ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტია დარეგისტრირებული, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელარუსული კომპანიაა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში უკვე რეგისტრირებულია 6205 რუსული და ბელარუსული სუბიექტი, აქედან 5670 რუსული, 432 ბელარუსული კომპანიაა. აღნიშნული კომპანიებიდან აქტიურია სულ 1502, საიდანაც 1408 რუსულია, ხოლო 94 ბელარუსული.
რამდენად კარგია, ან საზიანოა აღნიშნული ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის?
ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ესაუბრა.
მისი განცხადებით, რუსული ბიზნესების მომრავლება საქართველოში ცუდი ფაქტია, რადგან ჩვენი ქვეყანა ფინანსურად და ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული ხდება.
„ეს რომ იყოს, ფრანგული ან ამერიკული ბიზნესი, გაგვიხარდებოდა და ვიტყოდით, - საქართველოში კაპიტალის ჩადებას აპირებენო. ესენი არიან რუსეთიდან გამოქცეული ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის ძიების მიზნით, საქმის წამოწყებას აპირებენ. არის კიდევ ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ხელისუფლების ორიენტაციიდან გამომდინარე, რუსული ბიზნესი საქართველოში თავს კარგად გრძნობს და ასე უფრო მოიმაგრებენ ნიადაგს. მთლიანობაში, ეს არ არის კარგი, ვინაიდან, რაც მეტად გავხდებით ფინანსურად და ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებული, შესაბამისად, ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზეც აისახება.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რას აკეთებს უნგრეთი. ევროკავშირის ყველა სახელმწიფო მომხრეა რუსეთისთვის ემბარგოს დაწესების. უნგრეთი კი, რუსეთზეა მიბმული ენერგეტიკული ობიექტებით, ატომური ელექტრო სადგურით, ნავთობი რუსეთიდან შესდის და ა.შ. ეს ქვეყანა, რეალურად, იძულებული ხდება დაუპირისპირდეს მთელს ევროპას. ეს არის რუსული კაპიტალის კლასიკური გავლენა. ამის სანაცვლოდ კი ამბობს, რომ თუ გინდათ რუსეთთან არ ვიყო, 15 მილიარდი მომეცით, რომ თავიდან ავაშენო მთელი ენერგეტიკაო.
ამიტომ, რუსული ბიზნესი ძალიან საფრთხილოა, ასევე - რუსეთში ექსპორტიც. ვფიქრობ, რუსეთის წილი ჩვენს ეკონომიკაში ნელ-ნელა უნდა შევამციროთ,“- აცხადებს რომან გოცირიძე ჩვენთან საუბარში.
რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები მოხსნა. ახლა რუსებს საზღვრის გადაკვეთისთვის სპეციალური საფუძველი აღარ დასჭირდებათ და მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსის PCR ტესტის საბუთი უნდა წარადგინონ, რაც გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა აიღონ. შეზღუდვების მოხსნის შესახებ ბრძანება ფედერაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტის ბოლოს დახურა. საქართველოს ხელისუფლებამ ის 2021 წლის ივნისში გახსნა. რუსეთის მთავრობის ახალი ბრძანებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოხსნილია ზომები, რომლებიც გადაადგილებას ზღუდავდა.
აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან საუბარში რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ევროპაში რუსებს არავინ უშვებს და ტურისტული მიმართულება მათთვის საქართველო და სომხეთი გახდება.
„ამიტომ გაუადვილეს რუსებს საქართველოში გადმოსვლა და მეორეს მხრივ, ვითომ კეთილი ჟესტია ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ასევე, ეს ერთგვარი სიგნალია, რომ თქვენ ცუდად იქცეოდით უკრაინის მიმართ და ჩვენს მიმართ კარგად, ამიტომ ვამარტივებთ და ტურისტებს გიგზავნითო,“- აცხადებს რომან გოცირიძე.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge