21.04.2022 14:01
"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
არის თუ არა ეს ომი „ცივილიზაციათა კონფლიქტი“? ერთმნიშვნელოვნად ეს რთული სათქმელია, რადგან როგორც პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა, როცა ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებისგან ყველას თავის შეკავება ურჩია, „უკრაინელები და რუსები ძმები არიანო“.
ცხადია, ის ძმობა, რაც ერთ დროს მათ საერთო იდენტობას (გალიციელების გამოკლებით) მართლაც ემყარებოდა - ამ ომით თითქოსდა ძირფესვიანად განადგურებულია და სრული საფუძველია მტკიცებისთვის, რომ „უკრაინელობა“ ეს ანტი-რუსული იდენტობაა და პირიქით. არც ეს იქნება დიდად შორს სიმართლისაგან, რომ ვამტკიცოთ: უკრაინელობა დასავლური ცივილიზაციის მიმღებლობაა, ხოლო რუსობა - მიუღებლობა.
მაგრამ: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ჩართულობა ამ კონფლიქტში სულ უფრო საშიშად მზარდია, ეს მაინც უფრო „შინაგანი“ კონფლიქტია და ძალიან ჰგავს მაგ. ევროპაში მიმდინარე სარწმუნოებრივ ომებს კათოლიციზმსა და პროტესტანტობას შორის, რომელიც, სხვათა შორის, ვესტფალიის ზავით დასრულდა და შვა ის მდგომარეობა, რაც საერთაშორისო სამართლისა და ყველა შემდგომი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ვესტფალიის ზავიდან მოდის სუვერენიტეტის დღევანდელი გაგება, ისევე როგორც ტერიტორიული ურღვეობის პრინციპი. სუვერენიტეტი იმას ნიშნავს, რომ დიახაც, უკრაინელებს უდავოდ აქვთ სუვერენული უფლებები ჰქონდეთ თავიანთი, არა რუსული, „იდეოლოგიურ-პოლიტიკური“ (სარწმუნოებრივის ანალოგიურად) იდენტობა, მეტიც - იყვნენ რუსული იდენტობის მიმართ ერთგვარი “პროტესტანტები“, მაგრამ ასეთივე სუვერენული უფლებები - დარჩნენ „ორთოდოქს რუსებად“ , თუ გნებავთ - „პუტინის რუსეთად“, გააჩნიათ თავად რუსებსაც.
ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ევრაზიის იმ სივრცეში, სადაც რუსეთი ტრადიციის ძალით დომინანტურ მდგომარეობას ინარჩუნებს, „ვესტფალიის ზავი“ ჯერ კიდევ ძალზე შორსაა და კონფლიქტი სხვადასხვა იდენტობებს შორის ერთი და იგივე წარმოშობის ხალხში, სრულიად ბარბაროსული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ - "ვესტფალიამდელი" შინაარსისაა; ეს შინაარსი - სამართლისა და ყოველგვარი წესრიგის ძირშივე უარყოფით, ე.ი. რუსეთის უკრაინაზე ველური თავდასხმით, თუმცა მანამდე - 2014 წელს უკრაინაში შექმნილი შიდა კონფლიქტის არანაკლებ ბარბაროსული გადაწყვეტითაც ასევე, გამოიხატება; ძალიან ძნელია ყოველივე ამას „კლასიკური“ ცივილიზაციათა კონფლიქტი ვუწოდოთ, რადგან ეს უფრო ევრაზიული სივრცის, რომელიც სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ფაქტობრივად ვესტფალიამდელ მდგომარეობაში რჩება, მტკივნეულ თვითგამორკვევასა ჰგავს; ხანრძლივადიან პერსპექტივაში, თუკი ეს ომი არ შეჩერდა, არსებობს საფრთხე, რომ ევრაზიული სივრცე სულ უფრო მეტად მზარდი უწესრიგობით იქნას მოცული.
ყოველივე ეს - ანუ ევრაზიის უდიდესი ნაწილის დიდი არეულობა მსოფლიოს არაფერს კარგს არ უქადის და არა მგონია, ვინმემ აქედან რაიმე სარგებელი ნახოს. იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ ეგებ შედეგად მივიღოთ ვესტფალიის ზავის ანალოგიური რამ, თუკი, რასაკვირველია, ამ ომმა და მზარდმა უწესრიგობამ ეს სივრცე მართლაც უკრაინასავით არ გაანადგურა. მე მაინც მგონია, რომ ქრისტიანული დასავლეთის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს - ამ ომის რაც შეიძლება დროულად შეჩერება და მერე დასრულება ისე, რომ რუსეთსა და მის „პროტესტანტებს“ შორის, რომელთა შორის საქართველოცაა, ვესტფალიის ზავის ანალოგიით სამართლიანი მშვიდობა ჩამოვარდეს და არა ის, რომ ეს მართლაც ცივილიზაციათა დაუნდობელ ურთიერთ-განადგურებაში გადაიზარდოს..
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge