და დაპირისპირებული გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ