რუსეთ-უკრაინის ომის 83-ე დღე
სევეროდონეცკის მიმართულებით, სიროტინეს დასახლებასთან, მოწინააღმდეგემ საბრძოლო მოქმედებების დროს დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსეთი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში და ძირითადი ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით აქვს ფოკუსირებული.
„ჩრდილოეთის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. სუმის ოლქის ბილოკოპიტოვეს დასახლების ტერიტორიაზე მტერმა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნა.
სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძირითად ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შეკავებაზე.
ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე. სლოვიანსკის მიმართულებით - მტერი ავსებს დანაკარგებს, ცდილობს განაახლოს შეტევა.
დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს ნაღმტყორცნების, არტილერიის, სარაკეტო ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლის გახსნას და ავიაციის გამოყენებას.
ლიმანის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ახორციელებდა შეტევით ოპერაციებს დრობიშევის დასახლების ტერიტორიაზე,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით მტერი იბრძოდა ვისკრივას და კამიანკას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ასევე, კურახივის მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს ვუჰლედარის დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
„შავი ზღვის წყლებში, კუნძულ „ზმეინის“ მახლობლად, დაფიქსირდა სამაშველო ოპერაციების ჩატარება რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ადგილზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გენერალური შტაბი რუსული ძალების მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში განცდილ დანაკარგებზეც ავრცელებს ინფორმაციას.
„გასული დღის განმავლობაში სახმელეთო და საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: Су-25 ტიპის თვითმფრინავი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა.
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტრის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, ერთი საზენიტო სარაკეტო სისტემა, 6 საარტილერიო სისტემა, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის ერთი საავტომობილო ტექნიკა,“- აცხადებენ გენშტაბში.
კიევის ოლქში, მაკაროვის მახლობლად, ოკუპანტების მიერ დახვრეტილი 3 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაღუპულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეა.
„ორი ადამიანი თავში გასროლით მოკლეს, ერთი - მუცელში. დაკრძალვის ადგილზე აღმოჩენილია ერთ-ერთი გარდაცვლილის საბუთი - ეს არის ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. დანარჩენი ორი პირის ვინაობა უცნობია ამ დროისთვის, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ. მოვიძიებთ, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნებიტოვმა.
მტერმა ჩერნიგოვის ოლქში სამხედრო ქალაქი დესნა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი იუწყება.
„დილით მტერმა დასახლება დესნაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, გვყავს დაღუპულები და ბევრი დაჭრილი“, - აცხადებს გუბერნატორი.
მისი თქმით, დაბომბვის ადგილზე მაშველები მუშაობენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 27 900 სამხედროს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგებია: 1 235 ტანკი, 3 009 ჯავშანმანქანა, 578 საარტილერიო სისტემა, 198 ზალპური სარაკეტო სისტემა, 90 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 201 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი, 2109 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 436 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 32 სპეცტექნიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სევეროდონეცკი და დონბასის ქალაქები ამ ეტაპზე რუსეთის მთავარი სამიზნეა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და მიწის დასაცავად.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ მუდმივ თავდასხმებს იმ ადგილებში, სადაც რუსეთი წინსვლას ჯერ კიდევ ცდილობს. სევეროდონეცკი და დონბასის სხვა ქალაქები ოკუპანტების მთავარ სამიზნეებად რჩება. ჩვენ, ჩვენი ხალხისა და და მიწის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ხედავს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მაუწყებელთან – RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.
ოლაფ შოლცა ასევე შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო.
„რუსეთისთვის აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა. ეს არ ნიშნავს დიქტატით მშვიდობის მიღწევას, ტერიტორიის ნაწილის წართმევას და შემდეგ თქმას „აქ მოაწერეთ ხელი“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელი იქნება საზღვრების ცვლილება, რომლებსაც უკრაინა ეწინააღმდეგება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge