აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-საიტზე სათაურით „რუსეთმა უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შექმნა და შედეგად შესაძლოა ის მიიღოს, რის წინააღმდეგაც იბრძვის“,გამოქვეყნდა ინტერვიუ ამერიკელ დიპლომატთან ალექსანდერ ვერშბოუსთან, რომელშიც იგი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს შესახებაც საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
- ბატონო ალექსანდერ, თქვენი აზრით, ნატო მზად არის საქართველოსა და უკრაინაში გაფართოებისთვის?
- პასუხი არის ის, რომ არა - ნატო მზად არ არის. არც საქართველო და უკრაინა არიან მზად. ორივე ქვეყანას აქვს პროგრესი წევრობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ეს ნატოსთვის მაინც ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე მგონია, რომ რუსეთმა მიმდინარე კრიზისის გამოწვევით ნატო ჩააყენა იმ პოზიციაში, რომ მან ღია კარის პოლიტიკა მტკიცედ დაადასტუროს, ალიანსს სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ 2008 წლის დეკლარაცია დაიცვას და თქვას, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება, და უკრაინა და საქართველო ერთ დღეს მასში შეაბიჯებენ. პუტინმა ნატოს უბიძგა საკუთარ პოლიტიკაზე უფრო მკაფიო პოზიცია შეემუშავებინა. ამით გაწევრიანების ვადებზე არსებული გაურკვევლობა არ იცვლება, მაგრამ ის ილუზია, რომ რაღაცნაირად რუსეთის მართვას შევძლებთ ნატოს გაფართოების დაყოვნებით, ადვილად მოსაყვანი არგუმენტი აღარ იქნება.
- ფიქრობთ თუ არა, რომ ეს საუბარი განახლდება? ცხადია, არა ახლავე, არამედ ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ? თქვენი აზრით, ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, გააქტიურდება თუ არა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად და დაიწყებს თუ არა აქტიურ საუბარს იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსში მიიღონ?
- ვფიქრობ, ეს პოლიტიკური განხილვების ძლიერ არგუმენტად ჩამოყალიბდება. არ მინდა დავაკნინო პოლიტიკური სირთულეები, რადგან ქვეყნის ნატოში მიღება ნიშნავს მეხუთე მუხლის გარანტიების გაცემას, ეს ნიშნავს, რუსეთთან, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომს. ამის გამო, ეს არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება. მაგრამ აქამდე, ნატო კმაყოფილი იყო სტატუს კვოთი. ყოველ წელს იმეორებდა ბუქარესტის დაპირებას. ახლა ეს ფუფუნება მოკავშირეებს, ვფიქრობ, აღარ ექნებათ. ამ კრიზისის დასრულების შემდეგ საუბარი უფრო მკვეთრი იქნება.
- რამდენიმე ხნის წინ თქვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვით, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის არატრადიციული გამოსავალი უნდა მოვნახოთ ნატოსთან მათ დასაახლოებლად. თქვენი თქმით, ეს შესაძლოა ასოცირებული წევრობა იყოს. რას ფიქრობთ ამ კონცეფციაზე ახლა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით - ეს კარგი იდეაა თუ ცუდი? შეიძლება, თუ არა მან პრაქტიკულად იმუშაოს?
- ეს ერთგვარად დაუფიქრებელი კომენტარი იყო, რომელმაც ბევრი კითხვა წარმოშვა. გააჩნია რას ვგულისხმობთ ასოცირებულ წევრობაში. ეს სტატუსი, ნატოში ამ ეტაპზე არ არსებობს. საქართველოს და უკრაინას ნატოსთან უკვე აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა იმ მხრივ, რომ ისინი ყოველწლიური ეროვნული პროგრამის წევრები არიან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან ჰგავს მაპს - სამოქმედო გეგმას. არ მგონია ახლა კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ ახალი მოდელი შეიქმნას, რომელიც ასოცირებული წევრობა იქნებოდა. ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება უნდა ნიშნავდეს რაღაცას. ამ კრიზისის დამთავრების შემდეგ, იქნება ეს ერთი წელი თუ ხუთი წელი, ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რთული წარმოსადგენია უკრაინის და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის გარეშე და ნატოში გაწევრიანება ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.
- იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი იმ იდეის მიმართ, რომელიც შეჯამებულია, როგორც ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი?
- ახლო პერსპექტივაში არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რუსეთი მომართულია შეატრიალოს ცივი ომის შემდგომი ყველა შეთანხმება, რომელმაც მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება მოიტანა შედეგად. ახლა რთული დროა. ძალიან რთული იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრების გზების მონახვა, ძალიან აგრესიულ და რევიზიონისტ რუსეთთან. მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ის ძალები, რომლებმაც საქართველოს და უკრაინას ცვლილებები მოუტანეს, ნაწილობრივ რუსეთსაც, მაგრამ შემდეგ ბატონმა პუტინმა ეს ცვლილებები უკან დაატრიალა, კვლავ დაბრუნდებიან. ვფიქრობ, დემოკრატიის, ანგარიშვალდებული მთავრობის, ადამიანის უფლებების დაცვის მომთხოვნი ძალები რუსეთში დაბრუნდებიან და ჩემი აზრით, სწორედ მაშინ შეგვეძლება კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ევროპის უფრო ოპტიმისტური და მშვიდობიანი მომავლის შესახებ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge