დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები"- პეტრო პოროშენკო 15.01.2022 16:33

 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო   სოციალურ ქსელ Facebook-ში  გამოქვეყნებულ მიმართვაში   აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.

 

„ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო ბრიუსელში ჩაწერილ მიმართვაში.

 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ ზელენსკის ხელისუფლებამ ისარგებლა საზღვარგარეთ მისი მივლინებით და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ძალისხმევა გამოიყენა, რომ ის დაეშინებინათ. პოროშენკო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გაყალბებულს უწოდებს.

 

„რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, როგორც აღვნიშნე, რომ დამაშინონ. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას გავეცით პასუხი. ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“, – აცხადებს  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

 

ამასთან, გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატში ბრალდებებს ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს და ბრალდებებს სისულელესა და „სამართლებრივ ნაგავს“ უწოდებს.

 

„მე ვარ ოპოზიციის ლიდერი. მე ვარ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ლიდერი. მე ვარ მეხუთე პრეზიდენტი. მე ვარ პიროვნება, რომელმაც პუტინის წინააღმდეგ ბრძოლით ჩემს გუნდთან ერთად გადაარჩინა უკრაინა ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ წლებში. მე ვარ ადამიანი, რომელმაც არმია შექმნა; და მე ვარ ადამიანი, რომელმაც უკრაინა ევროკავშირთან დააახლოვა. მე ვარ ადამიანი, რომელმაც უკრაინის კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულება“, – განაცხადა პოროშენკომ ინტერვიუში.

 

პოროშენკოს თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის ზელენსკის ძალისხმევა, შეუშალოს მას ხელი მომავალ არჩევნებში მონაწილეობაში, ასევე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შურისძიება.

 

პოროშენკოს განცხადებით, ამის მიუხედავად, ის მზად არის, ზელენსკის გვერდით დაუდგეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

„ის მხოლოდ ჩემი ოპონენტია, ხოლო პუტინი არის ჩემი მტერი, ჩემი ქვეყნის, უკრაინის მტერი და მე ვხვდები, რომ პუტინი ახლა არის მთელი ევროპისა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს მტერი“, -განაცხადა მან.

 

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.

 

 უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ