დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის ადამიანები, ვინც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან აღმოჩნდნენ, ურთულეს პირობებში ცხოვრობენ“ 26.01.2022 16:29

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის „ევრონიუს“-ის (Euronews) ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ (ტექსტური ვერსია ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა სათაურით „ქართველები გმობენ იმ ბოროტმოქმედებას, რომლებიც რუსული ოკუპაციის პირობებშია ჩადენილი“), რომელშიც შიდა ქართლის მხარეში, კონფლიქტის (ოკუპაციის) ზონაში შექმნილი სიტუაციაა გადმოცემული.

 

„დღეს ქართველები და უკრაინელები ამბობენ, რომ ისინი ერთ ბედქვეშ არიან. ისევე როგორც უკრაინელები, ქართველებიც რუსეთთან 14 წლის წინ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გმობენ იმ საოკუპაციო პოლიტიკას, რომელსაც მოსკოვი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს.

 

2008 წლის ზაფხულში რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სეპარატისტული რეჟიმის დასახმარებლად. რუსები საბოლოოდ, საფრანგეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების ძალით, დაკავებული ტერიტორიიდან, ნაწილობრივ გავიდნენ, მაგრამ მოსკოვი მაინც ინარჩუნებს თავის ძლიერ გავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

 

„ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევის წინაშე, უკვე მრავალი წელია, რაც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში“, - აცხადებს დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

„საქართველო, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საზღვარი“. თვითგამოცხადებული „რესპუბლიკა“ იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, თუმცა დე-ფაქტოდ „დამოუკიდებელია“ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კავკასიური ომის შემდეგ. მისი „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რუსეთმა და კიდევ ორიოდე ქვეყანამ აღიარა, მაგრამ არა ევროკავშირმა.

 

რუსების მიერ გაბმულ მავთულხლართებთან

 

ჩვენმა კორესპონდენტმა გიორგი ბოლქვაძემ მოინახულა პატარა სოფელი დვანი, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საზღვრის“ ხაზზე მდებარეობს.

 

გიორგი ბოლქვაძე, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი: “მე ახლა სოფელ დვანში ვიმყოფები, საოკუპაციო ხაზთან… ჩემს უკან, თქვენ ხედავთ მავთულხლართებით გავლებულ პირობით საზღვარს… მას ნელ-ნელა აცოცებენ რუსი ჯარისკაცები და სულ უფრო მეტი ტერიტორია რჩება მავთულხლართების მიღმა. ეს მერაბ მეკარიშვილის სახლია, რომელიც 2008 წლის ომის დროს გადაწვეს. შემდეგ როცა გამყოფი ხაზი გადმოსწიეს, ამ სახლის აღდგენისა და აქ ცხოვრების უფლება მას აღარ მისცეს. მერაბ მაკარიშვილი იძულებული გახდა, მავთულხლართებიდან მოშორებით, 100 მეტრში ახალი სახლი აეშენებინა თანასოფლელების დახმარებით”.

 

მერაბ მეკარიშვილის ამ ახალ სახლსაც, რუსი სამხედროები ამაღლებული გორაკიდან დაჰყურებენ და  24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. რუსეთმა 2008 წლის შემდგომი დროს იმისთვის გამოიყენა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთთან ერთად, სამხედრო ციხე-სიმაგრედ გადაექცია - იმ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, რომელიც ევროკავშირის მეშვეობით დაიდო.

 

აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ დისლოცირებულ რუსეთის ჯარებს საქართველოს დაპყრობა მოკლე დროში შეუძლიათ - ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ ნატო ქვეყნის თავის რიგებში მიღებას გამოაცხადებს.

 

ქართული მასმედია არაერთხელ იტყობინებოდა, რომ [რუსების მიერ დაწესებული] გამმიჯნავი „საზღვრები“ ნელ-ნელა, მცოცავ რეჟიმში, საქართველოს სიღრმეში მოიწევენ - გლეხებს თავიანთი მიწების დამუშავების შესაძლებლობა არ აქვთ, სოფლები შუაზეა გაყოფილი...

 

ადამიანთა დაკავება-გატაცებები ე.წ. „საზღვრის“ გასწვრივ

 

დღეს აქ სროლის ხმა არ ისმის, თუმცა მცოცავი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან დღემდე ხშირად იტაცებენ ადამიანებს.

 

„ადამიანების წაყვანა და გატაცება ხდება ხოლმე გაურკვეველ ვითარებაში. ყველა იძახის რომ ჩვენ ტერიტორიაზე ვიყავით და გადაგვიყვანესო. თითქოს გაურკვეველია რა ადგილიდან წაიყვანეს და როგორ, ზოგი იძახის, რომ პირდაპირ ბაღიდან, ხიდან ჩამომიყვანეს და წამიყვანესო“, – ამბობს დვანელი ილია კობახიძე.

 

ჟურნალისტი გოგა აფციაური გორში ცხოვრობს და 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ყოველდღიურად მუშაობს. მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება აქ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

 

„უკვე 14 წელია ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ის ადამიანები ვინც აღმოჩნდნენ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, ურთულეს პირობებში ცხოვრობენ, თითქმის ყოველდღიურად, შეიძლება ასეც ითქვას, კარგავენ საძოვრებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთებს, ტყის მასივებს და ა.შ.  გარდა ამისა გატაცებების შემთხვევები, ისეთ ადგილებში, სადაც არის გამყოფი ღობეები და მავთულხლართები არ არის, იქ მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აკავებენ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“, - გვიამბობს გოგა აფციაური.

 

ნატოს წევრობა - უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი სურვილი

საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველმა გამოცადა რუსეთის სამხედრო აგრესია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა, დღემდე ვერ უბრუნდება საკუთარ სახლებს. შემდეგ კი იყო უკრაინა, და ვითარება მის საზღვრებთან კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დღეს საქართველოს და უკრაინას საერთო პრობლემები და საერთო, ევროატლანტიკური მისწრაფებები აერთიანებს.

 

უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში, სოფელ დვანში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ახალი ომი აღარ იქნება და რუსეთი ვეღარ შეძლებს გამყოფი ხაზებით დაყოს საქართველო ან ევროპის სხვა ქვეყანა.

 

შენიშვნა: ვიდეოსიუჟეტის ტექსტი გამოქვეყნდა აგრეთვე გერმანულ ენაზეც.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ