დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"აფსუს ერეკლევ, შენს ღვაწლს ვერავინ წაშლის" - ვაჟა შუბითიძე 20.05.2022 10:54

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი - ვაჟა შუბითიძე

 

 

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე, საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება,  რაც ქართველი მეფის, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების გარშემო გაჩაღებულმა განხილვებმა გამოიწვია.

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ერეკლე მეორის მიმართ ზოგიერთი ჰეროსტატის მიერ გამოთქმულ ვაიმოსაზრებას, თითქოს ერეკლეს ქვეყნის ღალატი ჩაედინოს და რუსეთისთვის ჩაებარებინოს ქვეყანა. ერეკლე მეორეს ღვაწლის დამცრობის იდეა რუსებისგან მოდის და დიდხანს უტენიდნენ თავში ქართველებს.

 

ასეთი დონის სარდალი, რომელიც პირადად იბრძოდა ომში და ათეულობით ბრძოლა მოიგო ხშირად მცირე რაოდენობის მეომრებით, რუსებს არც დაესიზმრებათ. ერეკლეს ემორჩილებოდა და ხარკს აძლევდა ამიერკავკასიის ყველა სახანო და ეს ტერიტორიები უფრო ვრცელი იყო, ვიდრე აღმაშენებლის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიები. ერეკლეს მიერ ევროპაში გაგზავნილი ორი ელჩობა რუსებმა გაანადგურეს ფიზიკურად, ყველაზე ნიჭიერი შვილი მოუკლეს, გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული ორიგინალი გააქრეს და რუსული, სათავისო ვარიანტი შემოგვაჩეჩეს, მისი მემკვიდრეები მოატყუეს და ქართლ-კახეთის სამეფო დაიპყრეს და გააუქმეს, ხელოვნურად გაავრცელეს შავი ჭირი, რომელმაც ათეულათასობით ადამიანი იმსხვერპლა (თავიანთ მოხელეებს ცრიდნენ) და ა.შ,“- წერს ვაჟა შუბითიძე და ხაზს უსვამს, რომ ერეკლე მეორეს საქართველო რუსეთისათვის არ მიუერთებია. მან მხოლოდ პროტექტორატი ითხოვა და ქვეყნის დაპყრობა, მეფის გარდაცვალების შემდეგ მოხდა.

 

„ერეკლეს თავისი ქვეყანა რუსეთისთვის არ მიუერთებია, მხოლოდ პროტექტორატი სთხოვა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ რუსებმა ძალით დაიპყრეს ქვეყანა. ეს მისი რუსეთთან ურთიერთობის გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომა იყო, უფრო დიდი შეცდომა კი იყო იმერეთის სამეფოს არშემოერთება. ასევე გაზვიადებულია ლეკიანობის დამანგრეველი შედეგები. ეს რუსებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ - საქართველო უკვე ლეკებსაც ვეღარ უმკლავდებოდა და ჩვენ გადავარჩინეთო. რუსებმავე გადაგვკიდეს ჩრდილოკავკასიელებს, როცა ქართველები მათ დაპყრობაში ჩართეს და დაუპირისპირეს.

 

რუსების ისტორიოგრაფიის და იდეოლოგიის მავნე გავლენა ქართულ ისტორიაზე უნდა განეიტრალდეს მათი ახლებურად გააზრებით. აფსუს ერეკლევ, შენს ღვაწლს ვერავინ წაშლის, იძინე მშვიდად პატარა კახო!“ - წერს ვაჟა შუბითიძე.

 

ცნობისათვის, ერეკლე მეორის მოღვაწეობის გარშემო ხმაური და დაპირისპირება, ქართველი პოლიტიკოსისა და ფილოლოგის ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ იუთუბ არხზე გააკეთა.

 

„უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა... სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და – ომი გინდათ? ნუ ერეკლემაც ეგ თქვა, – აბა ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ჰოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება,“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ