როგორც თურქული გაზეთის „ენი შაფაკის“ (Yeni Şafak) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი (სათაურით „რუსეთ-უკრაინის თუ რუსეთ-თურქეთის ომი? რა თამაშები მზადდება შავ ზღვაზე“, ავტორი - იბრაჰიმ ყარაგიული), უკრაინის კრიზისი მხოლოდ კიევსა და მოსკოვს არ ეხება, მას უფრო მასშტაბური მიზანი აქვს: დასავლეთი ომში მთელი შავი ზღვის რეგიონის ჩათრევას ცდილობს და თუ აშშ-ევროპის გეგმა განხორციელდება, ეს ახალი ყირიმის ომი იქნება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:
„ჩვენ ომების წინაშე ყველა მიმართულებით აღმოვჩნდით: სამხრეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთში და ახლა უკვე ჩრდილოეთითაც. ერთი მხრივ ნატო-ევროპა-აშშ-სა და მეორე მხრივ, რუსეთის დაპირისპირება კიდევ ერთი ქვეყნის ოკუპაციის მომასწავებელია.
უკრაინა, სამწუხაროდ, იმ მსხვერპლშეწირვის მაგალითია, რომლის მეშვეობით, რუსეთი თავის პოზიციებს შავ ზღვაზე და აღმოსავლეთ ევროპაში განიმტკიცებს. და ამ დროს აშშ და დასავლეთი ცდილობენ თავიანთი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე უზრუნველყონ - უკრაინას „აღმოსავლური საფრთხის“ წინა ხაზად წარმოსახავენ.
სხვათა შორის, დასავლეთი თურქეთსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა როგორც „ფრონტისპირა ქვეყანას“. ეს ამერიკისა და ევროპის უცვლელი მეთოდია. ახლა იმავენაირად განიხილავენ უკრაინის როლსაც - „აღმოსავლეთის ფრონტის“ სახით.
დასავლეთისთვის უკრაინის ბედი სულ ერთია. უკრაინაში რომც წააგონ, ისინი ფრონტს სხვა რეგიონში შექმნიან. აქედან გამომდინარე, დასავლეთისთვის ყოველი ერისა და ხალხის ფასი იმდენად არის საინტერესო და საჭირო, თუ რამდენად ჯდებიან ისინი დასავლეთის ინტერესებსა და მიზნებში.
ნატოსა და ამერიკის გეგმები რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ჯერ-ჯერობით უშედეგოა. ავღანურმა სირცხვილმა ვაშინგტონ/ბრიუსელის რეპუტაცია ძალიან დააზიანა. ბევრი ხალხი და სახელმწიფო მიხვდა, რომ დასავლეთის იმედზე ყოფნა საბოლოოდ მათ ისეთ ბედს უმზადებს, რომელიც ავღანელებმა იგემეს - „თვითმფრინავის შასზე ჩაჭიდებას და ჩამოვარდნას“. სავარაუდოდ, ავღანეთის ეპოპეა დასავლეთისთვის 21-ე საუკუნეში განცდილი ყველაზე დიდი დანაკარგი იქნება.
რუსეთი უკრაინის ოკუპირებას მთლიანად არ მოახდენს, მაგრამ მის აღმოსავლეთ ნაწილს სრულად გააკონტროლებს, ანუ ქვეყნის ტერიტორიას გაყოფს. დასავლეთი არ დაიცავს უკრაინას ყოველი ფასით. დასავლეთი მხარს დაუჭერს განსაზღვრულ მომენტამდე, შემდეგ მარტოდმარტოს მიატოვებს.
ომი უკრაინასთან შავ ზღვაზე ომს ნიშნავს, თანაც მას ძალიან ფართო და სახიფათო შედეგები ექნება. შავი ზღვა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთად გადაიქცევა. თუ ამერიკა და ევროპა შავ ზღვაზე ყოფნა საბოლოოდ გადაწყვეტენ, ისინი აქედან აღარ გავლენ. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ იმ რეგიონების ქვეყნები, სადაც ამერიკა და ევროპა შედიან ხოლმე, დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურობას კარგავენ.
მოკლევადიან პერსპექტივაში შავ ზღვაში ამერიკისა და ევროპის შესვლა რუსეთის წინააღმდეგ თურქეთისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს, მაგრამ არა არის გამორიცხული, რომ ყველაფერი პირიქით მოხდეს და თურქეთი დაზარალდეს. ომი ყველა ქვეყანას შეეხება - მოლდოვას და რუმინეთს, ბულგარეთს და საქართველოს. ისინი მეტად თუ ნაკლებად „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ომის“ მხარედ იქნებიან წარმოდგენილნი.
და რასაკვირველია, უკრაინის ომის ერთი-ერთი ცხელი ადგილი თურქეთი იქნება. თურქეთი - როგორც ნატოს წევრი, დასავლეთის მოკავშირე და იმავდროულად რუსეთთან ახლოს მდგომი, რომელიც უკრაინასაც ეხმარება... მოკლედ, თურქეთი მოვლენების ცენტრშია.
მოდით, გავიხსენოთ, ის დღეები, როცა სირიის ომი დაიწყო. იმ პერიოდში ამერიკისა და ევროპის პირველ მიზანს თურქეთ-რუსეთის ომის გაჩაღება წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი იქნა გამოყენებული - თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტები, „ფეთულაჰისტების“ (FETÖ-ელების) პროვოკაციები, ქურთ ტერორისტებთან შეტაკებები... 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალება რომ წარმატებით დასრულებულიყო, რუსეთ-თურქეთის ომი ნამდვილად დაიწყებოდა.
დღეს იმავეს გაკეთებას ცდილობენ. უკრაინა რუსეთს ვერ შეაჩერებს, თურქეთს კი ეს შეუძლია - აი, ასეთია მათი გათვლა. თუ ეს გაუვათ, ესე იგი, ომი გარდაუვალი იქნება, რომელიც ორივე ქვეყანას გაანადგურებს, გამარჯვებულები კი აშშ და ევროპა დარჩებიან. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს ყირიმის ომის თანამედროვე მოდელთან!
რის გაკეთება შეუძლია თურქეთს?
იმ დროს, როცა რუმინეთი უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად ემზადება, თურქეთს შემდეგი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორმე შეარბილოს კრიზისი და შეეცადოს, რომ ომი თავიდან იქნეს აცილებული. ამისათვის საჭიროა, რომ აშშ და ევროპა შავ ზღვაში არ უნდა შემოვიდნენ; თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ყველანაირ ფასად უნდა შენარჩუნდეს; მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის მთლიანობას და თავდაცვას. იმიტომ, რომ ჩვენ „აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტებს“ წარმოვადგენთ. უკრაინა დაჩაგრული ქვეყანა და ერია. მას დაცვა ჭირდება, მაგრამ ისე, რომ უკრაინელები ჯოჯოხეთურ ცეცხლში არ აღმოჩნდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული განტოლებაა. თურქეთი ის სახელმწიფოა, რომელსაც „ამ მხარედ“ და „იმ მხარედ“ ვერ მოიხსენიებ. თურქეთს ძალა აქვს.
მჯერა, რომ თურქეთის პოლიტიკური გონება ამ განტოლებას ჩასწვდება და ამოხსნის, თანაც ეფექტურად. ამას ჩვენ გეოგრაფია გვკარნახობს. დასავლეთს სუსტი პოზიციები აქვს, მაგრამ აზროვნებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს და შეუძლია ანკარა და მოსკოვი ერთმანეთს დააჯახოს. ეს არ უნდა დავუშვათ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge