დღე: 29

ღამე: 15

USD 2.7311

EUR 3.1186

რა სახის ეკონომიკურ სარგებელს ნახავს საქართველო რუსულ ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანის შემთხვევაში 07.03.2022 17:13

 

რუსეთი ქართული რძის მწარმოებელ 15 კომპანიას რუსულ ბაზარზე პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობს. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის ნება დართო. გამოცემა „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

 

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში" რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ მოლაპარაკებების არსებობა დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე. სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.


"2020 წლიდან  მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში." – ნათქვამია სააგენტო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რია ნოვოსტისცნობით, „როსსელხოზნადზორმასაქართველოს გარდა შეზღუდვა თურქეთიდან, ჩინეთიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ სხვადასხვა პროდუქტებზეც მოხსნა. გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საფუძველზე მიიღეს, რამაც რუსეთის ეკონომიკაზე უკვე ნეგატიური გავლენა იქონია. სანქციების კუთხით საქართველოს მთავრობამ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა უკვე და პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების მოტივით, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს არ დააწესებს. ახლა კი, როდესაც რუსეთი საექსპორტო ბაზარს გვიხსნის და ქართული პროდუქციის შეტანას გვთავაზობს, გამოიყენებს თუ არა ამ შესაძლებლობას მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.


მანამდე, გამოცემა დაინტერესდა, - რა სახის ეკონომიკურ მოგებას ნახავს საქართველო რუსულ ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანის შემთხვევაში და უღირს თუ არა ქვეყანას საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება.


როგორც "ჯორჯიან თაიმსთან" ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, საქართველოში რძის პროდუქტები უფრო მეტად იმპორტით შემოდის, შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს რესურსი, რძის პროდუქტების ის რაოდენობა გაიტანოს საზღვარგარეთ, რასაც, ქართულ ეკონომიკაზე ცვლილების მოხდენა შეუძლია.


ანდრია გვიდიანი რუსეთის ინიციატივას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ რძის პროდუქტების წარმოება არასდროს ყოფილა საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული სარგებლის მომტანი.


"ზოგადად, ქართული რძის პროდუქტების წარმოება დიდი მასშტაბების არაა. პირიქით, დამოკიდებულიც კი ვართ სხვადასხვა ქვეყანაზე და მათგან რძის პროდუქტების იმპორტს ვახორციელებთ. შესაბამისად, ეს საკითხი ქართულ ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს. უბრალოდ, არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ მასიური ექსპორტი დავიწყოთ საზღვარგარეთ და მათ შორის - რუსეთში.


ეს გაუაზრებელი განცხადება იყო რუსული მხრიდან. ბაზრის გაფართოებასთან დაკავშირებით, მრავალი წელია მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რძის პროდუქტების გარდა, საკითხი ეხებოდა ასევე ბორჯომისა და ღვინოს გატანასაც. ამ საკითხზე მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა და უბრალოდ, დღეს გაჟღერდა. შესაბამისად, ეს მიმდინარე პროცესებთან არანაირ კავშირში არაა და აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ამ საკითხს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირი დატვირთვა არ აქვს, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რუსეთის გადაწყვეტილების შეფასება. ყოველ შემთხვევისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის საქართველოსთვის ეკონომიკის კუთხით რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება,"– განაცხადა ანდრია გვიდიანმა.


ამასთან, გამოცემა დაინტერესდა, საერთაშორისო სანქციების ფონზე, რა პოზიცია აქვთ თავად რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს. როგორც გამოცემას "რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორმა, კახა კონიაშვილმა განუცხადა, რუსული ბაზრის გახსნა ქართული კომპანიებისთვის ეს რუსეთის ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილებაა და ამ გზით ცდილობს, სანქციების გამო პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან შეიტანოს. კონიაშვილი განმარტავს, რომ ბაზრის გახსნის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს ავტომატურად რუსეთის ფედერაციაში ქართული კომპანიების მხრიდან საკუთარი პროდუქციის შეტანას ნიშნავს.


"მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისთვის გახსნილიყო, წლების წინ დაიწყო. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იმისთვის, რომ სახელმწიფოს ქართული კომპანიებისთვის ხელი შეეწყო და ექსპორტი განეხორციელებინათ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებში და .. ამ ვითარებაში, ისე მოხდა, რომ რუსეთის მხარემ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ბაზარზე ქართული კომპანიები დაუშვა და უფლება მისცა, თავისი პროდუქცია შეიტანონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა იმ სანქციებიდან გამომდინარე, რომელიც მათ დაუწესეს და ამის ფონზე ცდილობენ, სხვა ქვეყნებიდან რამენაირად შეიტანონ პროდუქტი.


რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი ყველა წევრის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ვითარებაში რუსეთის ფედერაციაში არანაირ ექსპორტს არ ვაპირებთ. დამოუკიდებლობის მანძილზე, საქართველოდან რუსეთში არასდროს მომხდარა რძის პროდუქტების ექსპორტი. როდესაც სახელმწიფო საექსპორტო ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარი როცა გაიხსნება, რომელიმე კომპანია ავტომატურად მოახდენს იქ წარმოების შეტანას. ექსპორტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არიან კომპანიები მზად, პროდუქტი გაიტანონ უცხოურ ბაზარზე. მშვიდობიანობის პერიოდი რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც ქართული კომპანიების რესურსი იმ ოდენობის არ არის, რომ ექსპორტი განეხორციელებინათ. შეიძლება პროდუქტის გატანა მოგვიანებით, წლების მერე მომხდარიყო, როდესაც წარმოება გაიზრდებოდა, მაგრამ როდესაც უკრაინაში ომია, ახლა ეს არ მოხდება,"– აცხადებს კახა კონიაშვილი.


ასოციაციის ხელმძღვანელი შექმნილ ვითარებაში ქართული მწარმოებლებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენების გამო, არც ერთი რძის მწარმოებელი კომპანია რუსეთში პროდუქციის შეტანას არ აპირებს.


"თავად ის ფაქტი, რომ სადღაც ქვეყნისთვის საექსპორტო ბაზარი ღიაა, ეს კარგია და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არც უნდა არსებობდეს. მაგრამ, უბრალოდ, ახლა, შექმნილ ვითარებაში, რუსეთი ცალსახად, პროვოკაციულად ხსნის ბაზარს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საქართველო მიისწრაფვის და უნდა ქართული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არც ერთი კომპანია რუსეთის ფედერაციაში ექსპორტს არ აპირებს. მშვიდობიანობის პირობებში კომპანიებს კიდევ შეიძლება გასჩენოდათ მოტივაცია, ეწარმოებინათ იმდენი პროდუქცია, რომ რუსეთის ბაზარზე შეეტანათ. მაგრამ, იმის ფონზე, რაც დღეს ხდება, არც ადამიანური, არც მორალური და ჰუმანური სურვილი არ არსებობს, ეს ნაბიჯი გადაიდგას მით უმეტეს, ისეთ რისკიან ბაზარზე, როგორიც რუსეთია,"– განაცხადა კახა კონიაშვილმა.

 

/თათია შაიშმელაშვილი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge