დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს 16.05.2022 10:52

ომის 82-ე დღე 


ბოლო ცნობები უკრაინიდან

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადებიან.

 

„მტერი კონცენტრირებულია დონეცკის მიმართულებით. სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინაღმდეგე ცდილობს შეაკავოს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევა ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და ხელი შეუშალოს მათ სახელმწიფო საზღვრამდე მისვლას. მტერი იზიუმის რაიონში კონცენტრირებული ქვედანაყოფების გამოყენებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება,“ - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

 

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ ოპერაციის ზონაში რუსეთის ავიაციამ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

 

„ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებაზე და რუსეთის ფედერაციასთან უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ ჩვენი ჯარების დაწინაურების აღკვეთაზე“,- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, რუსული ძალები საარტილერიო ცეცხლს უხსნიდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დოვჰენკეს, რუსკი ტიშკის, ტერნოვასა და პეტრივკას დასახლებებში.

 

„დონეცკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ცეცხლს ხსნიდნენ ყველა სახის იარაღიდან ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი ძალების სიმაგრეების განადგურების მიზნით. ლიმანის, ბახმუტისა და კურახივის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევას, ბრძოლები გრძელდება,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, უკრაინული ძალების მიერ მიყენებული დანაკარგის შემდეგ, მოწინააღმდეგემ ადრე დაკავებულ პოზიციებზე გადაინაცვლა.

 

„მარიუპოლში რუსული ძალები აგრძელებენ მასიურ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებასა და ზარალის მიყენებაზე,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას რაიონში რუსეთის პოზიციებს დაარტყეს, მოწინააღმდეგის მიერ განცდილი დანაკარგები ზუსტდება.

 

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

 

„განადგურებულია: ორი ვერტმფრენი (KA-52 და Mi-28), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი რაკეტა,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის 17 შეტევა მოიგერიეს. „განადგურდა მტრის 3 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 6 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

 

მისი მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება არ შეიძლება.

 

„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. შეთავაზებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში - „მოდით გავაკეთოთ ეს, მოდით გავაკეთოთ ის“- ფაქტობრივად, უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ გვაძლევს თანხმობას, რომ შევძლოთ ჩვენი დამცველების განთავისუფლება", - განმარტა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ