დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"სამ წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთა არაფერია, სხვა თუ არა პოლიტიკური, ან შესაძლო, პირადი წყენისთვის შურისძიება" 17.05.2022 10:57

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება:

 

"როგორც ჩანს, მეც უნდა ვთქვა ორი სიტყვით ნიკა გვარამიას დაკავების თაობაზე.  მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არ ვარ, ტრივიალურია და მარტივად მისახვედრი, რომ  კერძო კომპანიის (მისი გენერალური დირექტორის მიერ) მანქანით სარგებლობისთვის ადამიანისთვის სამ წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთა არაფერია სხვა თუ არა პოლიტიკური ან, შესაძლოა, პირადი წყენისთვის შურისძიება. 


მე არასდროს არ მომწონდა ის ტონი, რომლითაც ნიკა გვარამია და მისი ტელევიზია  ამასხარავებდა და ცინიკურად დასცინოდა ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს. მე საერთოდ ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფის და ადამიანის ღირსების შემლახველი საქციელის წინააღმდეგი ვარ.  მიუხედავად ამისა, ბევრად უფრო დიდ გადაცდომად და დანაშაულადაც კი მიმაჩნია შენი კრიტიკოსის ან პოლიტიკური ოპონენტის მიმართ შურისძიება. მით უმეტეს, როდესაც ეს შურისძიება ხალხის მიერ შენთვის მონიჭებული ძალაუფლების გამოყენებით ხორციელდება. ამას კიდევ უფრო ამძიმებს იმის აღქმა, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში კონცენტრირებული ძალაუფლება სცდება საკუთარი კომპეტენციის ჩარჩოს  და იმორჩილებს ხელისუფლების ისეთ შტოს, რომელიც აბსოლუტისტური და დინასტიური მმართველობის პირობებშიც კი, ყველა ცივილიზაციებში, საუკუნეების მანძილზე, დამოუკიდებელი იყო - სასამართლოს.  


სასამართლო ხელისუფლების ეროზია  მით უმეტეს შეუთავსებელია ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციასთან.  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ალბათ ქვეყანამ  დიდი ხნით დაკარგა. მაგრამ, ვგონებ ჩვენ უკვე დავკარგეთ რაღაც ამაზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი - დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რისთვისაც ამდენმა გმირმა ქართველმა საკუთარი სიცოცხლე დათმო.  არ ვიცი რას ვეტყვით იმ ხალხს..."- წერს კახა გოგოლაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ