დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ვინც არ იყოს კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად" - გიორგი ცუცქირიძის ბლოგი 28.01.2022 12:54

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ გიორგი ცუცქირიძის ბლოგს:

 

რა დოკუმენტი გააგზავნა აშშ მ და ნატო-მ რუსეთის ულტიმატუმზე, მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება მსჯელობა. თუმცა არა მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. რუსეთის მთავარ დიპლომატს ბატონ ლავროვს თუ დავემოწმებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას რუსეთის მიერ, აშშ-სა და ნატო-გან უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე წერილობით პასუხებზე.

 

თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს რაუნდი მთლიანად დასავლეთმა მოიგო, რადგან რეალურად ეს იყო რუსეთის მხრიდან აშშ ის გამოწვევა და არა ევროპის ცალსახად. თავად ევროპის უსაფრთხოება რა დასამალია, ბრიტანეთის გამოკლებით, მთლიანად ნატო-ს ქოლგაზეა დამოკიდებული ანუ რეალურად აშშ ის სამხედრო ძლიერებაზე.

 

აშშ-მ ეს რაუნდი კი იმით მოიგო, რომ თემა გახსნა და მიუხედავად რუსეთისადმი გაგზავნილი დოკუმენტის ბოლომდე არ გასაჯაროებისა, ამ დოკუმენტის ძირითადი გზავნილების სულისკვეთება ჩვენ უკვე ვიცით. აშშ ის სახელმწიფო მდივნის გზავნილები ამის საშუალებას იძლევა. გაგზავნილი დოკუმენტი მისი ყველა სტრატეგიული პარტნიორის ინტერესთა ბალანსით არის წარმოდგენილი. აქ ბუნებრივია, საქართველოც იგულისხმება. ამიტომაც, არა მგონია ოცნების მიერ წარდგენილ რეზოლუციას და ამ რეზოლუციის ჩანაწერში რუსეთის ღიად დაფიქსირებას, რასაც ახლო ოპოზიცია სპეკულირებისათვის იყენებს, რაიმე საერთაშორისო პოლიტიკური რენომე ჰქონდეს!

 

რახან აშშ ის ჩვენდამი მხარდაჭერაზეა საუბარი, მსურს 1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ერთი მეტად საინტერესო ეპიზოდი გავიხსენო.  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ განახორციელა,   გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე!

 

ამ ისტორიულ  რეფერენდუმში, რაზეც დიდწილად დგას ჩვენი ტერიტორიული აღდგენის პერსპექტივაც, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

აღსანიშნავია, რომ  იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ჯესი ჰელსმა წარადგინა, ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, ამასთან, მოუწოდა სსრკ ის ხელმძღვანელობას ეღიარებინა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, დამოუკიდებელ სახელმწიფოს სურვილზე, და რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას და კაპიტოლიუმზეც საქართველოს დროშა აღიმართა!

 

ეს იმათთვის აშშ რომ ბოროტების სიმბოლოა და ზვიად გამსახურდიას დასავლეთი რომ მიუღებლად თვლიდა.

 

სწორედ თავისუფლების ევროატლანტიკური არჩევანი უპირისპირდება დღეს რუსულ ნეო იმპერიალიზმს, რომელსაც პუტინისტური რუსეთი წარმოადგენს!

 

შორეულ 1991 წელს, როდესაც მოსკოვში სსრკ ის მოდერნიზაციის საკითხი იხილებოდა, ე.წ  გორბის დოქტრინა იგივე 15 +0 სადაც ყველა მოკავშირე რესპუბლიკა ესწრებოდა, ბალტიის ჩათვლით გამოსვლისას ვიყავი რა პრეზიდენტ გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი, პირდაპირ განვაცხადეთ, რომ საქართველო რომელსაც ბალტიაზე ადრე უკვე ჰქონდა გამოცხადებული დამოუკიდებლობა, არ მიიღებდა არანაირ მსგავს პროექტში მონაწილეობას თუ სსრკ ის სამართალმემკვიდრე რუსეთი არ აღიარებდა საქართველოს ოკუპაციას, ბალტიის მსგავსად და არ შეეშვებოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიის გადაკეთების მცდელობებს. აქვე განვმარტავ, რადგან ეს ბევრმა  შეიძლება არც იცოდეს, რუსეთი ნებისმიერ ახალ გაერთიანებაში თუ ე.წ სოიუზნი დოგოვორში საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ე.წ სამხრეთ ოსეთის გარეშე განიხილავდა. 

 

აქედან გამომდინარე,  რუსეთთან ომს არავინ არ აპირებს, არც იაპონია,  რომლის კუნძულებიც დღემდე აქვს რუსეთს ოკუპირებული, და რომელიც ჩვენი არ იყოს, რუსეთის წამყვან სავაჭრო პარტნიორად განიხილება, თუმცა იაპონიის პოზიცია ამ ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ყოველთვის დგას დღის წესრიგში ნებისმიერი ოფიციალური თუ არაფორმალური მოლაპარაკებების დროს და ეს მიდგომა ჩვენთვისაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს!

 

სად იყო ნატო მაშინ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების  ალიანსმა გაფართოება 1997 წლიდან დაიწყო,  გამსახურდიას კი რუსებმა 1991 წელს თავხედურად შესთავაზეს, ახალი გაერთიანება აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ანუ ფაქტობრივად სახაროვ-ბონერის გეგმა, სადაც საქართველო მცირე იმპერიად იყო მოხსენიებული. რაც შემდგომში უკვე სსრკ ის სამართალმემკვიდრე რუსეთმა განახორციელა, ქართული ტერიტორიების ანექსიით და ეთნოწმენდით განხორციელდა და რაც ე.წ ბორდერიზაციით დღემდე გრძელდება არის ამ ველიკოდერჟავური პოლიტიკის გაგრძელება.

 

აქედან გამომდინარე, ზვიად გამსახურდიას დადანაშაულება, თითქოსდა მისი რუსეთთან უაზრო დაპირისპირება გახდა შემდგომში აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დაკარგვის ფაქტორი, არის სახელმწიფო გადატრიალების და შევარდნაძის  მოღალატეობრივი მრწამსის გამართლება. გამსახურდიას ვითომ ნაციონალისტობა და ავტორიტარიზმისაკენ გადახრა, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა დღევანდელი ვითომ პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი, და არა მხოლოდ,  მაშინაც რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელი იყო და დღესაც რჩება.

 

რუსეთის იმპერიის რეანიმაციის მცდელობა არის ისტორიის წინააღმდეგ სვლა, რაც მალე პუტინისტური ნეო იმპერიული ილუზიების სრული მსხვრევით დასრულდება.

 

ერთა თავისუფალ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს!

 

"ვინც არ იყოს კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად"

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ