რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, მარიუპოლზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს განაგრძობდნენ, ორიენტირებული იყვნენ ჩვენი ჯარების დანაყოფების ბლოკირებაზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად და უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის ჩასახშობად მოწინააღმდეგე სტრატეგიულ ავიაციას იყენებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონბასში 18 შეტევა მოიგერიეს.
„გასული დღის განმავლობაში შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ხუთი „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და ერთი ფრთოსანი რაკეტა. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის 18 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და მტრის 5 მანქანა,“-აღნიშნულია ანგარიშში.
უკრაინაში კი აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინთან“ რუსეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური გემი დააზიანეს.
„ჩვენი სამხედრო-საზღვაო მეზღვაურების მოქმედებების წყალობით, ხომალდ Vsevolod Bobrov-ს ცეცხლი გაუჩნდა - ეს არის ერთ-ერთი უახლესი რუსული ფლოტი“, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.
ამერიკული კერძო კომპანიის, Maxar-ის მიერ თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებში ასახულია კუნძულთან განხორციელებული სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა რუსული „სერნას“ კლასის სამხედრო ხომალდზე.
რუსეთის მთავარი მიზანია უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, რათა მოახდინოს მათი იზოლაცია და შეზღუდოს დახმარების ან გაძლიერების შესაძლებლობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლეს მონაცემებშია ნათქვამი.
მათი განმარტებით, ის ფაქტი, რომ რუსული ჯარი სევეროდონეცკის სიახლოვეს ამ რთულ პირობებში მდინარის გადაკვეთას ეცადა, მეტყველებს წნეხზე, რომელსაც მეთაურები განიცდიან.
„რუსეთი მნიშვნელოვანი ძალისხმევას დებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მისადგომებთან და ცდილობს დაცვის ხაზი გაარღვიოს სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით. აღნიშნულ ღერძზე რუსეთის მთავარი მიზანია უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, რათა მოახდინონ მათი იზოლაცია და შეზღუდონ მათი დახმარების ან გაძლიერების შესაძლებლობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან.
უკრაინულმა ძალებმა წარმატებით მოახდინეს რუსული ძალების მცდელობის პრევენცია გადაეკვეთათ მდინარე დონბასი. ფოტოებმა აჩვენა, რომ სევეროდენცკის დასავლეთით მდებარე მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთისას რუსეთმა დაკარგა დიდი ოდენობით ტაქტიკური ჯგუფის სულ მცირე ერთი ბატალიონის ჯავშანტექნიკა.
რუსული ჯარის მიერ მსგავსად მდინარის გადაკვეთა ძალიან სარისკო მანევრია და მეტყველებს იმაზე, რომ რუსული ძალების მეთაურები დიდ წნეხს განიცდიან, რათა მიაღწიონ პროგრესს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ჰყავთ ძალები კონცენტრირებული, მას შემდეგ რაც დანაყოფები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გამოიყვანეს“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge