დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა უკუეფექტი ექნება საავტომობილო გადამზიდავისათვის ე.წ "პარკის" საფასურის 30 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდას 16.05.2022 13:42

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ  გადამზიდავისათვის, ე.წ "პარკის" საფასურის 30 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდა არაეფექტური იქნება. ამის შესახებ ის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

"14 მაისიდან, ქართველი საავტომობილო გადამზიდავისათვის ე.წ "პარკის" საფასური 30 ლარიდან 80 ლარამდე გაიზარდა. რა უკუეფექტი ექნება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს?", - კითხულობს ცაგარეიშვილი და საკითხის ანალიზსაც აკეთებს. 

 

"იმ ვითარებაში, როცა საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, რეალურად გახდეს ტვირთების შეკრება -  განაწილების და გატარების სატრანსპორტო კვანძი, როდესაც იზრდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა, საქართველოს მთავრობა,  „ჩანასახშივე“ იწყებს ქვეყნისათვის ამ სტრატეგიული მიმართულების საკუთარი კორუფციული მიზნებისათვის გამოყენებას. 

 

საუბარია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ახალი რეგულაციების, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის N 200 დადგენილებით,  სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, ე.წ პარკში - დგომის საფასურის 80 ლარამდე გაზრდის თაობაზე.

 

გაძვირება ეკონომიკური გაანგარიშების გარეშე  - გაურკვეველია, რა ეკონომიკურ გაანგარიშებას ემყარება პარკში დგომის საფასურის 30 ლარიდან 80 ლარამდე, 2.7-ჯერ გაზრდა. ბუნებრივია, საფასურის გაზრდა მისაღები იქნებოდა, იმ პირობებში, როდესაც, გაძვირება თანხვდენილი იქნებოდა, პარკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან - სოციალურ ქსელში ერთ - ერთი მომხმარებლის ამონარიდი - „გაზარდონ, მაგრამ რას გვთავაზობენ აქოთებულ პარკინგებს, დანგრეულ მისასვლელ გზებს - გეგონება ბომბი ჩამოვარდაო იმხელა თხრილებია, სააბაზანო  იქ არ არის და საპირფარეშო.

 

ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ საფასურის გაზრდის დაწესებას არავითარი ეკონომიკური გაანგარიშება არ გააჩნია და მიმართულია სახელმწიფო ჩინოვნიკებთან დაახლოებული, კონკრეტული პირების გამდიდრებისაკენ.


გაზრდილი საფასურის უკუეფექტი - მარტივი წარმოსადგენია, რომ პარკის საფასურის გაზრდა შეეხება არა მარტო ქართველ გადამზიდავს, არამედ საქართველოს სახმელეთო დერეფნით მოსარგებლე უცხოურ სატრანსპორტო საშუალებებსაც, ყოველივე ეს კი „სარკისებურად“ აისახება, ქართველ გადამზიდავზე, რომელიც ისარგებლებს თურქეთის, რუსეთისა თუ აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით", - წერს ის. 

 

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, თურქეთის მხარემ ცალსახად განაცხადა, რომ  ანალოგიურად 400 ლირამდე გაზრდის, თურქეთის მხარეზე პარკის საფასურს, ფაქტობრივად ქართველ გადამზიდავს მოუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გაძვირებული პარკის საფასურის გადახდის შემდგომ, უკან დაბრუნებისას თურქეთის აზერბაიჯანის და რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ პარკებშიც „სარკისებრისად“ გაზრდილი გადასახადი გადაიხადონ.  შედეგობრივად, ირიბად ქართველი გადამზიდავი - მეწარმე სუბიექტი ორჯერად გაძვირებულ საფასურს გადაიხდის.

 

"ცალკე საკითხია, სომხეთის მიმართულება, ახალი რეგულაციის ამოქმედებით, სომხეთის მხარეც დააწესებს ანალოგიურ საფასურს (დღემდე სომხეთს არ ჰქონდა დაწესებული პარკის გადასახადი), გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტად სომხური სატრანსპორტო საშუალებები დაზარალდებიან, სომხური მხარეც ანალოგიურ გადასახადებს დაუწესებს საკუთარ პარკში ქართველ გადამზიდავებს. ყველაზე საგანგაშოა სომხეთის მიმართულება, რადგანაც გადაზიდვის მცირე მანძილიდან და ტარიფიდან გამომდინარე, მასში, მაღალი პროცენტით იქნება ასახული პარკის გადასახადი. ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილი იქნებოდა, მიმართულებების მიხედვით, პარკის გადასახადის გრადაცია.

 

„სარკისებრი“ გაძვირება ბუნებრივია, პირველ რიგში,  ნეგატიურად იმოქმედებს ქართველ გადამზიდავზე, საგრძნობლად დაეცემა საერთაშორისო ბაზრებზე,  მისი მიმზიდველობა და  კონკურენტუნარიანობა, რაც საბოლოო ჯამში პროდუქციაზე ფასნამატით აისახება", - წერს ცაგარეიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ