დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"უკვე ოთხი თვეა გასული და ჩვენი მოქალაქეები არც უფრო კომფორტული, არც უფრო სწრაფი და არც მეტად უსაფრთხო ტრანსპორტით გადაადგილდებიან!" 18.05.2022 14:52

მერიას თავიდანვე ვაფრთხილებდით, რომ გაძვირებული ტარიფის პირობებში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე! - ამის შესახებ ჟურნალ „ანტერპრენერის” მთავარი რედაქტორი გიორგი შარაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

 

"ლოგიკურია, როცა მომსახურებაზე ფასებს ზრდი, მძიმე სოციალურ ფონს თავი რომ დავანებოთ, ის მაინც უნდა უზრუნველყო, რომ მიწოდებული სერვისის ხარისხი გაზრდილ ტარიფს შეესაბამებოდეს და თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას დისკომფორტი არ ექმნებოდეთ. 

 

თბილისის საკრებულოში ჩვენი გუნდისა და თბილისელების პროტესტზე ბატონი კალაძის ერთადერთი პასუხი იყო ის, რომ გაზრდილი ტარიფის სანაცვლოდ ტრანსპორტი გახდებოდა უფრო კომფორტული, უფრო სწრაფი და უფრო უსაფრთხო (თუ არ ჩავთვლით უტიფრად იმის მტკიცებას, რომ თითქოს ფასები არც გაძვირებულა).  

 

და რა მივიღეთ სინამდვილეში? ფასების გაძვირებიდან უკვე ოთხი თვეა გასული და ჩვენი მოქალაქეები არც უფრო კომფორტული, არც უფრო სწრაფი და არც მეტად უსაფრთხო ტრანსპორტით გადაადგილდებიან! 

 

პირიქით! 

 

ნაცვლად კომფორტისა და სწრაფი გადაადგილებისა, ბევრად მეტი დრო, ფული და ნერვები ეხარჯებათ. 

 

დაგვიანებული და მგზავრებით გაჭედილი ტრანსპორტი, გადატვირთული მოძრაობა და დაუსრულებელი საცობები, ლოდინი გაჩერებებზე, რასაც ახლა პიკის საათებში მიკროავტობუსებში მგზავრის ფეხზე დგომის ნებართვაც დაემატა – ესეც თქვენი უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი! 

 

ამიტომაც ვაპროტესტებდით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების გაძვირებას, რადგან ცხადი იყო, რომ სატრანსპორტო რეფორმის დასრულებამდე, ადგილი ექნებოდა ამ ტიპის ხარვეზებს. ფასები, კი, როგორც წესი, რეფორმის დასრულების შემდეგ იზრდება და არა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობისა და თბილისში უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის.    

 

სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია ჩვენი მოქალაქეების პრეტენზია და მოთხოვნა, ფასები ძველ ტარიფებს დაუბრუნდეს, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ რეფორმა ბოლომდე არ დასრულდება!" - წერს გიორგი შარაშიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ