დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ევროპასა და აშშ-ში არის ძალა, რომელიც ცდილობს ივანიშვილი აიძულოს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს"- ზაალ კასრელიშვილი 20.05.2022 17:37

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასავლელი პოლიტიკოსების ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარკვეული ძალა ცდილობს, ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. 

 

კასრელიშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილის მიზანი  ბიძინა ივანიშვილზე პირდაპირი ზეწოლის განხორციელებაა, რასაც, ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში იოლად მიაღწევენ. ანალიტიკოსი ამ მიზნის უკან კორპორაციულ ინტერესს ხედავს და ამბობს, რომ საქმეში სერიოზული პოლიტიკოსები არიან ჩართულები.

 

"მე და ჩემი კოლეგები დარწმუნებული ვართ, არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ააღებინოს. ეს ძალა საქართველოს ფარგლებს გარეთაა, რომელსაც თანამოაზრეები ქვეყნის შიგნითაც ჰყავს. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოლიტიკოსების კორპორაციული ინტერესი და ამ საქმეში რამდენიმე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი შეიძლება იყოს გარეული.  

 

აქ ლაპარაკია არა შეთავაზებაზე, არამედ, გარკვეული ტიპის ზეწოლაზე, რომლის მიზანიცაა, ივანიშვილი აიძულონ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოს. შედეგად, მათთვის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა ბევრად იოლი გახდება, ამისთვის კი, საკმარისი იქნება ქვეყნის შიგნით მათი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ჯგუფების ისტერიკა,"- აცხადებს კასრელიშვილი. 

 

კითხვაზე, - რა ბერკეტებით აიძულებენ ივანიშვილს, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, კასრელიშვილი გვპასუხობს, რომ ამ მექანიზმებზე ის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ივანიშვილისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაზე უსვამს ხაზს. 

 

"არ ვიცი, მათ რა მექანიზმები აქვთ. ჯერჯერობით ის ჩანს, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფინანსურ ინსტიტუტებზე ზეწოლა მოახდინონ და პატარ-პატარა წინააღმდეგობები შეუქმნან ივანიშვილს. გარდა ამისა, მათ საქართველოში ჰყავთ წარმომადგენლები, რომლებიც შიდა პროცესების დროს, ივანიშვილს ყველა ბრუნვაში ახსენებენ და ამით დასავლეთს ეუბნებიან, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მაგრამ არ ჩანს, ე.ი. მას შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აქვს.

 

გარკვეული ძალა ცდილობს, ივანიშვილზე პირდაპირი ზეწოლა განახორციელოს და ამას მყარი არგუმენტი არ სჭირდება. ეს არის პროგნოზი და წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხელოვნურ ბარიერებს არ შეუქმნიდნენ,"- აცხადებს კასრელიშვილი. 

 

კითხვაზე, - შეიძლება თუ არა, რომ ბარიერების შექმნა, შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის დაგვიანებაზეც ისახებოდეს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ფაქტია, რომ ამ პროცესით ივანიშვილზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. 

 

"რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, ბარიერია, შემთხვევით არაფერი ხდება დედამიწის ზურგზე და მით უმეტეს წარმატებული ადამიანის მიმართ. ჩვენი ღრმა რწმენით, რაც ხდება ივანიშვილის თავს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, მის პირად ანგარიშებთან და კაპიტალთან დაკავშირებით და ასევე, რაც ხდება ცხინვალში, ეს არის არაპირდაპირი ზეწოლა, - ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღოს  ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შედეგებზე და ამით იოლი გახდეს მასზე ზემოქმედების მოხდება როგორც ოფიციალური სტატუსის მქონე ადამიანზე,"- განმარტავს კასრელიშვილი. 

 

ანალიტიკოსი ამ პროცესში რუსეთის როლსაც ხედავს და აცხადებს, რომ დუმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის ბერკეტებს ზრდის. კასრელიშვილის თქმით, ამერიკასა და ევროპას კორპორაციული ინტერესი ამოძრავებთ, რუსეთის მიზანი კი, ქვეყანაში შიდა დაპირისპირების გაღვივებაა.

 

"რა თქმა უნდა, ამ პროცესში რუსეთის როლსაც ვხედავ. ეს არ გაიგოთ ისე, რომ ამას მარტო რუსი აკეთებს. რუსები თავისი მიმართულებით მუშაობენ. მათი კოზირი ახლა ცხინვალის თემაა. იცით, რომ არჩევნები ჩატარდა და ახალმა ხელისუფლებამაც გამოაცხადა უკვე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ასევე, რუსეთმა ნება დართო ცხინვალის ხელისუფლებას, მოსახლეობამ ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს. ანუ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს მიეცათ უფლება, რუსეთის პასპორტი აიღონ და ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოთ. ვფიქრობთ, რომ ეს დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთი ბერკეტია, რადგან ეს მათ წინააღმდეგ ოპოზიციის პოზიციებს გააძლიერებს. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია როგორ აიტაცებს, კი ვიცით. იტყვიან, ქართული ოცნების დათმობის პოლიტიკამ რუსეთის მიმართ შედეგი არ გამოიღო, პირიქითო.

 

ამერიკაში და ევროპაში არის კორპორაციული ინტერესი. რაც შეეხება რუსეთს, მისი სახელმწიფო ინტერესია, რომ საქართველოში გაძლიერდეს ოპოზიცია, შედეგად კი, დაპირისპირება გამწვავდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რაც უფრო მღვრიე იქნება ქართული პოლიტიკური მდინარე, მით უფრო მეტ თევზს დაიჭერს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინაში საქმე კარგად არ აქვს,"- აღნიშნავს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთს ახლა საქართველოში დაპირისპირების გამწვავება განსაკუთრებულად სჭირდება. 

 

/თათია შაიშმელაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ