დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

"მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად'' - დღეს ლადო ასათიანის დაბადების დღეა 14.01.2022 13:00

“ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,

რაც უფლის ციხესგამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა”

ან კიდევ

“ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა,

ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა.”

 

ლადო ასათიანის პოეზიის სიმბოლო ყაყაჩოა. 

 

პოეტი 1917 წლის 14 იანვარს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. მისი მშობლები ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალის მკვიდრები იყვნენ, სადაც ახლა ლადოს სახლ-მუზეუმი მდებარეობს.

 

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა.

 

1937-38 წლების რეპრესიები მის ოჯახსაც შეეხო: დედამისი – ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

 

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

 

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

 

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

 

ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი. პირველი ლექსი ლადო ასათიანს გიორგი ჯიბლაძემ ქუთაისის გაზეთში დაუბეჭდა. 

 

პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. ცნობილი ფთიზიატრი ოთარ ბათიაშვილი, წერდა – მაშინ ჩვენ ყველას გვჭირდა ტუბერკულოზი, მაგრამ აბასთუმანში ვმკურნალობდით და მოვრჩით, ლადო კი თბილისით იყო ავადო. პოეტი აბასთუმანში ვერ ისვენებდა და წერდა კიდეც: “ქვეყნის გადაბრუნებაზე ვოცნებობდი და ახლა აბასთუმანში, ტუბინსტიტუტში ვზივარ. მაინც ეს ინსტიტუტი ვერაფრით მოვიშორე. ჯერ პედინსტიტუტი, ახლა ტუბინსტიტუტი”… 

 

გრძნობდა, რომ დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. ჩქარობდა, სათქმელი ლექსად გადმოეცა. აბასთუმანში, თავისი ოთახის ფანჯარასთან, წიგნებით მოფენილი მაგიდა ედგა. გვიანობამდე კითხულობდა რუს და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს, თარგმნიდა პუშკინის პროზას, ჰემინგუეის, ბლოკს. გალაკტიონი და ბლოკი მისი ღმერთები იყვნენ. აბასთუმანში თითქმის ერთი და იგივე ხალხი მკურნალობდა. ერთ-ერთი იხსენებდა: - მკვდარი საათის დროს ყველანი ვიძინებდით, ლადო კი გარეთ გავიდოდა, ჯიბეში ხელებჩაწყობილი ნაკრძალში დადიოდა და ლექსზე ფიქრობდა, მეორე დღეს უკვე ახალ ლექსს გვიკითხავდაო.

 

მისი მეუღლე იხსენებდა, “როცა ლექსს დაწერდა, მხოლოდ ერთ ან ორ ადგილს თუ შეასწორებდა, აბასთუმნიდან ახალ ლექსებს მიგზავნიდა და მაბარებდა, კარლო კალაძეს ან სიმონ ჩიქოვანს მიუტანე, სხვაგან არ წაიღო, თუ ნიკა შეასწორებს რასმე, აუცილებლად შემატყობინეთ, არაფერი შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წამოიღე და არ დაბეჭდოო.”

 

ბოლო წლებში ძლიერ დაჯაბნა სენმა, მაგრამ ცხოვრება მაინც ვერ შეაძულა. მაშინაც კი, როცა სიკვდილთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამართული, სარეცელზე მიჯაჭვულს კალამი ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან. ცდილობდა, კიდევ ბევრი რამ მოესწრო. წერილებში წერდა: ,,დღეს ,,ბახტრიონის'' წაკითხვა მომენატრა: შესავალი სტრიქონები, კვირიას სიზმარი, ლელას გამოჩენა, ლუხუმი და გველი... ესაა თითქმის ყველაფერი და კიდევ – შინ რომ შევაბიჯებ, ჩემი ჩიტუნია-მზეწვია, ჩემი პაწაწინა მანანა''. არც ერთ ლექსში არ ლაპარაკობს იგი სიკვდილის შიშზე, წერილებში კი სევდანარევი ირონიით ახსენებს მას. მხოლოდ პოეზიაა ტკივილის მალამო, რომელიც სიკვდილს ამარცხებს:

 

,,...ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი

და გაანათა ჩემი კაცობა

და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს

მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა''.

,,...რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, –

მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად''.

 

ლადო ასათიანი 26 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა. პატარა ქალიშვილს სიცხით ანთებული თვალებით შეჰყურებდა და მეგობარს სწერდა, სულ სიცოცხლის გაგრძელება მენატრებაო. სიკვდილმაც ლექსის წერის პროცესში მოუსწრო. ბაგე ოდნავ გახსნა და “მა..ს” მსგავსი სიტყვა მოხაზა. ვერ გაარკვიეს, მამას უხმობდა თუ ქალიშვილს. მოხუცმა მელქისედეკმა შვილს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

 

პოეტი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ