ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღების შესახებ წერს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
"1991 9 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის საგანგებო სხდომა. მის დაწყებამდე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს შვილების ხსოვნას, რომლებიც ემსხვერპლნენ თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ საკითხის გამო მოხსენება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ. თავიდან მან გარკვეული დრო დაუთმო ისტორიულ ექსკურსს 1918 წლის 26 მაისიდან 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებამდე - სრულიად აკადემიური, დაბალანსებული, იმ დროს არსებული კვლევების გათვალისწინებით აღდგენილი სურათი პირველი რესპუბლიკისა და ეროვნული დამოუკიდებლობისთვის გაწეული ბრძოლისა, სრული აღიარების და დაფასების განწყობილებით. შემდეგ მან განაცხადა:
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულებელყოფა, მას თავს მოახვიეს მისთვის უცხო პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, ეკონომიკური სისტემა. საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალდატანებით შეყვანის პროცესმა და მთელმა მომდევნო ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციით თითქოსდა გარანტირებული სახელმწიფოებრიობა, ადამიანის უფლებები რეალურად არ არსებობდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, ამ ინსტიტუტების შემდგომი „გამოშიგვნა“ ხდებოდა.
ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია შექმნილ მდგომარეობას და იბრძოდა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთელი საბჭოთა პერიოდი სავსეა რეპრესიებითა და ტერორით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ. მაგრამ ეროვნული ძალები არ ყრიდნენ ფარ-ხმალს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლამ თვისებრივად ახალი ხასიათი მიიღო. კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე ეროვნული ძალების წინაშე, რის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული.“
ამის შემდეგ ნახსენებია საქართველოს სსრ-ს უზენაესი საბჭოს მიღებული სამართლებრივი აქტები. 1989 წლის 18 ნოემბერს საბჭომ მოიწონა კომისიის დასკვნა, რომელშიც პოლიტიკურად და სამართლებრივად შეფასებულია საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევა. მან ეს საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე დააყენა, რათა მათ შეფასება მიეცათ, მაგრამ საკავშირო ხელისუფლებას დღემდე პასუხი არ გაუცია.
მომხსენებელმა მიუთითა 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაზე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც აღიარებულია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევა საბჭოთა რუსეთის მხრიდან და ჯარების შემოყვანა საქართველოში აღიარებულია ინტერვენციად და ოკუპაციად არსებული პოლიტიკური წყობილების დამხობის მიზნით. ასევე ბათილად იქნა გამოცხადებული 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხური სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს სსრ-სა და რსფსრ-ს შორის, ასევე 1922 წლის 12 მარტის ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის შექმნის შესახებ. აქ მიღებული დასკვნის მიხედვით 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ მიჩნეული იქნა არაკანონიერად. თუმცა ეს დადგენილებაც დარჩა სათანადო მსვლელობის გარეშე და მას ახლანდელი საბჭოთა კავშირის სივრცეში რაიმე სამართლებრივი და პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.
მომხსენებელი შეეხო ეროვნული მოძრაობის როლსაც რომლის გააქტიურებაც ზემოთჩამოთვლილმა ამბებმა გამოიწვია. ეს იყო მოძრაობა, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის შემდგომ არასოდეს არ შეწყვეტილა და თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. 1987 წლის დამდეგიდან საქართველოში ფართოდ გაიშალა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომლის კულმინაცია იყო 1989 წლის 4-9 აპრილის დემონსტრაციები და მიტინგები, ესოდენ ბარბაროსულად დარბეული იმპერიის დამსჯელი ძალების მიერ.
როგორც 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის ერთგვარი წინაისტორია ნახსენებია 1989 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გამართულ მიტინგზე წაკითხული პეტიცია, მიმართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი. მასში მოთხოვნილია საქართველოს ე.წ. სუვერენიტეტი ჩაითვალოს არარსებულად, მის ყოფნა სსრკ-ში შეფასდეს როგორც აგრესიის უშუალო შედეგი და გაგრძელება და ამით მიეცეს ქართველ ხალხს შესაძლებლობა, სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებით მიაღწიოს დამოუკიდებლობის აღდგენას. პეტიციას იმჟამად 20 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი და იგი გადაეცა თბილისში მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ანალოგიური პეტიცია 4-9 აპრილსაც შედგა. მართალია გაეროს რეაგირება არ მოუხდენია ამ პეტიციაზე, მაგრამ იმავე წლის 17 მარტს აშშ-ს სენატში განახლდა განხილვა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხისა. (თავდაპირველად ეს საკითხი 1975 წელს წამოაყენა კონგრესმენმა ვაგონერმა, რომელმაც კონგრესს გააცნო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი) 1989 წლის მარტში ეს საკითხი წამოსწიეს სენატორებმა ჯესი ჰელმსმა და ჯო უილსონმა.
მომხსენებელს არ გამორჩენია ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა. მან აღინიშნა, რომ „ხელისუფლებას ქართველებთან ერთად მხარს უჭერენ არაქართველებიც და რომ მითი იმის შესახებ, თითქოს ახალი ხელისუფლების მიზანია არაქართველთა დევნა, კრემლის აგენტების მიერ არის მოჭორილი. რომელთაც თავიანთი პროპაგანდით მოახერხეს მოტყუება არაქართველთა ძალზე მცირე ნაწილისა, რომელმაც უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე ან უარყოფით პასუხი გასცა რეფერენდუმის კითხვას. (ეს გახლავთ სულ რამდენიმე ათასი ამომრჩეველი მთელს საქართველოში) ჩვენ მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ ამ მხარდაჭერას და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს არაქართველ ძმებს და დებს, რომ არ მიგვატოვეს ამ გაჭირვებაში და ღირსეულად ამოგვიდგნენ მხარში."
ამის გამო საქართველოს უზენაეს საბჭოს უნდა გაეთვალისწინებინა რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნება და მსოფლიოს ცივილიზებული ხალხების წინაშე გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ითქვა ასევე, რომ საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის შენარჩუნების მტკიცე გარანტიად აძლევს აფხაზ ხალხს, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმით.
მოხსენება სრულდება 1989 წლის 9 აპრილის გმირების ხსენებით. „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
დამოუკიდებლობის გამოცხადება რასაკვირველია, ჯერ არ გულისხმობდა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ყოფის დამოუკიდებლობის რეალური შინაარსით აღვსებას. როგორც განვლილი გზა, ისე არსებული პოლიტიკური მოცემულობა მიანიშნებდა, რომ ამ გზაზე მძლავრი დაბრკოლებები წამოიმართებოდნენ. ამავე დროს უდიდესი იყო სიხარული და შვება ადამიანებისა. თბილისის ცენტრალური ქუჩები სავსე იყო მოზეიმე მოქალაქეებით. პრეზიდენტმა საზეიმო მიტინგზე გარდა მილოცვისა გამომაფხიზლებელი სიტყვებითაც მიმართა ხალხს, ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო. ამავე დროს მოუწოდა შინაგანი სიმშვიდისკენ და გაწონასწორებისკენ, შეახსენა რა რუსთაველის ეს სტროფი:
„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ჭირი ჭიად უჩანს, არცა ლხინი ზედაზედი,
ვითა ზღაპარი ასრე უჩანს უდებოდა, გინა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ცითა ტრედი“.
საინტერესოა, რომ ხელისუფლება წინასწარ არ მომზადებულა ამ დღისთვის და არც ამ ნაბიჯის გადადგმა დაუანონსებია. ამის შესახებ არაფერი იცოდა ოპოზიციის „ეროვნული კონგრესის“ ფრთამაც, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ორი წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა. დამოუკიდებლობის აქტის მიღებას ვერ დაესწრო თვით კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
რატომ მოხდა ასე? საფიქრებელია, რომ ზვიად გამსახურდია და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი უშვებდნენ განსაკუთრებულად მძიმე პროვოკაციის ან ცენტრიდან მართული ისეთი ხდომილების შესაძლებლობას, რომლის გამოც ეს გამოცხადება ან გადაიფარებოდა, ან სხვა დღეს უნდა გადადებულიყო; არადა მნიშვნელობა ჰქონდა 9 აპრილს მომხდარიყო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
მომდევნო დღეს პრესკონფერენცია გაიმართა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. შეკითხვაზე, თუ როდის მიაღწევს საქართველო სრულ დამოუკიდებლობას, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მზად კრემლი დაიწყოს მოლაპარაკება და რამდენად მალე იტყვის უარს იმ დიქტატის პოლიტიკაზე, რომელსაც დაჟინებით ადგას. ცხადია დასავლეთის პოზიციაზეც. რაც უფრო ხშირად დაუთმობენ ყურადღებას საქართველოს, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ქნა, მით უფრო მეტი გარანტიები იქნება იმისა, რომ მალე მივაღწევთ სრულ დამოუკიდებლობას და საოკუპაციო ჯარების გაყვანას,“- წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge