დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"მსოფლიოს მომავლის იმედით, პეკინში, ზამთრის თამაშებზე გიწვევთ" - ლი იენი 28.01.2022 11:38

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი, პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"სულ რაღაც ერთ კვირაში, პეკინი 2022 გაიხსნება. ოლიმპიური ცეცხლი, მთვარის კალენდრით ახალი ვეფხვის წლის შემობრძანებასთან ერთად, აგიზგიზდება. მოუთმენლად ველით მსოფლიო ზამთრის სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას. იმედი გვაქვს, საერთაშორისო ოლიმპიური საქმის წინსვლა მსოფლიო მშვიდობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 

ზამთრის თამაშები ჩინეთის მიერ დანაპირების შესრულების დასტურია

 

პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა: „ჩინეთი მწვანე, თანასარგებლიანი, ღია და პატიოსანი გზით ჩაატარებს ოლიმპიადას. ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა პეკინის ზამთრის ოლიმპიადა იყოს შესანიშნავი, არაჩვეულებრივი და გამორჩეული ღონისძიება.“ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში საორგანიზაციო ოლიმპიური კომიტეტი „მწვანე, თანასარგებლიანი, ღია და პატიოსანი“ კონცეფციის და „მარტივი, უსაფრთხო და შესანიშნავი“ თამაშების მოთხოვნების შესაბამისადა სრულებდა მოსამზადებელ სამუშაოებს. დღეისათვის, მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრებულია. სპორტული დარბაზები და ინფრასტრუქტურა გამართულია. თამაშების ჩასატარებლად ტექნიკური უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზეა. მომსახურების უზრუნველყოფისათვის ყველა წვრილმანი გათვალისწინებულია. კოვიდ-19-ის გამოწვევაზე რეაგირებისათვის მეცნიერული მიდგომა შემუშავებულია. 

 

ამავდროულად, ჩინეთი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობით, ხელს უწყობს ზამთრის სპორტის განვითარებას. უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ყინულის მოედნებსა და სათხილამურო ტრასებს. ზამთრის სპორტი სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს. შედეგად, „სამასი მილიონი ადამიანის ზამთრის სპორტში ჩართვის მიზანი“ შესრულებულია. ზამთრის ინდუსტრიის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ზამთრის ოლიმპიადასთან და ურბანულ განვითარებასთან და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კეთილდღეობა მოაქვს. ეს არის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ზამთრის მსოფლიო სპორტისთვის და ოლიმპიური მოძრაობისთვის.

 

ერთობითა და თანამშრომლობით ვიმღეროთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმღერა

 

ეს არის პირველი ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც მას შემდეგ ტარდება, რაც „მეტი ერთობა“ ოლიმპიურ დევიზს ოფიციალურად დაემატა. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. კოვიდ-19 კვლავ აგრძელებს გავრცელებას, ქვეყნებს შორის ნდობის კრიზისი, დაპირისპირება და კონფლიქტები ხშირია, პოლიტიკური კაკოფონია ამ ბრწყინვალე სპორტულ ღონისძიებასაც კი შეეხო. 

 

როგორც მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიება, ოლიმპიური თამაშები კაცობრიობის ერთიანობისა და მეგობრობის სიმბოლოა. ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მრავალი ქვეყნის საზოგადო მოღვაწეებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას მხარი დაუჭირეს და  სპორტის პოლიტიზების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერის დემონსტრირებაა. იგი საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტილებას ასახავს, რომ სირთულეების დროს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ,  ეპიდემიის დასამარცხებლად უნდა ვითანამშრომლოთ და მშვიდობა უნდა დავიცვათ.

 

იმ დროს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე საუკუნის განმავლობაში არნახული ცვლილებები და კოვიდ-19 ეპიდემია ერთმანეთს ერთვის, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, წარმატებით ჩატარდება. ეს  პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობას გააღრმავებს და „მეტი ერთობის“ ოლიმპიური დევიზი ყოველმხრივ გაბრწყინდება.

 

ოლიმპიური სულისკვეთებით ერთად მომავლისკენ

 

პეკინის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მომზადების პროცესი, ჩინეთის მიერ გაცემული დაპირების შესრულებისა და სწრაფი განვითარების პროცესი იყო. რაც მთავარია, მსოფლიოსათვის ჩინური გეგმების, ჩინური სიბრძნის და ჩინური ღვაწლის გაზიარების პროცესი იყო. „ერთად მომავლისკენ“ - პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ამ ლოზუნგით, მსოფლიოს სიმბოლური შეკრებისთვის, გასაზიარებლად და მომავლის ერთად შესახვედრად ვიწვევთ. პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მთელი მსოფლიოსათვის გასაგები სპორტული ენითა და სულისკვეთებით ხელს შეუწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ინიციატივას.

 

პეკინი იქნება მსოფლიოში ერთადერთი ქალაქი, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. „პეკინი 2008“-დან „პეკინი 2022“-მდე, იგივე მსოფლიო, იგივე ოცნება, იგივე მომავალი, ჩინეთის პოზიცია ნარჩუნდება. ერთი კვირის შემდეგ, პეკინი მსოფლიოს აჩუქებს „მარტივ, უსაფრთხო და შესანიშნავ“ სპორტულ სანახაობას, სრულად გამოავლენს ოლიმპიურ სულისკვეთებას, შთააგონებს მსოფლიოს, რომ დაამარცხოს ეპიდემია და გამოვიდეს ჩიხიდან. 

 

მსოფლიო მოლოდინით შეჰყურებს ჩინეთს, ჩინეთი კი - მზად არის", - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ