პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია.­

 

ამასთან, როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება.

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.

 

მიხეილ სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით.

 

ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები