პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ ისტორიულ მიმოხილვას ავრცელებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:
"1853 წელს, რუსეთს ომი გამოუცხადეს თურქეთმა, ინგლისმა, საფრანგეთმა და იმდროინდელმა სარდინიის სამეფომ.
ომის დაწყებამდე კავკასიელ მუსლიმთა მეთაური შამილი თურქებს წინასწარ მოელაპარაკა და აგვისტოში 15-ათასიანი ჯარით ზაქათალას სიმაგრეთა ხაზის გარღვევა სცადა. ადიღელებმაც დაიწყეს სიმაგრეთა ხაზების გარღვევა და ზუსტად ამ პერიოდში თურქეთმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ომი გამოუცხადეს რუსეთს.
20-ათასიანი ჯარი ახალციხეში შემოვიდა და ბორჯომის ხეობით თბილისისაკენ დაიძრა. ოსმალთა ჯარის მე-2 ნაწილმა ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის პორტი აიღო.
1853 წლის 15 ოქტომბერს ღამით თურქთა სამხედრო რაზმი თავს დაესხა გურიის საგუშაგოს შეკვეთილთან. მათ ამოწყვიტეს შეკვეთილის გარნიზონი და გურიას შეესივნენ.
თურქეთის მიზანს წარმოადგენდა ასევე ახალციხის ხელში ჩაგდება და იქ საფაშოს აღდგენა. ოსმალებმა ახალციხეში მდგომ გარნიზონსაც შეუტიეს.
14 ნოემბერს ახალციხესთან ბრძოლაში გენერალ ივანე ანდრონიკაშვილმა 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა 4-ჯერ მეტი ოსმალთა 20-ათასიანი ჯარი, ხოლო 19 ნოემბერს ბაშკადიკლართან გენერალმა ვასილ ბებუთოვმა ოსმალთა ძირითადი ძალები გაანადგურა. თურქებმა არდაგანისკენ დაიხიეს. რუსებისა და ქართველების ლაშქარს დიდძალი ალაფი დარჩა. წარუმატებლად დამთავრდა თურქეთის საომარი ოპერაციები ალექსანდროპოლის მიმართულებითაც.
მიუხედავად მარცხისა, თურქები განაგრძობდნენ ახალი ძალების თავმოყრას სამხრეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირა ქართული ტერიტორიების მისატაცებლად. მათ საზღვაო დესანტები გადმოსხეს ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და სოხუმში. თურქთა მრავალრიცხოვან არმიას სელიმ ფაშა ხელმძღვანელობდა. თურქებმა ოზურგეთი დაიკავეს. ქართულმა მილიციამ მალაქია გურიელის მეთაურობით პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა და თურქებს მოსვენებას არ აძლევდა.
საქართველოში თურქთა შემოსევამ მოსახლეობა ფეხზე დააყენა. ისტორიული მტრის წინააღმდეგ ქართველობა უმალ დაირაზმა. დგებოდა მოხალისეთა რაზმები და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ქართველ მოლაშქრეებს სათავეში ედგნენ ნაცადი მხედრები დავით ჯანდიერი, ნიკო ჭავჭავაძე, დავით ვახვახიშვილი, გიორგი ერისთავი, ქაიხოსრო მიქელაძე და სხვები. 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძემ მოგვარე თავადთაგან მთელი ასეული შეადგინა და ფიცი დადო, რომ უკანასკნელ გასროლამდე თავდადებით იბრძოლებდა.
1854 წლის მაისში თურქები კვლავ გადმოვიდნენ შეტევაზე. ქართველი მოლაშქრეები რუსულ ჯარს შეუერთდნენ და ი. ანდრონიკაშვილის სარდლობით ერთად შეუტიეს სელიმ ფაშას არმიას. 27 მაისს სოფელ ნიგოეთთან რუსთა და ქართველთა 3 ათას კაციანმა ლაშქარმა უკუაქცია მოწინააღმდეგის 12 ათასიანი ჯარი, ხოლო 4 ივნისს მდინარე ჩოლოქზე გენერალმა ანდრონიკაშვილმა 13 ათასი კაცით თურქთა 34 ათასიანი არმია გაანადგურა.
19 ივლისს რუსეთის ჯარმა ბაიაზიდი აიღო. ამ დროს შამილის არმიამ შეძლო სიმაგრეთა ხაზის გადმოლახვა და საქართველოში შემოიჭრა. იგი კახეთის სოფელ წინანდლამდეც კი მივიდა, მაგრამ აქ შეაჩერეს და უკუაქციეს. შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი ისახელა ქართველთა ლაშქარმა. 24 ივლისს ქურუქ-დართან ბრძოლაში ოსმალთა 60-ათასიანი არმია დამარცხდა.
თურქეთის, ინგლისის, საფრანგეთის და სარდინიის გაერთიანებულმა ჯარებმა ვერც სხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას. მიუხედავად ამისა, 1854 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ საომარ მოქმედებას ახალ-ახალი სადესანტო ძალებით. ეს დაფანტული საბრძოლო ოპერაციები მიზნად ისახავდა ყარსის ციხე-სიმაგრეზე რუსთა საიერიშო ძალების შესუსტებას.
თურქეთი ვერ ურიგდებოდა საქართველოს ტერიტორიებიდან განდევნას და ცდილობდა დაებრუნებინა ადრე მიტაცებული მიწა-წყალი. ამ მხრივ მას მოკავშირეებიც აქეზებდნენ, რომელთა მიზან-დასახულობას შეადგენდა რუსეთისათვის ფეხი ამოეკვეთათ სომხეთსა და საქართველოში.
ყარსის ციხე-სიმაგრის გადასარჩენად კოალიციურმა ძალებმა დაგეგმეს დიდი საბრძოლო ოპერაცია, რომლის განხორციელება გენერალ ომერ-ფაშას დაეკისრა. საგანგებო მომზადების შემდეგ, ომერ ფაშამ სამხედრო ძალები 1855 წლის სექტემბრის დამდეგს გადმოსხა ბათუმში, სოხუმში და შავი-ზღვისპირა სხვა ნავსადგურებში. ომერ ფაშას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ციხის გარნიზონს ალყის გარღვევაში დახმარებოდა. აფხაზეთის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ომერ ფაშას ძირითადი ნაწილები სამეგრელოსკენ დაიძრნენ. მდინარე ენგურთან მათ გზა გადაუღობა რუს-ქართველთა შერეულმა ლაშქარმა გენერალ ივანე მუხრან-ბატონის სარდლობით. საუბედუროდ, ბრძოლაში წარმატება თურქ სარდალს ხვდა წილად და იგი სამეგრელოში შევიდა.
ომერ ფაშას ეგონა, რომ ქართველებს გადმოიბირებდა და მოთაფლულ წერილებს სწერდა სამეგრელოს მთავარ ეკატერინე დადიანს. კეთილდღეობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას აღუთქვამდა. მაგრამ ქართველების მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხლობდა თურქ დამპყრობთა გამანადგურებელი შემოსევების სისხლიანი ქრონიკები. ამიტომ იყო, რომ მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა და პარტიზანული ომებით მტერს დიდ ზიანს აყენებდა. სამეგრელოში ხელმოცარულმა ომერ-ფაშამ კურსი ქუთაისისკენ აიღო, მაგრამ ცხენის წყლის გადალახვა ვერ გაბედა, რადგან იქითა ნაპირზე ქართული ლაშქრის განლაგებას წააწყდა და უკან დაიხია.
დასავლეთ საქართველოში პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. 1855 წლის 16 ნოემბერს რუსეთის ჯარს, გენერალ ნ. მურავიოვის ხელმძღვანელობით ყარსის თურქული გარნიზონი დანებდა. რუსთა მაშველი ჯარებისა და საქართველოს მოსახლეობის პარტიზანული ბრძოლებით შევიწროებულმა ომარ-ფაშამ უკან დაიხია. ხოლო 1856 წლის თებერვალს იგი სოხუმზე გავლით, ზღვით ტრაპიზონისაკენ გაიქცა.
ინგლისს, საფრანგეთსა და სარდინიის სამეფოს ავსტრიაც მიემხრო და რუსეთს ბალკანეთის დატოვება მოსთხოვა.
რუსეთი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს ევროპული კოალიციის ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა, ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. რუსეთმა ვეღარ შეძლო ასეთი დიდი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სევასტოპოლის დაცვა.
მიუხედავად კავკასიის ფრონტზე მიღწეული გამარჯვებებისა ყირიმის ომი რუსეთის მარცხით დასრულდა, რომელიც პარიზის საზავო ხელშეკრულებით გაფორმდა. ევროპულ-თურქული კოალიციის მიერ დამარცხებული რუსეთი იძულებული გახდა დაეთმო ყარსის ციხე, რათა ყირიმის ნახევარკუნძული შეენარჩუნებინა.
რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია, ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთს ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა კოალიციის ჰეგემონობის ქვეშ მოექცა.
1875 წელს ოსმალეთის მძიმე უღლის გადასაგდებად ბალკანეთში აჯანყება დაიწყო, რომლის ჩასახშობად თურქებმა უსასტიკეს სადამსჯელო ზომებს მიმართეს. ერთმორწმუნე სერბებს რუსეთის იმპერიამ თანადგომის ხელი გაუწოდა და 1877 წლის 24 აპრილს თურქეთს ომი გამოუცხადა. საბრძოლო ოპერაციები გაჩაღდა ბალკანეთის და კავკასია-ანატოლიის ფრონტებზე.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედასამშობლოსაკენ მოისწრაფოდა. თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაჩაღდა ანტითურქული აჯანყებები.
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება.. რუსეთის ჯარმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეტევა ამ მიმართულებით განახორციელა.
ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდან მიმდინარეობდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინოპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთ შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.
ევროპული სახელმწიფოების ჩარევით სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება საქართველოს საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. "ბერლინის ტრაქტატით" ევროპულმა სახელმწიფოებმა ომის დროს თურქებისგან გამოხსნილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებიდან რუსეთის მფლობელობაში მხოლოდ ბათუმი, ყარსი, და არდაგანი აღიარეს. მართალია, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც ოსმალეთს დარჩა. ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღლისაგან აჭარის გათავისუფლებას. იაკობ გოგებაშვილი გაზ. "დროებაში" სიხარულით წერდა: „ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავი ბედისა, ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა".
ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ ძმებსა და დებს მიშველებოდა. თბილისსა და სხვა ქალაქებში გროვდებოდა დიდძალი შეწირულობანი. გახარებული ილია ჭავჭავაძე "ივერიის" ფურცლებიდან მოუწოდებდა ქართველობას: - "აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძს: ძმა ძმისთვისა და შავი დღისთვისაო!" ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.
ლევან ჩაჩუა - გამოყენებული მასალა: „საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ; საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში ტომი III.
P.S. თურქეთის პრემიერმინისტრის - აჰმედ დავითოღლუს დაუფარავი პრეტენზია აჭარის თურქეთის ჰეგემონობის ქვეშ მოქცევაზე. იხ. ვიდეო," - წერს ლევან ჩაჩუა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge