პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დიპლომატიის ისტორიიდან: ოსმალეთის გენკონსული, რომელიც ბათუმსა და თბილისში მუშაობდა....
თურქული მასმედია იუწყება, რომ სამხრეთ აფრიკაში (იოჰანესბურგში) ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი გენერალური კონსულის მეჰმედ რემზი ბეის ცხედარი ისევ თავის პირველ საფლავში გადაასვენეს და ამით "ფეტო"-ელების მოქმედების შედეგი აღმოიფხვრა, ყველაფერი თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდაო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 2011 წელს ფეთულაჰ გიულენის მომხრეებმა (ანუ ტერორისტებმა, თურქული კანონმდებლობის მიხედვით) მეჰმედ რემზი ბეის ცხედარი იმ მეჩეთის ეზოში გადაასვენეს, რომელიც მათ მფლობელობაში იყო.
2018 წლიდან დაწყებული, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას 4-წლიანი იურიდიული ბრძოლა დაჭირდა, რომ მეჰმედ რემზი ბეი ისევ თავის ძველ განსასვენებელში დაებრუნებინათ - იოჰანესბურგის ბრამფონტეინის სასაფლაოს მუსლიმანურ ნაწილში.
https://www.aa.com.tr/.../guney-afrikadaki-son.../2477515
18 იანვარს "ანადოლუს" სააგენტოს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში ასევე გაკვრით იყო ნათქვამი, მეჰმედ რემზი ბეი საქართველოშიც მუშაობდაო.
დავინტერესდი და ზოგიერთი რამ გავარკვიე თურქი დიპლომატის ცხოვრებიდან. აქვე შევნიშნავ, რომ მართალია, მას იურიდიულად საქართველოს სახელმწიფოში არ უმუშავია (იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიაში შედიოდა), მაგრამ მაინც...
მეჰმედ რემზი ბეი 1869 წელს დაიბადა სტამბოლში, სახელმწიფო მოსამსახურის ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა სხვადასხვა საელჩოებში, იცოდა რამდენიმე ენა, მათ შორის რუსულიც, რომელიც ქალაქ ქერჩში ოსმალეთის კონსულად დანიშვნის წინ შეისწავლა. მოგვიანებით იქორწინა რუსი დიპლომატის ქალიშვილზე - ელენაზე.
1907 წლის 6 თებერვალს მეჰმედ რემზი ბეი დაინიშნა ოსმალეთის იმპერიის გენერალურ კონსულად ქალაქ ბათუმში, ხოლო 1911 წლის 7 მარტს - გენერალურ კონსულად თბილისში.
1913-1914 წლებში მეჰმედ რემზი ბეის დილომატიური კარიერა გაგრძელდა თეირანში (ირანში), ხოლო შემდეგ იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკაში), გენერალურ კონსულად. იმ დროს სამხრეთ აფრიკას დიდი ბრიტანეთი აკონტროლებდა და როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ბრიტანელებმა ოსმალეთის დიპლომატიური მისია, გენკონსულის ჩათვლით (როგორც მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი), ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.
ჯანმრთელობის გაურესების გამო მეჰმედ რემზი ბეი 1916 წელს გარდაიცვალა, იგი იქვე, იოჰანესბურგში დაკრძალეს, ოჯახის წევრები კი სტამბოლში დაბრუნდნენ,"- წერს სიმონ კილაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge