დონბასში ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალები განზრახ ქმნიან საცობებს იმისთვის, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ზაპოროჟიედან გასვლაში ხელი შეუშალონ და ამით მათ „მეტი ტანჯვა მიაყენონ“.
„ისინი ლუგანსკის ოლქის ქალაქებს მხოლოდ იმის გამო ბომბავენ, რომ მოსახლეობამ მეტი ტკივილი და ტრაგედია განიცადოს, უფრო მეტად დაშინდეს და დანებდეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია ათასობით ადამიანზე.
„ყოველდღე უფრო და უფრო მეტ გვამს პოულობენ დანგრეული შენობების ნანგრევებში, მასობრივ საფლავებში, რომლებიც აღმოჩენილია უკრაინის აღმოსავლეთში მარიუპოლის მახლობლად“, - განაცხადა ლესია ვასილენკომ.
მისი მტკიცებით, კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება დამოკიდებულია რუსეთზე, რადგან ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, თუმცა, დეპუტატმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების" შესაძლებლობას ვერ ხედავს.
უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 1800 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა და თითქმის 200 მათგანი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა.
მისივე ცნობით, უკრაინა ზარალის აუდიტს ატარებს და აყალიბებს საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენის პროგრამას.
მინისტრის განმარტებით, ის შეუერთდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და რექტორების ონლაინ შეხვედრას, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ აღდგენილი უკრაინა იქნება მაღალტექნოლოგიური და ეს შეეხება განათლების მიმართულებასაც.
„ამიტომ ფუნქციონირებს უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭო, რომელშიც 23 სამუშაო ჯგუფს შორის არის განათლებისა და მეცნიერების აღდგენის სამუშაო ჯგუფი. იმის გამო, რომ დაახლოებით 1,8 ათასი დაწესებულება დაზიანდა და მათგან თითქმის 200 მთლიანად განადგურდა, ამჟამად მიმდინარეობს ზარალის აუდიტი და ყალიბდება პროგრამა თითოეული საბავშვო ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის აღდგენის მიზნით. ძლევამოსილ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც ყველა პროცესის მამოძრავებელია, აუცილებლად გავუმკლავდებით“, - წერს შკარლეტი.
მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან კი, სავარაუდოდ 1700 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, უცნობია, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება ამ დროისთვის ქარხნის ტერიტორიაზე.
„როგორც კი რუსეთი მარიუპოლს დაიკავებს, მოსალოდნელია, რომ საკუთარ ძალებს დონბასში ოპერაციის გასაძლიერებლად გადაისვრის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ომის დაწყების დროიდან მარიუპოლში უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ, სანამ ისინი ეფექტურ დისლოცირებას განახორციელებენ.
ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რუსი მეთაურები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც ისინი, ძალებს, სავარაუდოდ, ადეკვატური მომზადების გარეშე გადაანაწილებენ.
„რუსი მეთაურები იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, რომ ოპერატიული მიზნებს დემონსტრაციულად მიაღწიონ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გადაანაწილებს თავის ძალებს ადეკვატური მომზადების გარეშე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მტერმა სევეროდონეცკის რაიონში თავდასხმითი ოპერაციები განახორციელა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე. მტერი დაკარგული პოზიციების აღსადგენად კონტრშეტევას ცდილობს. ატარებს გაძლიერებულ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ბრძოლა გაგრძელდა ტერნოვისა და ვესელეს დასახლებების მიდამოებში. გარდა ამისა, მტრის მხრიდან დაბომბვა დაფიქსირდა რუსკი ტიშკის მახლობლად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, სლოვიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დოვგენკეს, ველიკა კომიშუვახასა და დოლინას დასახლებების მიდამოებში.
„დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცეცხლი გახსნა ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემიდან და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციიდან, რათა გაენადგურებინა ჩვენი ქვედანაყოფების სიმაგრეები კონტაქტის მთელ ხაზზე. ლიმანის მიმართულებით მტერი პერიოდულად ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას დიბროვასა და ზაკიტნეს დასახლებების ტერიტორიებზე,“- ნათქვამია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულების გარდა მტერმა დანაკარგები განიცადა ალექსანდროპოლისა და ვესელეს დასახლებების ტერიტორიაზე.
„ბახმუტის მიმართულებით, არტილერიისა და ნაღმტყორცნების მხარდაჭერით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები ვისკრივას დასახლების ტერიტოპრიაზე, ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ თავიანთი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ვოლოდიმირივკასა და ვასილივკას მახლობლად. ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს ალექსანდროპოლის დასახლების ტერიტორიაზე.
ავდიივკას მიმართულებით, მტერმა არტილერიის მხარდაჭერით თავდასხმა და შეტევითი ოპერაციები განახორციელა ვესელეს დასახლების ტერიტორიაზე, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.
ნოვოპავლოვსკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებებით მტერმა სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი ოჯახების სახლებზე. ნოვოდარივკას დასახლების ტერიტორიაზე კი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია ყოფილ პოზიციებზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები შავ და აზოვის ზღვებში აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 14 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 8 ტანკი, 14 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა და 6 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- აცხადებენ გენშტაბში.
ცნობისათვის, უკვე 85-ე დღეა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge