11, 12 და 13 მარტს, 20.00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორი სოსო ნემსაძე ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების ,,კუკარაჩას“ მიხედვით დადგმულ მუსიკალურ დრამას წარმოადგენს.
ახალგაზრდა უბნის რწმუნებულის წარუმატებელი სპეცოპერაცია და შეწყვეტილი სიყვარულის ამბავი, რომელიც 40 წლის წინ დაწერა ნოდარ დუმბაძემ რუსთაველი მაყურებლისთვის თეატრის დიდ სცენაზე მუსიკალური ვერსიის სახით გათამაშდება. ახალგაზრდა მარტოხელა ქალის და ორი რადიკალურად განსხვავებული მამაკაცის სასიყვარულო სამკუთხედი, მის პარალელურად უბნის ახალგაზრდებსა და მათ რწმუნებულთან არსებული სათავგადასავლო ჰუმანურ-აღმზრდელობითი ისტორიები და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. საბჭოთა საქართველოში მოგზაურობა დუმბაძისეული იუმორის თანხლებით, მაყურებელს ორი საათის განმავლობაში მოუწევს. აღსანიშანავია, რომ მიუხედავად ნაწარმოების ჯერ კინოვერსიად ქცევის და მოგვიანებით არაერთი თეატრალური დადგმისა, აქამდე ,,კუკარაჩას“ მუსიკალურ ვერსიაზე არავის უმუშავია. რუსთავის თეატრი ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი რეპერტუარით და სპექტაკლებში მასიური სცენების ჩართვით, რაც საშუალებას აძლევს რეჟისორებს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა თაობის მსახიობის რესურსი. ,,კუკარაჩა“ არის ის სპექტაკლი სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მსახიობები მონაწიელობენ, მეტიც უმეტესეობა მათგანი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტები არიან, რაც მეტ ელფერსა და დინამიკას მატებს სპექტაკლს. და კიდევ ერთი მოტივი, რის გამოც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ ,,კუკარაჩას“ დადგმა გადაწყვიტა, ეს საიუბილეო წლის რეპერტუარში დუმბაძე-ლორთქიფანიძის მჭიდრო მეგობრულ-თანამშრომლობითი ურთიერთობის ხაზგასმაა. ნოდარ დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის ურთიერთობა, ხომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სპექტაკლი ერთგვარი მიძღვნა იქნება რუსთავის თეატრის 55-2ე საიუბილეო წლის ფარგლებში.
,,კუკარაჩას“ რეჟისურა სოსო ნემსაძეს ეკუთვნის, ინსცენირების ავტორი თამაზ გოდერძიშვილია, მხატვარი ბარბარა ასლამაზი, კომპოზიტორი - მამუკა მეგრელიშვილი, ქორეოგრაფი - გია მარღანია, სასიმღერო ლექსების ავტორი - ედუარდ უგულავა, ლოტბარი - თეა ჯამრიშვილი, ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
კუკარაჩა - ნიკა ჩხაიძე, ინგა - გვანცა კანდელაკი
მურტალო - იოსებ ელიზბარაშვილი, ანიკო - ანა შარვაძე
თამაზი - ლაშაო გაბუნია, მკითხავი ანჟელიკა - თეონა ხვედელიძე
დავითი - ზვიად დოლიძე,გაბო - ზაზა თაგოშვილი
ალი - გიორგი ბუაძე, მოსამართლე - ბაჩო ქაჯაია
მასიურ სცენებში მონაწილეობენ:
სოფიკო ჩხიტუნიძე, მაია ჯავახიშვილი, ალექსანდრა თელია, ლუკა ციხისთავი, ბექა კულიჯანაშვილი, გიორგი ტოჩილაშვილი, რევაზ კოღოშვილი, ალბეტ ილარიონი, ნიკოლოზ გაგნიძე, ლაშა მებუკე.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები: ირაკლი ჯიშკარიანი, ნიკოლოზ გვაზავა, ნანა ბიბილაშვილი, ნია ტოგონიძე.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები: ნიკა თეთრაძე, სოსო ცაგარეიშვილი, ვატო სანიკიძე, ერეკლე თურქაძე, ლუკა ხეჩუმაშვილი, მარიამ მღებრიშვილი
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge