დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გაიმართება თუ არა რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩი - რას აცხადებენ რაგბის ფედერაციაში 24.02.2022 14:01

27 თებერვალს, თბილისის „დინამო არენაზე“, საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს. აღნიშნული მატჩი მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც, თუ საქართველოს რაგბის ნაკრები ამ თამაშში რუს მეტოქეს დაამარცხებს, ბორჯღალოსნებს საფრანგეთის საგზური, ასე ვთქვათ, "დაბევებული" ექნებათ.

 

თუმცა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი, მატჩის გადადების ინიციატივით გამოდის. 

 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი, რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ რაგბის მატჩს პოლიტიზებული სახე მისცა.  მაგალითად, პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" 27 თებერვალს, "დინამო არენის“ ტერიტორიაზე, გულშემატკივრებისთვის უკრაინის დროშების დარიგებას გეგმავს, რათა რუსეთის წინააღმდეგ მატჩისას, ტრიბუნებზე უკრაინის დროშებიც მრავლად ფრიალებდეს.

 

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციას გეგმავს, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია.

 

რაგბის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა, კახა კალაძემაც:

 

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.

 

იმისთვის, რომ გაგვერკვია რამდენად შესაძლებელია შექმნილ სიტუაციაში რუსეთ-საქართველოს რაგბის თამაში ჩატარება, "ჯორჯიან თაიმსი" რაგბის კავშირს დაუკავშირდა.

 

„ამ ეტაპზე, თამაშთან დაკავშირებით მედიასთან კონტაქტს ვერიდებით, რადგან, ჯერჯერობით, კვირას დაგეგმილი თამაშის ბედი გადაწყვეტილი არ არის. ამასთან, რამდენიმე მოლაპარაკებაა დღეს დაგეგმილი და სავარაუდოდ, ხვალ გვექნება ზუსტი ინფორმაცია 27 თებერვალს დაგეგმილი რაგბის თამაშის შესახებ,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას რაგბის კავშირის წარმომადგენელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ