დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"კადრებიდან ნათელი ხდება, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის მოტივი შურისძიება იყო" - ახალი დეტალები სააკაშვილის საქმეზე 21.01.2022 16:30

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ჰოსპიტალში გადაყვანის ამსახველი კადრების გაცნობის შემდეგ აცხადებს, რომ  ეს კადრები მათთვის მძიმე სანახავი აღმოჩნდა, რადგან ნათლად არის ასახული სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და კადრებიდან ნათელი ხდება, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის მოტივი შურისძიება იყო.

 

„იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ამ ვიდეო ჩანაწერზე, სრულ მასალაზე იქნებოდა გაცილებით მძიმე კადრები ასახული არაადამიანური მოპყრობის და წამების მესამე პრეზიდენტის მიმართ, თუმცა, ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც მძიმე აღმოჩნდა ამ ვიდეო-მასალის ყურება, რადგან მასზე არის ნათლად და გარკვევით დაფიქსირებული, თუ როგორ ეპყრობიან არაადამიანურად, როგორ ატყუებენ, გადაჰყავთ შემდეგ იძულებით, ასევე ნათლად დასტურდება, რომ ე.წ. შუმოკი იყო ორგანიზებული და ხდება ბრძანების გაცემა და იწყება ხმაური გლდანის ციხეში.

 

აღსანიშნავია, რომ აქვე, კადრებში ისმის ვერტმფრენის ხმა, მაგრამ იმდენად ძლიერია ეს „შუმოკი“, რომ რეალურად სხვა ხმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ შემოდის და აქვე ისმის პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილის კომენტარი, რომლითაც იხსნება საერთოდ, რა საჭირო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში მიყვანა, ეს ადამიანი ნათლად ააშკარავებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყო გლდანში შურისძიების მოტივით და უთხრა, შინაარსი მისი მიმართვის პრეზიდენტის მიმართ იყო ის, რომ ის იღებდა იმას, რაც დაიმსახურა, ცხადია, რომ ასე არ უნდა იქცეოდნენ საჯარო მოხელეები და ეს არის ის არაადამიანური მოპყრობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ვიდეო-კადრებზე ასევე ასახულია, თუ როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის იძულებით შეყვანა მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ციხე, ეს არის საავადმყოფო, მოშიმშილე ადამიანის ძალით გადაყვანა საავადმყოფოში, არის სწორედ არაადამიანური მოპყრობა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

მისი თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელიც სააკაშვილს მიმართავდა, გიორგი გიორგაძე იყო. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ასევე, ერთვოდა თუ არაკადრებს ხმაც, რასთან დაკავშირებითაც საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ ხმა მხოლოდ სასწრაფოს მანქანაში გადაღებულ ვიდეო-მასალაში იყო.

 

„რაც შეეხება ხმას, ჩვენ მოვისმინეთ ერთადერთ ვიდეო მასალაზე არსებული ხმა, ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეო-მასალა, სხვა ვიდეოებს ხმა არ გააჩნია, რადგან ფორმალურად კანონის მოთხოვნა ასეთია, რომ მხოლოდ ვიდეო მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი ვიდეო, გადაადგილების თუ პალატაში ყოფნის პერიოდში, ხმაც იწერება, თუმცა, წვდომას ამ ხმაზე ვერც ჩვენ და ვერც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ მიიღებს, ამის მოლოდინი არ გაგვაჩნია,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ