დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ჭაჭითა და ქართული ბუნების გრანდიოზული სილამაზით მთვრალნი" - Die Welt 20.01.2022 16:13

გერმანულ გაზეთ „ველტ“-ში (Die Welt) რუბრიკით „მოგზაურობა“ დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჭაჭით და საბჭოური ჯიპით - კავკასიის მთებში“, რომელშიც ავტორი - მარტინ ლევიცკი მკითხველებს საქართველოში მეგობართან ერთად მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

 

„ჩვენი მოგზაურობის საწყის ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი ცხოვრების შემდეგ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კავკასიის მთებში მდებარე სტეფანწმინდისკენ გავემართეთ, რომელსაც ადრე ყაზბეგი ერქვა.

 

საქართველოში ყველაზე მიზანშეწონილია მიკროავტობუსებით, ე.წ. „მარშრუტკებით“ მგზავრობა, რომლებიც ქვეყნის ყველა ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან მიგიყვანთ, თუმცა „მარშრუტკებთან“ დაკავშირებით ავტოსადგურებში გარკვეული პრობლემა არსებობს: როგორც გავიგეთ, მძღოლები თითქოსდა ოფიციალურად გაფორმებული მარშრუტის მქონე მიკროავტობუსებში გეპატიჟებიან, მაგრამ სინამდვილეში კერძო ავტომანქანებში ჩაგსვამენ, რომლითაც მგზავრობა, „მარშრუტკებისაგან“ განსხვავებით, უფრო ძვირი ღირს.  

 

დიდუბე-სტეფანწმინდა: კავკასიის მთებში


სტეფანწმინდისკენ მიმავალი ტრანსპორტი დიდუბის სადგურიდან გადის. ჩვენ, მე და ჩემი მეგობარი, შემთხვევით სწორედ კერძო ავტომანქანაში მოვხვდით. კიდევ კარგი, მძღოლმა თავიდანვე გულახდილად გვითხრა, რომ იგი კერძო ავტომობილის მფლობელია, თუმცა აღგვითქვა, რომ კარგად მოგვემსახურება - სადაც მოგვესურვება, იქ გააჩერებს, ფოტოსურათების გადასაღებად და ა.შ. მოკლედ, მისი დაპირება ჭკუაში დაგვიჯდა. სამწუხაროდ, რადგანაც კიდევ ორი მგზავრი იყო საჭირო სალონში ადგილების შესავსებად, საკმაო ცდა გვიწევს. ბოლოს, ლოდინით გული რომ გადაგვიჯერდა (კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტების რაოდენობა შემცირდა), მძღოლს ბოდიში მოვუხადეთ და ოფიციალურ „მარშრუტკაში“ ჩავსხედით.

 

სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენ სტეფანწმინდაში შევედით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი მაინცდამაინც კომფორტული არ იყო, ამიტომაც შევეცადეთ იმ ადგილებში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა გვენახა - გერგეტის სამების ეკლესია, მე-14 საუკუნეში აგებული. იქამდე მისვლას თითქმის საათ ნახევარი დაჭირდა.

 

სხვადასახვა სეზონში თავისი ხიბლი აქვს - ამ ჯადოსნურ ადგილზე ტურისტები ცოტაა, ამიტომ შეგიძლიათ ირგვლივ, 360 გრადუსით, თვალი მოავლოთ არემარეს - ქვემოთ საუცხოო ხეობას, ზემოთ კი ცად აზიდულ მყინვარწვერს (მთა ყაზბეგს, 5047 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც საქართველოს ერთ-ერთ მაღალ მწვერვალად ითვლება და რუსეთთან საზღვარზე მდებარეობს.

 

საბჭოური „ნივით“ თრუსოს ხეობაში

სტეფანწმინდა გვიან შემოდგომაზე და ზამთრობით თითქოსდა მიძინებული ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, უმჯობესია ახლოს არსებული ტურისტული ობიექტები დავათვალიეროთ. გადავწყვიტეთ თრუსოს ხეობის მონახულება, სადაც მხოლოდ კერძო ტაქსებით შეიძლება მისვლა. ტრანსპორტის ძებნა დიდხანს არ დაგვჭირდა - ჩვენს ახლოს ჩერდება ძველი საბჭოური თეთრი „ნივა“, რომლის შუახნის მძღოლი  სერიოზულად გამოიყურება და ჩვენზე სანდომიან შთაბეჭდილებას ახდენს, ამიტომ უარს ვერ ვეუბნებით სხვათა შორის, მე პირადად დიდი ხანია მინდოდა ამ საბჭოური ჯიპით გასეირნება.

 

ხეობისაკენ მიმავალ გზაზე მძღოლი მცირე ხნით აჩერებს საკუთარ მინი-მაღაზიასთან და გვირჩევს, რაც უნდა ვიყოთ. შემდეგ ისევ გაჩერება - ამჯერად უკვე მინი-სასტუმროსთან, რომლის მფლობელი ასევე თვითონაა. მან მიგვიწვია და ოთახი შემოგვთავაზა, დაგვაგემოვნებინა ადგილობრივი ჭაჭა, რომელიც ძალიან მოგვეწონა. სასტუმროში უკვე ორი ფრანგიც ცხოვრობდა, თუმცა ისინი თრუსოს ხეობაში წამოსვლაზე არ დათანხმდნენ.

 

ჩვენი საკმაოდ შეფერთხილი „ლადა-ნივა“ თრუსოს ხეობის ორმოებიან გზაზე არცთუ ისე ძალიან ჯაყ-ჯაყობს. მძღოლი ვირტუოზულად გვერდს უვლის ორმოებს და სალონში „ხტუნვა“ მაინცდამაინც საგრძნობი არ არის. რატომღაც მომეჩვენა, რომ „ნივას“ გამძლე შასი აქვს მსგავს გზებზე სიარულისთვის და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, უგზოობის დროს საბჭოური ჯიპი შემხვედროდა.

 

ხეობაში იმ ადგილამდე მივედით, სადაც ფეხით სასიარულო მარშრუტი იწყება. მძღოლს მოველაპარაკეთ, რომ ხიდთან დანიშნულ დროს ყოფილიყო. ყოველი შემთხვევისათვის, მან უსაფრთხოების მიზნით, თავისი მობილური ტელეფონის ნომერი მოგვცა.

 

ჭაჭით და ქართული ბუნების გრანდიოზული სილამაზით მთვრალნი

 

ჭაჭამ ჩვენზე ჯადოსნური გავლენა მოახდინა და ძალა შეგვმატა. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ სასმელი 70% სპირტს შეიცავდა. მივაბიჯებთ ენერგიულად, დროის შეგრძნება დავკარგეთ და პირველი ორი საათი თითქოს მივფრინავდით... ამასთან, ჩვენზე „დამათრობელი გავლენა“ მთების სილამაზემაც მოახდინა, თავისი გრანდიოზული პეიზაჟით.

 

საცალფეხო ბილიკით ხეობაში მდინარე თერგის ნაპირზე მივდივართ. თანდათანობით არემარე სიურეალისტურ სურათს ემსგავსება, ბუმბერაზი მთებით და ლურჯი ცით. ხშირად ვხვდებით მინერალური წყლების წყაროებს, რომლებიც ქვებს მოწითალო ფერით ღებავს და გოგირდწყალბადის ტიპურ სუნს ავრცელებს.

 

თრუსოს ხეობა თავისი დანგრეული სოფლებით მიტოვებულ ადგილს ჰგავს, თითქოს მას პატრონი არ ჰყავს. სამ საათში მიტოვებულ სოფელ ზაკაგორს მივაღწიეთ, ავედით მთაზე, იქვე არსებული ციხე ვნახეთ. აქ იდეალური ადგილია, რომ პეიზაჟით დატკბე, წაიხემსო და დაისვენო.

 

უკან დაბრუნებას ვჩქარობთ, მზე ჩადის და ხეობაში ტემპერატურა იკლებს. ჩვენი მძღოლი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, ხიდთან გველოდებოდა. სტეფანწმინდაში მისვლისას მან მიგვიპატიჟა ადგილობრივ რესტორანში, სადაც ქართველების ეროვნული საჭმელი - ხინკალი მივირთვით. ხინკალი ისე ლამაზი ჩანდა, რომ საჭმელად დამენანა კიდეც...

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ