დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

რუსეთი საქართველოს საპროტესტო ნოტას უგზავნის 29.01.2022 01:50

 

რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის.

 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.

 

„ინციდენტი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ ანტირუსული პოლიტიკური აქცია გამართა, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის სიახლოვეს. დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ზაიცევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელსაც გაეგზავნა.

 

„მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. მსგავსი გზავნილი გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს. განყოფილებაში ელექტრომომარაგება ამჟამად სრულად აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ზაიცევმა.

 

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს" ორგანიზებით  უკრაინის მხარდამჭერი აქცია - „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ