დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ბლექ სი არენა“ სეზონს 28 მაისს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის 28.01.2022 18:10

28 მაისს „ბლექ სი არენა“ (Black Sea Arena) სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის.

კონცერტის ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან ვებგვერდის – www.bsa.ge საშუალებით შეგიძლიათ.

 

ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება. ორგანიზატორების ცნობით, კონცერტი კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

 

„OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, პირველ მნიშვნელოვან წარმატებას კი, ხუთი წლის შემდეგ, კომპოზიცია Apologize-ით მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

პარალელურად, ჯგუფის ვოკალისტი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე იყო – მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce-ის, Adele-ის, Maroon 5-ის და Leona Lewis-ის დისკოგრაფიებში მოხვდა. ამის მიუხედავად, OneRepublic-ის წარმატებული სვლა არ შენელებულა. 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელშიც ისეთი კომპოზიციები შედის, როგორიცაა All the Right Moves, Secrets და Good Life. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. სამ მილიარდიანი მსმენელით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით, Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი, ბენდი კი ახალი თაობის საყვარელი პროექტი გახდა“, – აცხადებენ საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციაში.

 

Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაყურებელს დასამახსოვრებელ დაბრუნებასა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს პირდებიან.

 

„Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის რომ 2022 წლის თავგადასავლის არც ერთი პუნქტი არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გაგაცნობთ. Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. ბოლო წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან:

Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად, Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს, ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, – აღნიშნულია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ