დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

„პუტინს ძალიან უჭირს“- როგორ შეიძლება განვითარდეს უკრაინის ირგვლივ მოვლენები

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო მობილიზება, რუსეთი კი ისევ აგრესიით იმუქრება. როგორც უცხოური მედია წერს, "რუსეთი თავისი პოლიტიკით ალიანსის გაფართოებას მიიღებს, რომლის შეჩერება კრემლს ძალიან სურს“ (The Times).

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მოკავშირეების ძებნა დაიწყო.  ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა 4 თებერვალს, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ეპოქაში შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. დოკუმენტის ძირითად დებულებებს შორის არის განცხადებები იმაზე, რომ მოსკოვი და პეკინი: აპირებენ დაუპირისპირდნენ სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში გარე ჩარევას, შეეწინააღმდეგონ მსოფლიო უსაფრთხოების შელახვას და „ფერად რევოლუციებს“. ამასთან დაკავშირებით მხარეები: ეწინააღმდეგებიან ნატო-ს შემდგომ გაფართოებას; მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას „ცივი ომის“ ეპოქის იდეოლოგიურ მიდგომებზე;

 

გერმანული გამოცემა Deutsche Welle კი წერს, რომ "უკრაინის კრიზისი რუსეთს ჩინეთთან „ჩახუტებისაკენ“ უბიძგებს".

 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? შესაძლებელია, თუ არა რომ უკრაინაში ომი დაიწყოს?

 

ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, - გიორგი მუჩაიძე ესაუბრა.

 

- ზუსტად პროგნოზირება რთულია,  თუმცა, ომის დაწყება დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, იმაზე, თუ რამდენად  ერთიანი იქნება დასავლეთის პოზიცია და რამდენად მტკიცე, - რუსეთის შესაძლო აგრესიის პირობებში, სერიოზული სანქციების განხორციელების კუთხით.  მოგეხსენებათ, რომ სეროზული კონსულტაციები მიდის, მათ შორის ვიზიტიც არის ჩანიშნლი ამერიკაში  გერმანიის კანცლერის. შესაბამისად, აქამდე უკვე შეთანხმებული პოზიციების განმტკიცება ხდება, რათა, შიდა გამყოფი ხაზების გარეშე წარსდგეს დასავლეთი საკუთარი პოზიციით.  უნდა შეაჯერონ აგრესიის შემთხვევაში კონკრეტულად რა სანქციებს დაუწესებენ რუსეთს.   მოგეხსენებათ, რომ სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედება  მოხდა. აღმოსავლეთ ფლანგზე  სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების  გადასროლა მიმდინარეობს,  ნატოს მოკავშირეების უზრუნველსაყოფად.  პოზიციების შეკვრა და შეთანხმება უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს  განსხვავებული პოზიციები და ამით არ ისარგებლოს პუტინმა, არ მიეცეს საბაბი/სტიმული, რომ განახორციელოს ეს აგრესია.

 

- რას მოასწავლებს რუსეთ - ჩინეთის გაერთიანება? შესაძლოა, ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს დაეხმაროს?

 

- ჩინეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აქვს ინტერესების ფარგლებში.   ერთ-ერთი ტაივანის საკითხია, რომელიც, რამდენიმე განზომილებიანია. უკრაინის სიტუაციას შევხედავთ, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ცუდი პრეცედენტია, ტაივანთან დაკავშირებით ჩინეთისათვის.  აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა სახელმწიფოსთვის იქცევა  ჩვეულებრივ წესად. 


რუსეთთან ჩინეთს ბევრი  საერთო აქვს, ძირითადი მოწინააღმდეგე დასავლეთია და თავისუფალი სამყარო. შესაძლებელია, რომ რაიმე სახის განცხადებები გაკეთდეს, მაგრამ კონკრეტულად ჩარევის კუთხით ნაკლებად სავარაუდოა, - თუნდაც მანძილითაც და  სამხედრო კუთხითაც. ნატოს პოტენციალი  გაცილებით  აჭარბებს რუსეთისა და ჩინეთისას.  არ მგონია რაიმე კონკრეტული ჩარევა მოხდეს, თუმცა, პოლიტიკური განცხადებები იქნება. დღესდღეობით, პუტინს ძალიან უჭირს და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად დახმარების ხელის გამოწოდებაც იყო პუტინის მიმართ ამ იზოლირებულ მდგომარეობაში, როდესაც მთელი  ცივილიზებული სამყარო კიცხავს მას და ერთიანდება  მისი აგრესიული ნაბიჯების წინააღმდეგ.

 

- რუსეთი და ჩინეთი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ხომ არ შეიძლება დასავლეთისა და რუსეთ- ჩინეთის დაპირისპირების იარაღები გავხდეთ პატარა ქვეყნები - თუნდაც უკრაინა და საქართველო?

 

- ჩვენთვის  მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, რადგან,  თუ ასეთ დიდ სახელმწიფოს მოერია რუსეთი და ეს შერჩა, წარმოიდგინეთ, შემდეგ ჩვენ ადვილად მოსანელებელი ლუკმა ვიქნებით. მნიშვნელოვანია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი არ უნდა დაირღვეს, მათ შორის - არც ტერიტორიული მთლიანობა და უნდა მოხდეს საზღვრებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა.


მთავარი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელზეც დღესდღეობით საერთაშორისო  უსაფრთხოება და ურთიერთობაა აწყობილი, არ უნდა ჩამოიშალოს. რუსეთს ეს აგრესია თუ შერჩა - ყველაფერი მოიშლება და საერთაშორისო ურთიერთობების ჯუნგლებში  წესების გარეშე გადავინაცვლებთ,.  ჩვენ არ ვდგავართ ამ ქვეყნების შუაში. ეს არის უკრაინის ძალიან პრინციპული სიტუაცია და საკითხი, რომლის დათმობაც რუსეთთან არანაირად არ შეიძლება,   რადგან ამას მთელი უსაფრთხოების  სისტემის ჩამოქცევა მოჰყვება, რომელზეც დგას არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება.

 

- ამ ფონზე რა შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს?


ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის, რომ მაქსიმალურად საკუთარი პოტენციალი, რაც აქვს, თუნდაც რეფორმების განხორციელება, საგარეო აქტივობა, უკრაინის მხარდაჭერა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი წინ  წამოწიოს.


ერთი მხრივ, შესაძლოა ზედმეტი ესკალაციის გამომწვევ ნიშნებად მიიჩნეოდეს. რეალურად თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ ეს საკითხები  წინ არ  წამოიწია და ამ თემაზე მუშაობა არ განხორციელდა, ასეთ სიტუაციებს, რუსეთი მუდმივად შექმნის ევროპაში. "არ გაღიზიანების" პოლიტიკას თუ მივყვებით და ჩვენს საკითხს ჩამოვაჩოჩებთ ნატოს დღის წესრიგიდან, ეს რუსეთთან სალაპარაკო  კომპრომისის საკითხი შეიძლება  გახდეს. საბოლოოდ კი,  ეს ჩვენი უსაფრთხოების არა უზრუნველმყოფი,  არამედ დამაკნინებელი იქნება.


ანალიზს თუ გავაკეთებთ, ქვეყნები, რომლებიც ამ მიმართულებასა და პოლიტიკას მისდევდნენ (ბალტიისპირელები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), ისინი დღეს გაცილებით დაცულები არიან, (გახდნენ კიდეც ალიანსის წევრები)  ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთთან ყველაზე ახლო ურთიერთობის პოზიცია დაიჭირეს.  თუნდაც ბელორუსი, სომხეთი, რომელსაც  უსაფრთხოების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული რუსეთთან. ბელორუსში რა ხდება ყველამ კარგად ვიცით. ეს ახლო ურთიერთობა, საბოლოოდ, არავისთვისაა სასარგებლო.


ნატოში გაწევრიანების თემაც არ არის რუსეთისთვის გადამწყვეტი. მაგალითად, მოლდოვამ 1994 წლიდან ნეიტრალურად აღიარა საკუთარი თავი და კონსტიტუციაში ჩაწერა. გამოიყვანა რუსეთმა ჯარები დნესტრისპირეთიდან?  - არა.  უკრაინელებმა იანუკოვიჩის დროს, პრორუსი პრეზიდენტი როცა ჰყავდათ, ნატოში არ გაწევრიანებასთან დაკავშირებით კანონი მიიღეს.  მიუხედავად ამისა, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ვხედავთ მოლდოვაშიც და უკრაინაშიც.  მაშინ პუტინმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე აუკრძალა ხელის მოწერა, ამას მოჰყვა მაიდანის მოვლენები. აქ ნატოსა და ევროკავშირზე არაა საუბარი. უბრალოდ, ცივილიზებული სამყაროს ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იგივე  უკრაინასა და საქართველოში, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა განვავითაროთ, ფეხზე დავდგეთ ეკონომიკურად  და დემოკრატიულად. შესაბამისად, ჩვენი მოძლიერება  არ აწყობს რუსეთს, უბრალოდ ნატო და ევროკავშირი კი არა, დასავლეთის ჩართულობა არ მოსწონს, რადგან თავის გავლენის ზონის ქვეშ ვეღარ ვიქნებით  და თათს ვეღარ დაგვადებს.


ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, მეტი ძალისხმევა  დავხარჯოთ იმ წინაპირობების შესასრულებლად, რაც  არის საჭირო ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საგარეო აქტიურობა, იმ კუთხით რომ ჩვენი პრობლემები უკრაინასთან ერთად წინ წამოვწიოთ. დღეს, უკრაინაა ცენტში, გასაგებია რატომაც, მაგრამ ჩვენმა საკითხმა ნაკლები აქტიურობის გამო ქვევით ჩამოიწია. რადგან იმ პოლიტიკას, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ეწევა ჰქვია - "რუსეთის არ გაღიზიანების" პოლიტიკა.


სწორედ ჩვენზე და უკრაინაზეა დამოკიდებული, რამდენად წინ წავალთ ინტეგრაციის პროცესში.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ