დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ეს ინიციატივა მოსახლეობის გარკვეულ ფენას დანახარჯს გაუიაფებს" - რა ინიციატივით გამოდის პარტია "საქართველოსთვის“ 28.01.2022 12:46

პარტია "საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს, ვინც ავტობუსებით დღეში მხოლოდ ორჯერ გადაადგილდება შემოიღოს დამატებითი პაკეტი – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი, რაც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ყოველთვიურ დანახარჯს გაუიაფებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფები ძალაში 1-ელი თებერვლიდან შედის, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. გიორგი შარაშიძის განცხადებით, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში არ მივიდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხა.

 

„ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და კვლავ მისთვის კომფორტული ცალმხრივი კომუნიკაციით შემოიფარგლა, „ოცნების“ უმრავლესობამ კი ერთპიროვნულად დააკანონა გაზრდილი ტარიფები, რაც 1-ელი თებერვლიდან შედის ძალაში. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, ვინც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მხოლოდ 2-ჯერ და რომელთა ყოველთვიური დანახარჯი ტრანსპორტზე ძველი ტარიფებით არ აღემატებოდა 30 ლარს, შემოიღოს დამატებითი პაკეტი მხოლოდ ავტობუსით მგზავრობისთვის – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაძვირების ნაცვლად პირიქით, ოდნავ მაინც გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერს, რომ გასცეს მათ საჯარო პასუხი, ემხრობა თუ არა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას.

 

" კალაძეს ასევე შევახსენებთ, რომ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ! მივმართავთ მას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია, ემხრობა თუ არა თბილისის მერი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში და კონკრეტულად ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციული რისკებისგან დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას" , - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ