დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბაიდენის სანქციები ორლესულ მახვილს წარმოადგენს" - რას წერს „ვაშინგტონ პოსტი" 17.05.2022 15:58

„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აქტიური დებატები იმაზე, რომ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში დოლარის ტოტალური ბატონობა შესამჩნევად სუსტდება. ბევრი ქვეყანა დაბეჯითებით ეძებს გზებს, რომ ვაშინგტონის კაპრიზებზე დამოკიდებულება შეამცირონ და დოლარის ზემოქმედებას თავი დააღწიონ, - წერს ცნობილი ამერიკელი მიმომხილველი ფარიდ ზაქარია გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბაიდენის სანქციები ორლესულ მახვილს წარმოადგენს: პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ ანტირუსულმა ზომებმა ძირი აშშ-ის ფინანსურ ლიდერობასაც არ გამოუთხაროს“. 

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყველანაირ ქებას იმსახურებს იმ მკაცრი ეკონომიკური  სანქციების გამო, რომელიც მან რუსეთის მიმართ შემოიღო, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პასუხად. ეს არის ისეთი სანქციები, რომელიც მსხვილი სახელმწიფოს მიმართ პირველად იქნა დაწესებული მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. თუ ათბალიანი სისტემით ვიმსჯელებთ, მაშინ ეს სანქციები მინიმუმ 8-ბალიანი მაინც არის.

 

მაგრამ მიღებული ზომების უპრეცედენტო ხასიათი მსოფლიოში შეშფოთებასაც იწვევს: რიგი სახელმწიფოების განცხადებებით, შეერთებული შტატები თავის ფინანსურ ძლიერებას იარაღად იყენებს, რაც, დროთა განმავლობაში დოლარის ბატონობისა და ქვეყნის ფინანსური გავლენის შესუსტებას გამოიწვევს.

 

მე ეს პირადად მოვისმინე საკუთარი წყაროებიდან, რომლებსაც სრულიად ვენდობი: პირველი წყარო ნიუ-დელიდან ამას წინათ მომიყვა იმ საუბარზე, რომელიც ინდოეთის მთავრობაში ყველაზე მაღალ დონეზე გაიმართა. თემა: რა უნდა ვქნათ, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერასდროს ვერ შეძლოს ინდოეთისადმი ისეთი რამის გაკეთება, რაც რუსეთს გაუკეთა. მეორე წყარომ ბრიუსელიდან მითხრა, რომ ევროკომისიის თანამშრომლები აგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ვაშინგტონთან, მაგრამ იმავდროულად მათ მიზნად აქვთ დასახული გამონახონ შესაძლებლობა დოლარის როლის შესამცირებლად ენერგორესურსების იმპორტში. მესამე წყარო აზიელი მიმომხილველია, რომელიც ჩინეთით არის დაკავებული. მან მითხრა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ შანხაიში შემოღებული მკაცრი ზომები - კვების პროდუქტებისა და პირველი მოხმარების საგნების ნორმირებით - არის ჩინური ექსპერიმენტის შემადგენელი ნაწილი, რომლის ჩარჩოებში პეკინი მოქმედებს: მხედველობაშია ჩინეთისათვის ამერიკული ეკონომიკური სანქციების შემოღების სავარაუდო სცენარი მას შემდეგ, თუ სი ძინპინი ტაივანს თავს დაესხმება. 

 

მთელ მსოფლიოში აქტიური დებატები მიმდინარეობს - შესუსტდება თუ არა  დოლარის ტოტალური ბატონობა საერთაშორიო საფინანსო სისტემაში? აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი - Goldman Sachs და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვაფრთხილებენ, რომ ასეთი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. მე საწინააღმდეგო აზრი მაქვს: ვფიქრობ, რომ დოლარზე გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას ეფექტური ალტერნატივა ექნება, ასეთი კი ჯერ-ჯერობით არ არის.

 

თუმცა გასაგებია, რომ ბევრი ქვეყანა, დაწყებული მტრული რუსეთიდან და ჩინეთიდან და დამთავრებული შედარებით მეგობრულით, როგორებიცაა ინდოეთი და ბრაზილია, ეძებენ გზებს, რათა შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ვაშინგტონის კაპრიზების მიმართ. მართალია, მათ ძალისხმევას ჯერ-ჯერობით რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ ღირს იმის შენიშვნა, რომ მსოფლიო სავალუტო რეზერვებში დოლარის წილი ბოლო 20 წლის განმავლობაში 72%-დან 59%-მდე შემცირდა.

 

ეს ფაქტი ნაწილობრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ შეერთებული შტატები დღეს უფრო ნაკლებად სტაბილური და პროგნოზული ქვეყანაა, ვიდრე იმ დროს, როცა განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. იმ ოცი წლის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა რუსეთ-უკრაინის ომს, ვაშინგტონი მასობრივად აცხადებდა სანქციებს და ასეთი შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. მათგან ბევრი ზედმეტი და გადაჭარბებულია, რომელიც უნდა გაუქმდეს. 11 სექტემბრის შემდეგ ვაშინგტონმა უბოდიშოდ  დაიწყო ძალით თავსმოხვეული ზომების რეალიზება, ტერორისტთა ფულის ნაკადის მიმართულების გასაგებად. ამერიკა მკაცრად სჯის იმ ბანკებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამერიკულ სანქციებს. ვაშინგტონმა სანქციებს იღებდა ირანის, ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეის, კუბის და სხვა ქვეყნების მიმართ, თანაც ხშირად უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი შინაური კრიტიკოსები გაეჩუმებინა, რომლებიც „რაღაცის გაკეთებას“ ითხოვდნენ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ხარჯების გარეშე. ასეთი სახის ეკონომიკურ ომს ჩამოთვლილ ქვეყნებში რეჟიმების ცვლა არ გამოუწვევია, მაგრამ სანქციებით უბრალო მოქალაქეები ნამდვილად დაიჩაგრნენ. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, მათი მიზანი უკვე განსხვავებულია: ისინი გათვალისწინებულნი არიან პოლიტიკის შესაცვლელად და არა რეჟიმის დასამხობად, ამიტომაც შეიძლება უფრო ეფექტურნი აღმოჩნდნენ.

 

ეკონომიკური სანქციებს დონალდ ტრამპის მმართველობის დროს შედარებით ხშირად გამოიყენებოდა, როცა მისი ადმინისტრაცია ირანის ბირთვული გარიგებიდან გამოვიდა და შემდეგ სადამსჯელო ზომების მიღებით დაემუქრა იმ ფირმებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას აგრძელებდნენ - და ეს იმის მიუხედავად, რომ ირანი გაეროს ეგიდით დადებული შეთანხმების პირობებს ასრულებდა. გარდა ამისა, არსებობენ აგრეთვე ჯარიმები, რომლებსაც აშშ-ის შიგნით მიიღება რეგულატორებისა და სასამართლოების მიერ. მაგალითად, 2014 წელს თითქმის 9 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა ფრანგული ბანკი BNP Paribas. ისევ და ისევ ასეთი ჯარიმები დოლარის ძალის წყალობით რეალიზდება.

 

მე მხარს ვუჭერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გამოვიდეს და მათი აუცილებლობა განმარტოს. მან მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - ეს არის საერთაშორისო სამართლის სისტემის ყველაზე სერიოზული ხელყოფა მრავალი ათწლეულების განმავლობაში. თუ მოსკოვი წარმატებას მიაღწევს, მაშინ ეს სისტემა ნაწილებად დაიშლება. აი, სწორედ ამიტომ იღებს ვაშინგტონი, თავის მოკავშირეებთან ერთად, ასეთ ექსტრაორდინარულ ზომებს, პრეზიდენტმა ეს ყველაფერი უნდა თქვას, მან აშშ-ისა და მისი პარტნიორების მოქმედების სამართლებრივი საფუძვლები უნდა გადმოსცეს და ყველას გააცნოს.

 

როგორ უნდა შეძლოს სახელმწიფომ კერძო საკუთრების კონფისკაცია, როცა მფლობელს მისი ფლობის კანონიერი უფლება აქვს, თუნდაც იგი რუსული ოლიგარქი იყოს? განა ადამიანები დარწმუნებულნი იქნებიან იმაში, რომ ამ უფლებამოსილებით არავინ ბოროტად არ ისარგებლებს? ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სამომავლოდ აშშ მსგავს ზომებს მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიღებს, როცა ზუსტად იქნება დადგენილი საერთაშორისო სამართლის შეუწყნარებელი ისეთი მასშტაბის დარღვევები, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს.

 

დოლარი საერთაშორისო სისტემაში თავის მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს იმიტომაც, რომ ამერიკის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკას წარმოადგენს. მას აქვს საკრედიტო კაპიტალის ყველაზე ლიკვიდური ბაზრები, ამერიკული დოლარი თავისუფალი კურსით გამოირჩევა. გარდა ამისა, აშშ სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება უკანონო და ცალმხრივი მოქმედებისაკენ. მაგრამ ამ ბოლო კრიტერიუმს - ცალმხრივ მოქმედებას - ამერიკა ბოლო დროს აღარ შეესაბამება. ჯო ბაიდენმა ისე უნდა გააკეთოს, რომ რუსეთთან ბრძოლაში მისმა ადმინისტრაციამ აშშ-ის ფინანსური სისტემის უნიკალური სუპერძალა არ დაასუსტოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ