ამაზე ადრეც დამიწერია აქ, მაგრამ ზოგი რამ გამეორებას იმსახურებს. ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების რეჟიმი მასაც გაურთულებს ცხოვრებას (პრობლემები, რომლებზეც ბოლო დღეებში გავიგეთ, შესაძლოა ამით აიხსნებოდეს), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.
მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის.
"მაგრამ თუნდაც მეშლებოდეს, მთავარი სხვაა: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის. მეც ვფიქრობ, რომ ომში უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვება ბიძინას რამდენადმე დაასუსტებს (დარწმუნებული ვარ, ბიძინაც ასე ფიქრობს); მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება მისი მმართველობის ჩამოსაშლელად.
ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების და ოპოზიციის ძალისხმევით შეიძლება მოხდეს; ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სასწაულების ლოდინი მიზანს მხოლოდ გვაშორებს.
ბოდიში, თუ იმედები გაგიცრუეთ,"- წერს გია ნოდია.
ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მეორედ უჩივის, ამბობს რა, რომ ბანკის მიერ დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტს ქართულ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ივანიშვილისათვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე ალაპარაკდნენ. მოვლენების ამგვარ განვითარებას არც ხელისუფლების მხარდამჭერები გამორიცხავენ და ივანიშვილს უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge