დღე: 31

ღამე: 19

USD 2.718

EUR 3.1871

"რუსეთ-დასავლეთის ამ გლობალურ კონფლიქტში უკრაინა მხოლოდ ომის ასპარეზია" 12.04.2022 12:22

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

ობიექტური, სუბიექტური და ინტერ-სუბიექტური რეალობების შესახებ იუვალ ნუა ჰარარის ლიბერალურად პოპულარული კონცეფციიდან თუ ამოვალთ, რასაკვირველია,  ამ ომის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ომის სამართლიანობისა და უსამართლობის შეფასება მხოლოდ გარკვეულ ინტერ-სუბიექტური პოზიციიდან თუა შესაძლებელი. ჰარარი იტყოდა, რომ ობიექტურად არავითარი  საზღვარი არ არსებობს, ისევე როგორც სახელმწიფოებიც, რადგან ყოველივე ეს მხოლოდ ადამიანთა დაშვებები, მათი წარმოდგენებია, რათა ის ინტერ-სუბიექტური რეალობა შექმნან, რომელშიც ცხოვრება ამა თუ იმ ისტორიული ობიექტურობის შესაბამისად არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება; ობიექტურადო, ასე იტყოდა ჰარარი (ზარატუსტრას ვარიანტში), ომი ბიოლოგიური სახეობის  - ჰომო საპიენსის, შიდა სახეობრივი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რაც საბოლოო ჯამში ადამიანს, როგორც სახეობის გარემოსთან უკეთეს ადაპტაციას ემსახურებაო. ანუ ომი - ლეგიტიმური კაცისკვლაა უკეთესობისათვისო, როგორც ბევრი მიიჩნევს, ოღონდ - სხვა არგუმენტაციით. 

 

ამ თვალსაზრისს თუ გავყვებით, ცხადია, ომი ურთიერთსაპირისპირო ინტერ-სუბიექტურ რეალობათა სამკვდრო-სასიცოცხლო კონფლიქტია, რის შედეგადაც სულ მცირე, ერთ-ერთი ინტერ-სუბიექტური რეალობა ინგრევა, ისპობა და მას ან საპირისპირო ინტერ-სუბიექტურობა შთანთქავს, ანდა სულაც სრულიად ახალი,  ინტერ-სუბიექტურობა იშვება და გაბატონდება. 

 

ამ ომის მაგალითზე, ბუნებრივია, არსებობს რუსული და დასავლური ინტერ-სუბიექტურობა და ასევე, იმ საზოგადოებათა თუ სახელმწიფოთა, ვინც ამ ომში განზე დგას, ინტერ-სუბიექტურობანი. რასაკვირველია, რუსეთის ქცევა დასავლური ინტერ-სუბიექტურობისთვის ბარბაროსობაა, მაგრამ თავად რუსული ინტერ-სუბიექტურობისთვის პირიქითაა -  დასავლეთის ქცევა რუსეთისადმი იმთავითვე მტრულია, ამიტომ მათ ეს ომი სამართლიანად მიაჩნიათ, რადგან თურმე დასავლეთის მიერ წართმეული „დიდებისა და ძლევამოსილების“ აღდგენაა მათ ინტერ-სუბიექტურობაში უზენაესი მიზანი. 

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთ-დასავლეთის ამ გლობალურ კონფლიქტში უკრაინა მხოლოდ ომის ასპარეზია, საომარი მოქმედებების თეატრია, ის არენაა, სადაც ეს ორი ინტერ-სუბიექტური რეალობა ერთი-მეორის მოსასპობად შეჯახებულან. ამიტომ, უკრაინის მიმართ ეს ომი ორმხრივად უსამართლოა: იგი დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში მსხვერპლის როლისთვისაა რუსეთის მიერ ბარბაროსული ჟინის, ხოლო დასავლეთის მიერ - მისი რაციონალობიდან გამომდინარე, განწირული. 

 

ბუნებრივია, ჩვენთვის, ე.ი. იმ ქართველებისთვის, ვინც კვლავ ჯიუტად ქართულ სჯულს მისდევენ,  ყველა ეს ინტერ-სუბიექტურობანი და საერთოდ, მთელი ეს „ჰარარიზმი“ - ცხადი უსჯულოებაა. რატომ და იმიტომ, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა „ინტერ-სუბიექტურობა“ კი არ არის, არამედ ზეგარდმოა. ჩვენთვის საქართველოს სუვერენიტეტი უპირობო, წარუვალი და უდავო უფლებებია, რაც ღვთისგან არის ბოძებული, უფლის ნებაა და არა ვინმეს „ინტერ-სუბიექტურობა“. ასევე - საქართველოს ტერიტორიაც უფლის ნებითაა ქართველთა სამკვიდრო და  არა სხვადასხვა იმპერიებისა თუ დღეს, ნატო-რუსეთის დაპირისპირების შედეგებზე დამოკიდებული ინტერ-სუბიექტურობა. რაც მთავარია - თავად მართალი სამართალი, ე.ი. ის, რასაც სჯული ჰქვია, ღმერთისგანაა და არა კაცთაგან დადგენილი. ხოლო თუ საერთაშორისო სამართალს გავიაზრებთ, ჩვენთვის ასეა: ამ სამართლის უზენაესი პრინციპებია სწორედ უდავო, წარუვალი და უპირობო უფლებების - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ხელშეუვალობა, ისევე, როგორც ამ სუვერენული სუბიექტების - სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა. არ იქნება ეს სამართლიანობა, არ იქნება არც მშვიდობა! ესეც უდავოა ჩვენთვის. 

 

ამდენად, ჩვენთვის უდავოა და ნებისმიერი „ინტერ-სუბიექტურობისგან“ ყოვლად დამოუკიდებელი, რომ უკრაინა - სამართლიან ომს აწარმოებს, ხოლო რუსეთი - ყოვლად უსამართლოსა და ბარბაროსულს. ხოლო თუკი დასავლური „ინტერ-სუბიექტურობა“ იმავეს მიიჩნევს, ძალიანაც კარგი - მაშ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე მართლაც ყოფილა. მაგრამ, მთავარი  ეს არის: ქართველებს საკუთარი თავი უნდა გევეყუდნოდეს და უზენაესი მიზანი ეს უნდა გვქონდეს;  რომ ჩვენი სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ვართ უფლის,  ჩვენი სჯულის და ერთი-მეორის წინაშე საკუთარი თავით და რაც გვაბადია, ყველაფრითაც, პასუხისმგებელნი. სხვას, რაც არ უნდა ძვირფასი მოკავშირე იყოს, ვერც ამ მიზანსა და ვერც თავს, ვერ და არ შევწირავთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge