დღე: 23

ღამე: 8

USD 2.7401

EUR 3.0815

რამდენ ენაზე შეეძლო იოსებ სტალინს ლაპარაკი და წერა-კითხვა 09.05.2022 12:44

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში სტალინის შესახებ წერს. 

 

"სტალინი და უცხო ენები

 

საინტერესოა, ალბათ, 9 მაისის ფონზე, ვიცოდეთ - ქართული ენის გარდა, რამდენ ენაზე შეეძლო იოსებ სტალინს ლაპარაკი და წერა-კითხვა, რამდენი ენა ესმოდა...

 

ზუსტ ოფიციალურ მონაცემებს ვერ მივაგენი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ იოსებ ჯუღაშვილი ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროიდან (და იგი კარგად სწავლობდა!) კითხულობდა ძველბერძნულ და საეკლესიო სლავურ ენაზე. ბუნებრივია მან ძალზე კარგად იცოდა რუსული ენა ("ვეფხისტყაოსანს" თარგმნიდა!), ასევე ამბობენ, რომ შეეძლო სომხურად და ოსურად საუბრის გაგება.

 

რაც შეეხება თანამედროვე დასავლეთევროპულ ენებს: ცნობილია, რომ იოსებ ჯუღაშვილი 1907 წლის მაისში, რსდმპ ყრილობის დელეგატის სტატუსით, თითქმის ერთი თვე ლონდონში ცხოვრობდა. ალბათ, ინგლისური ენა კარგად თუ არა, რაღაც დონეზე მაინც ისწავლა. არსებობს ოფიციალურად დაუდასტურებელი გადმოცემა, რომ თბილისში დაბრუნების წინა დღეებში მომავალ ბელადს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთ უელსელ მეშახტეებთან და ლივერპულელ დოკერებთან. თუმცა, ბრიტანელი საიმონ მონტეფიორე თავის ცნობილ წიგნში "ახალგაზრდა სტალინი" წერს, რომ ასეთი შეხვედრები ლეგენდის მსგავსია, ზეპირი გადმოცემაა და რეალურად არ დასტურდებაო. 

 

1945 წლის თებერვალში ამერიკულ ჟურნალ Time-ში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია "რუსეთი - ისტორიული ძალა", რომელშიც ვკითხულობთ: 

 

"დადიოდა ხმები სტალინის უხეშ იუმორზე და დათვურ ქცევაზე, როცა გაბრაზებული იყო... იმაზეც, რომ მას 22 "რიუმკა" არყის დალევა შეეძლო და არ თვრებოდა. და კიდევ იმასაც ამბობდნენ, რომ იგი საკმაოდ უხერხულ სიტუაციებში ვარდებოდა, რადგან ინგლისური ენის გამოყენების ჩვევებს არ ფლობდა, თუმცა ზოგიერთ ფრაზას კარგად იმახსოვრებდა. ასე მაგალითად, ერთხელ, როცა მან ინგლისელ და ამერიკელ სტუმართა ჯგუფი მიიღო, მათ მოულოდნელად ინგლისურად უთხრა: "The lavatory is on the left, gentlemen" (ტუალეტი მარცხნივაა, ბატონებო!). გენერალმა პატრიკ ჰერლმა (შემდგომში აშშ-ის ელჩმა ჩინეთში) იოსებ სტალინს ინგლისური ფრაზა ასწავლა, რომელიც მან უინსტონ ჩერჩილთან და ფრანკლინ რუზველტთან შეხვედრის დროს, თეირანში წარმოთქვა: სტალინი შედის ოთახში, სადაც ბრიტანელი და ამერიკელი ლიდერები ხმადაბლა საუბრობენ. ამ დროს მათ თავს საბჭოთა ბელადი დაადგებათ, რომელიც ხმამაღლა ამბობს: What the hell goes on here?" (რა ხდება აქ, ეშმაკმა დალახვროს?). https://content.time.com/.../article/0,33009,797050,00.html

 

მოკლედ, სტალინმა ინგლისური კარგად არ იცოდა, მაგრამ რაღაცების თქმა შეეძლო. არსებობს ირიბი დადასტურება, რომ იგი გერმანულ ენაშიც ერკვეოდა.

 

აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ იოსებ სტალინი ძალიან იყო დაინტერესებული ენათმეცნიერებით, კავკასიური ენებით, ქართული ენის მონათესავე ენებით და ა.შ. ცნობილია ალბანელი ენვერ ხოჯას მემუარები სტალინის შესახებ, როცა კობა ალბანური და ქართული ენების მსგავსებით დაინტერესდა..."- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge