დღე: 21

ღამე: 11

USD 2.7492

EUR 3.1239

"ნუთუ წარმოდგენა არა გაქვთ საქართველოს მთაზე და ზოგადად, მთიელებზე?!" - თამილა გოგოლაური ლევან ბერძენიშვილს 08.06.2022 14:58

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამილა გოგოლაური ფეისბუქის გვერდზე, ლევან ბერძენიშვილს ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"რას „ერჩის“ ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას?!

 

„ქუჩის აკადემია“  -  „ალუდა ქეთელაური“...

 

მარტივად ვიტყვი ჩემს სათქმელს…

 

არ ვაპირებ „ალუდა ქეთელაურზე“ მოსმენილი ლექციის შეფასებას.  ამიტომ  თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილებ, რომლებსაც ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას პიროვნებაზე საუბრისას შეეხო.

 

ისე, „მკვახედ“ კი მომჭრა  ყური მისმა რამდენჯერმე გამეორებულმა ერთი და იმავე ფრაზამ: „ვაჟა-ფშაველამ თქვა, რომ მტერობა საერთოდ არ არსებობსო....“, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები, რადგან ვაჟას მსგავსი არაფერი უთქვამს... 

 

 „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობისას დროის უმეტესი ნაწილი იმის დემონსტრირებას დაეთმო, თუ რაოდენ ნაკითხი, ერუდირებული და კარგი მოსაუბრეა ბ-ნ ლევანი, რამდენად კარგად იცნობს ის რუს კლასიკოსთა შემოქმედებას, ძველ ბერძნულ ლიტერატურას, შესანიშნავად ფლობს ალუზიების ხელოვნებას... და ა.შ., რაც უდავოდ დასაფასებელია...  მაგრამ მის პიროვნებას ერთგვარად ჩრდილს აყენებს თხრობაში შიგადაშიგ, ირიბად ჩართული ვაჟას სახელთან დაკავშირებული ის ცრუ ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ლიტერატურის „მეტრად“ წოდებულ კაცს... 

 

განსწავლული ფილოლოგისაგან გენიოსის ინტიმურ ცხოვრებაზე ნათქვამი სიყალბე-სიცრუე კი,  სამწუხაროდ, უფრო მარტივად ილექება ახალგაზრდების ქვეცნობიერში, ვიდრე ის, თუ რატომ არის ვაჟა გენიალური მწერალი.

 

დიდი კონსტანტინეს სიტყვები მახსენდება, ფარსმან სპარსს რომ ათქმევინა:

 

 „...ჩემი სიტყვები... ნელა, სავსებით ნელა ჩასწვდებიან მსმენელს და ისე გვიან ეწვეთებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გავლებული კვამლი თრიაქისა, გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდის და გვიან, გვიან მიჩვენებენ ზემოქმედებას...“

 

აი, სწორედ ეს არის სახიფათო... 

 

არავინ იცის, მრუდედ ნათქვამი სიტყვა როდის გამოიღებს შედეგს...

 

მაინც რას ვედავები ბ-ნ ლევანს?

 

 იგი ბრძანებს:

 

„ვაჟა-ფშაველა არის სიმბოლო“... ის „ფლობს თავანკარა ქართულ ენას პროზაში, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული თურმე კარგად სცოდნია, ამავე დროს ის არის ვაჟა-ფშაველა, რომელიც წერს ძალიან უცნაურ დიალექტზე, რომელიც, თუ შეისწავლით სადმე, აღმოჩნდება, რომ არანაირი დიალექტიც არაა (?!)... ეგეთი დიალექტი არ არსებობს (?!), ეს არის ე.წ. ვაჟას ენა, რომელიც ზოგიერთს ჰგონია ფშაური დიალექტი, მაგრამ მერე ირკვევა, რომ არა, ფშაური დიალექტიც არ არის...“ (სტილი დაცულია!);

 

ნათქვამიდან გამოდის, რომ ვაჟა-ფშაველა წერდა არა ფშაურ დიალექტზე (იგულისხმება მისი პოეზია), არამედ რაღაც სხვა, „უცნაურ ენაზე“, „ვაჟას ენაზე“, რომელიც „ზოგიერთს ჰგონია ფშაური დიალექტი,“ მაგრამ ის   ფშაური დიალექტი არ ყოფილა. 

 

ჩნდება კითხვა: 

 

რა ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით უგულებელყოფს  ბ-ნი ლევანი ვაჟას პოეტური ენის საფუძველს, ფშაურ დიალექტს,  მაშინ, როცა თავად ვაჟას სავსებით გაცნობიერებული ჰქონდა ამ დიალექტის სიდიადე და  საკუთარ პოეზიაში მისი გამოყენების მხატვრული ღირებულება?  

 

ფშაური დიალექტის მადლს რომ ეზიაროს მკითხველი, ეს დიალექტი კარგად უნდა შეისწავლოსო, - ბრძანებდა დიდი ვაჟა: 

 

„.ნამეტნავად ფშაური პოეზია სულის გამაღვიძებელი თავისი კილოთი, ძველებურის სიტყვების ფორმებითა და თავისებური შეხედულებებით მსოფლიო ცხოვრებაზე, ს ა ჭ ი რ ო ა  ი ც ო დ ე ს  არა მარტო მწერლებმა, არამედ ყველა ქართველმაც...“

 

ფშაურ დიალექტზე ასეთი შეხედულების მგოსანი სხვა დიალექტს (ანუ „სხვა ენას“) რატომ დაუწყებდა ძებნას ან ახლად „შექმნას“? 

 

არც დაუწყია... მას „გამზადებული“ დახვდა ის პოეტური ენა, რომელიც მისი პოეზიის საფუძველთა საფუძველია.

 

ბ-ნ ლევანი უფრო შორს მიდის, როცა ამბობს: „ვაჟას ენას, პირობითად შეიძლება ეწოდოს „ვაჟაფშაველიზმი“ ან კიდევ რაღაც სხვა“... - რაშიც ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმო კიდეც, თუმცა ეს მოსაზრება მას არ ეკუთვნის, იგი გაცილებით ადრე გამოთქვა  ბ-ნმა ზურაბ კიკნაძემ, თანაც, ეს „რაღაც სხვა ენა“ ნამდვილად არ შეუქმნია ვაჟა-ფშაველას. მას ეს „ენა“ ჩამოქნილ-ჩამოძერწილი დახვდა აღმ. საქ-ოს მთიანეთის საერთო პოეტური ენის სახით, რომელსაც პირობითად „მთიურ კოინეს“ უწოდებს ზ. კიკნაძე  და აღნიშნავს: „ეს არის ხანგრძლივი ტრადიციით ნაკურთხი პოეტური დიალექტი, რომელიც საერთო იყო და არის ყველა ქართველი ტომისათვის აღმ. საქ-ოს მთიანეთში...“ და რომ „ვაჟას ენა სწორედ ეს „კოინეა“ და არა როგორც მიჩნეულია, ფშაური კილო, თუმცა ის ფშაურ „წიაღშია გატარებული.“ 

 

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, კერძოდ: ფოლკლორის მკვლევარი ი. გოგოლაური ზ. კიკნაძის მოსაზრებასთან დაკავშირებით მართებულად სვამს შემდეგ კითხვებს: 

 

„მაშ, საიდან მოვიდა ეს ახალი პოეტური ენა („მთიური კოინე“)? საიდან გაჩნდა იგი? რამ განაპირობა მისი საერთო სალექსო ენად კურთხევა? როგორია მისი გენეზისი?კიდევ უფრო საინტერესოა, სრულიად ახალი მოვლენაა იგი აღმ. საქ-ოს მთის პოეზიისათვის, თუ რომელიმე კუთხის პოეტური დიალექტის გაბატონებიდან იღებს სათავეს? თუ ეს ასეა, მაშინ რომელი კუთხის დიალექტი უნდა ყოფილიყო ამ ბედნიერი ხვედრისათვის წილნაყარი, „ხანგრძლივი ტრადიციით ნაკურთხი პოეტური დიალექტი“? რამ განაპირობა მისი გადაქცევა დასახელებული რეგიონის საერთო სალექსო დიალექტად? საიდან მოფრინდა ეს მშვენიერი მგალობელი ფრინველი, რომლის ჭიკჭიკ-გალობა ყველა კუთხემ თავისად მიიღო და მოიშინაურა, შემდეგ კი მას დაეფუძნა ვაჟა-ფშაველას და საერთოდ, რაზიკაშვილების პოეტური ენა?..“ 

 

ი. გოგოლაური არ იზიარებს  ზ. კიკნაძის მოსაზრებას, რომ „მთიური კოინე“ დასახელებული მხარის გარეთ მდგარი დიალექტია, რომ თითქოს აღმ. საქართველოში არსებობდა რაღაც სხვა პოეტური ენა, რომელიც გაითავისეს არამარტო მთის კუთხეებმა, არამედ თვით ვაჟა-ფშაველამაც კი.

 

საკითხის გამოწვლილვითი შესწავლის საფუძველზე მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ეს ხანგრძლივი ტრადიციით ნაკურთხი პოეტური დიალექტი“, რომელიც საფუძვლად დაედო ამ რეგიონის ხალხური პოეზიის საერთო სალექსო ენას, ფშაური დიალექტია! 

 

დიახ, ამ პროცესში  ფშაური დიალექტი დომინანტი დიალექტია!..

 

სწორედ ფშაური ხალხური პოეზიის  „სულის გამაღვიძებელმა“ მხატვრულმა კილომ, მისმა სიახლოვემ ძველ ქართულ სალიტერატურო ენასთან, სისადავემ და ფილოსოფიურმა სიღრმემ განაპირობა მისი საერთო სალექსო ენად გადაქცევა აღმოსავლეთ საქართველოს მთის კილოთა შორის (იხ. ი.გოგოლაური, „აღმ. საქ-ოს მთიანეთის კუთხეთა ხალხური პოეზიის საერთო პოეტური ენის შესახებ“, ხუთტომეული, ტ. IV, 2018, გვ.11-40).

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბ-ნ ლევანი ისევე არ იცნობს ფშაურ დიალექტს, ფშაური ხალხური პოეზიის ენას, იმ ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებთა ეთნო-კულტურას, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, როგორც ვაჟას დროინდელი  ლიტერატურული ელიტა, თორემ მისნაირ განსწავლულ კაცს აღმოსავლეთ საქ-ოს ხალხური პოეზიის ენასა და ვაჟას პოეზიის ენას შორის მსგავსება-იდენტურობის დანახვა არ გაუჭირდებოდა...

 

არცოდნა არცოდვაა, მაგრამ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ბ-ნ ლევანის ის ბრალდებები, რომლებიც მან ვაჟას წაუყენა,  როცა მის პირად, ინტიმურ ცხოვრებასა და ზნეობას „ავად“ შეეხო... დასასრულს  კი „საკონტროლო ტყვიაც“ გაისროლა და  სტალინი ლამის ვაჟა-ფშაველას  უკანონო მემკვიდრედ გამოაცხადა. 

 

მართალია, ბ-ნ ლევანმა აღნიშნა: ასეთი ჭორები დადიოდა ვაჟაზეო, მაგრამ იქვე თავადვე შეეცადა ამ ჭორებისათვის „ნამდვილობის“ ელფერი შეეძინა, როცა  დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე ვაჟას ნეშტის გადასვენება, შემდეგ კი მის გვერდით პროლეტარიატის დიდი ბელადის დედის, კეკეს, დაკრძალვა ირიბად მაინც სტალინის სახელს დაუკავშირა... 

 

რისთვის დასჭირდა ბ-ნ ლევანს ამის თქმა?  მისი მიზანი ამ კონტექსტში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ვაჟას პიროვნების დაკნინება... 

 

სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ  იგი ეპითეტებს არ იშურებს „ალუდა ქეთელაურის“ ავტორის შესაფასებლად, მაგრამ ვინ, ვინ და, ბ-ნ ლევანმა ხომ ზუსტად იცის, რომ ეს ყურმოკრული ჭორ-ამბავი (სტალინის დედისა და ვაჟას ვითომ სასიყვარულო ისტორია) მტკნარი სიცრუეა?

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტალინი 1878 წელს დაიბადა, ვაჟა კი გორში სასწავლებლად 1879 წელს ჩავიდა, სულ რაღაც 16-17 წლის ყმაწვილი. 

 

დიახ, აქ ნამდვილად არ ყოფილა ბ-ნი ლევანის მიზანი ვაჟასთვის ჩრდილის მიყენება. მან სტალინს ესროლა „ტალახი“, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „მიანიშნებდა, რომ შეიძლება ვაჟა-ფშაველას შვილიც კი არის..“, მაგრამ, ამ ტალახის შხეფი დიდ ვაჟასაც რომ მოხვდა, რა ვქნათ?!

 

გენიოსებზე საუბრისას განა აუცილებელია  ამგვარი „შეთითხნილი“ ჭორების გავრცელება?! „ვიღაცისაგან გაგონილი ამბავი“ მტკიცებულება ხომ ვერ იქნება?!

 

 .

 

დავუბრუნდეთ სხვა ბრალდებებს.

 

ცნობილი ფაქტია, რომ ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძლის“ წერისას  ორი თვე იფიქრა იმაზე, თუ რა პასუხი უნდა გაეცა ჯოყოლას აღაზასათვის, რომელმაც  ქისტების მოსისხლე მტერი ზვიადაური მალულად დაიტირა.

 

ლევან ბერძენიშვილი ბრძანებს:

 

„... ვაჟა-ფშაველა არის სულ ცოტა რამდენიმე კაცი. ერთი ის, რომელსაც ჩვენ გავასწარით (?!) იმიტომ, რომ ის ღელავდა იმ ადგილზე, რომ ცოლმა იტირა უცხო ადამიანი და ის ორი კვირა შეფერხდა... ვერ წერდა, 2-3 კვირის შემდეგ გააგრძელა წერა და ამასობაში ორი-სამჯერ ცემა საკუთარ მეუღლეს, სხვათაშორის...“ – (სიტყვაზე „სხვათაშორის“ - აქცენტია დასმული, სტილი კი დაცულია!).

 

ჯერ ერთი, აუხსნელი დარჩა, ჩვენ რით გავასწარით ვაჟა-ფშაველას და მეორეც, საინტერესოა, სად წაიკითხა ან ვინ უთხრა მას ზემოთ მოყვანილი ეს მტკნარი სიცრუე?! ნათქვამს ხომ უნდა დამადასტურებელი საბუთი? წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნ ლევანი კვლავ ჭორებს აყოლილი ცრუობს...

 

მისი ნათქვამიდან გამოდის, რომ ვაჟა გენიოსი კი არის (ამას მრავალგზის  ხაზგასმით აღნიშნავს), მაგრამ როგორც პიროვნება, იგი ქალებზე მოძალადე, უღირსი კაცია (?!)... 

 

საოცარია პირდაპირ...

 

როცა ვაჟამ „სტუმარ-მასპინძელი“ დაწერა (დაიბეჭდა „ივერიაში“ 1893 წელს)  ამ დროსათვის მას ცოლად ჰყავდა კეკე (ეკატერინე) ნებალაძე, თავად ოთარ ამილახვრის უკანონო  შვილი, რომელიც დიდ პოეტს უსაზღვროდ ჰყვარებია. მათ 4 შვილი შეეძინათ და გაჭირვებული ყოფის მიუხედავად, ცხოვრობდნენ ურთიერთგაგებითა და სიყვარულით. ვაჟას ოჯახის წევრებიც კეკეს ყოველთვის პატივისცემით, მადლიერებითა და სიყვარულით იხსენებდნენ.

 

ვაჟასა და კეკეს ტრფობის ამბავი საარაკოდ ქცეულა ჩარგალში. ამ სათნო, უკეთილშობილეს სიფრიფანა ქალს, ვაჟას გულის მალამოდ, სულიერი სიმშვიდის გარანტად და პოეტური შთაგონების წყაროდ რომ იქცა, ხელში აყვანილს დაატარებდა თურმე სიყვარულით ფრთებშესხმული ლუკა რაზიკაშვილი...

 

თავად კეკეც - მშვიდი, მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე - ვაჟას ბობოქარი ბუნების მალამო ყოფილა. თუ ვაჟა ვინმეზე ან რაიმეზე სამართლიანად გაჯავრდებოდა (ვიცით, რომ პოეტი ვერ იტანდა უსამართლობას, ცილისწამებასა და უდიერ, უგუნურ ქცევას), კეკე მას სიყვარულით ხელებს მოხვევდა  და იქ ქრებოდა ვაჟას გაბრაზებაც...

 

კეკეს მოულოდნელმა სიკვდილმა (1902 წ.) უმძიმესი სულიერი ტრავმა მიაყენა ვაჟას. ლექსი „იას უთხარით ტურფასა“ სწორედ კეკეს მიუძღვნა მგოსანმა. 

 

აი, ამ კეკეზე ამბობს ბ-ნი ლევანი, სანამ ვაჟა ჯოყოლას პასუხს გააცემინებდა აღაზასათვის, ორი-სამჯერ  სცემაო... გამოდის, კვირაში ერთხელ უცემია ვაჟას სათაყვანებელი მეუღლე...

 

რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ ამაღლებულ და წმინდა გრძნობასაც  შებედეს ლაფის სროლა...

 

დარწმუნებული ვარ, ქალთა შესახებ დაწერილ ვაჟას ყველა პუბლიცისტურ წერილს კარგად იცნობს ბ-ნ ლევანი. მაშ, რაში დასჭირდა მას ჭორად გაგონილი, თუ მის მიერ მოგონილი ამ „მამალი ტყუილის“ აუდიტორიის წინაშე „გამომზეურება“?!

 

ვაჟა, ეს უდიდესი ჰუმანისტი, სცემდა ქალს, საყვარელ მეუღლეს, ოთხი შვილის დედას?!... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ეყოლებოდა მას თამარი, რომელიც საერთოდაც არ ჰყვარებია და  კეკეს გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ შვილების აღსაზრდელად აიყვანა ჩარგალში, ალბათ, სულ „ცემა-ტყეპაში“ ეყოლებოდა ის „ბეჩავი“...(?!) 

 

ტყუილად არ მითქვამს, ბ-ნ ლევანი საერთოდ არ იცნობს ფშავლებს, მათს ფსიქოტიპს-მეთქი... ერთი წუთით დავუშვათ, მსგავსი რამ მართლაც მომხდარიყო, მაშინ ხომ  არამარტო ჩარგალს, მთელ ფშავს ეცოდინებოდა ეს ამბავი?! სოფელს ენა-პირს ვინ აუკრავდა?! ან ამ ფაქტის გამო, სულ ცოტა,   ვაჟას  გაულექსავს როგორ დატოვებდნენ ფშავლები?... მე შენ გითხრა, ვერ გაუბედავდნენ...

 

გამოდის, ვაჟა-ფშაველას მთელი  შემოქმედება „ფარსი“ ყოფილა... ასეთი დაბალი ზნის მწერალი, რაც არ უნდა „მარგალიტები“ აფრქვიოს, ხომ აჩენს მიუღებლობის განცდას? 

 

რატომ დასწამა ცილი ლ. ბერძენიშვილმა დიდ ვაჟას, რატომ გამოაცხადა იგი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ქალებზე მოძალადე კაცად, ვერაფრით ამიხსნია... თუმცა, ჯერ სადა ვართ?  

 

ლ. ბერძენიშვილი აგრძელებს:

 

 „... სხვათა შორის, და საერთოდ, ვაჟა-ფშაველას, როგორც პიროვნებას, ჩვენ შეგვიძლია, ლუკა რაზიკაშვილს, შეგვიძლია ძალიან ბევრი ნაკლი მოვუძებნოთ, მათ შორის გავიხსენოთ, რომ პეტერბურგში სახლში შეჰყვა ქალს და იქ უპირებდა გაუპატიურებას საკუთარი ქმრის თვალწინ ლამის...“ (სტილი დაცულია!).

 

ტყუილად არ მითქვამს: ჯერ სადა ვართ-მეთქი. ვაჟა უბრალოდ მოძალადე კი არა, სექსუალური მოძალადეც ყოფილა?! 

 

უნაკლო ადამიანი არ არსებობს... არც ვაჟა იქნებოდა გამონაკლისი ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი,  მაგრამ კაცს (თანაც გააჩნია, რა კაცს!) ტყუილუბრალოდ ცილი  დასწამო და ის  სექსუალურ მანიაკად გამოაცხადო, რომელიც  ქუჩაში ქალებს დასდევს და ავიწროებს, მეტისმეტია!.. მეტისმეტია, ღმერთმანი!!!

 

ამ კონტექსტში ბ-ნ ლევანის სიტყვები იმ კაცის ნათქვამს მაგონებს, საკუთარ თვალში დირეს რომ ვერ ხედავს და სხვის თვალში (თანაც, ისიც საკითხავია, ვის თვალში!) ბეწვი რომ აქლემად ეჩვენება...

 

„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“, - ეს ანდაზა ასეთ შემთხვევაში ზედგამოჭრილიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მაინტერესებს, რა მასალებზე დაყრდნობით აკეთებს ამგვარ დასკვნას ბ-ნ ლევანი? აქვს თუ არა მას რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება, რომ ვაჟამ პეტერბურგში ყოფნისას, მართლაც, „ლამის ქმრის თვალწინ“ გააუპატიურა ახალგაზრდა პეტერბურგელი ქალი? 

 

მე მსგავსი არაფერი მსმენია და იქნებ ბ-ნ ლევანმა დამაკვალიანოს როგორმე... თუ მას მხედველობაში აქვს  ს. ყუბანეიშვილის წიგნში მოყვანილი ერთი მოგონება, თამამად ვიტყვი, რომ იმ მოგონებიდან მსგავს დასკვნას ნამდვილად ვერ გამოიტას ჭკვათამყოფელი კაცი, თუ მიზანმიმართულად არ მიმართავს ინტერპრეტაციის  უნარს და მას გამრუდებულ წარმომსახველობით ნიჭსაც ძალუმად არ მიაშველებს... 

 

აი, რას წერს სოლომონ ყუბანეიშვილი: 

 

„პეტერბურგში ყოფნისას ვაჟას ერთხელ ქუჩაში მიმავალი ქალი მოსწონებია (და თუ კარგი ქალი იყო, რატომ არ უნდა მოსწონებოდა?! კიდევ კარგი, კაცი არ მოეწონა, თორემ მერე გენახათ ჭორები...). აღარ მიუცია გზა და მოსვენება. ბოლოს ქალს უთქვამს, მაშ, კარგი, წამოდი ჩემთანო. ვაჟაც გაჰყოლია (და რომელი კაცი არ გაჰყვებოდა, როცა მისი მოწონებული ქალი სახლში ეპატიჟება?). შინ მისვლისას უნახავს, ოჯახი სავსეა: ქალები, ბავშვები, კაცები... უკან ვეღარ გამობრუნებულა, არ გამოუშვიათ. ქალს წაუვლია ხელი, მიუყვანია ერთ კაცთან და უთქვამს: „პრედსტავლიაიუ ეტოგო ნახალაო“. ძალიან დამცხაო, - უთქვამს ვაჟას, - მაგრამ რაღას ვიზამდი? მოვიხადე ბოდიშიო (ს. ყუბანეიშვილი, ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი, 1961, გვ.131).

 

ამ მოგონების მიხედვით, შეიძლება ვაჟას მოძალადე, ავხორც, უმწეო ქალების გამაუპატიურებელ კაცად წარმოჩენა?! 

 

მართლაც, კაცის ფანტაზიასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! 

 

კბილები მხოლოდ საკვების დასაქუცმაცებლად ხომ არ მოუცია უფალს ჩვენთვის, მათი ენაზე დაჭერაც უნდა შეგვეძლოს, რაც რ უნდა გრძელი ენა გვქონდეს, რათა უაზროდ პირზე მომდგარმა სიტყვამ ჩვენ თავად არ დაგვაზარალოს...   

 

 

ზემოთ მოყვანილ შემთხვევასთან დაკავშირებით გრ. კიკნაძე აღნიშნავს: „... სხვა, ფროიდიზმისათვის ძალიან საგულისხმო მხრიდან თუ შევამოწმებთ თვით ვაჟას მონაცემებს, ერთადერთი, რის თქმაც შესაძლებლი იქნება, ისაა, რომ    იგი „მაღალი მამაკაცური პოტენციის მქონე“  სავსებით ნორმალური ვაჟკაცი იყო“. 

 

ბ-ნ ლევანი კი განაგრძობს:

 

„ ...ანუ ვაჟა-ფშაველა ცოტა სხვანაირი კაციც იყო. ახლა მთლად ისეც არ არის საქმე და მის ბიოგრაფიას ნუ დავმალავთ იმიტომ, რომ ვისაც ადგილები დაუვლია, ალბათ ეცოდინება, რომ მთაში ძალიან ტრაბახობენ ხოლმე: აქ უყვარდა, ამ სახლში გაჩერება, რაც კაცმა არ იცის, რას ნიშნავს ეხლა, მასპინძლისაგან განსაკუთრებით (?!)... ლამის მინიშნებაა - შთამომავალი არი... (?!), ძალიან ჰგავს იმას, რასაც გვეუბნებიან ხოლმე ქართველებს, როცა ჩავდივარ ჰოლანდიაში, მაგალითად ტექსელზე...“ (სტილი აქაც დაცულია!).

 

ხომ გითხარიათ, მელას რაც ელანდებოდა-მეთქი...

 

ბ-ნ ლევან, ეს თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ფშავლების სიამაყით ნათქვამი: აქ უყვარდა ვაჟას გაჩერებაო, რადგან წარმოდგენა არა გაქვთ საქ-ოს მთაზე, იმ სიწმინდეებზე, რაც ხელშეუხებელია მთიელთათვის... ხვდებით მაინც, რომ თქვენი უცოდინრობით და ზემოთ ნათქვამი სიტყვებით მხოლოდ ვაჟას კი არა, მის გამზრდელ კერას, ოჯახსა და სრულიად ფშავ-ხევსურეთს შეურაცხყოფთ?

 

მთიელები ასე ადვილად ღირსების ხელყოფას რომ არავის პატიობენ, გეცოდინებათ...  ხევსურების სამართლიანი აღშფოთების ამბავიც გემახსოვრებათ, როცა  მ. ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“ გამოქვეყნდა... მაგრამ ის მხატვრული ნაწარმოები იყო და ავტორად მიხეილ ჯავახიშვილი ჰყავდა, თქვენ კი ვინ ბრძანდებით, რომ ასე უაპელაციოდ შეურაცხყოფთ მთის ადათ-წესებსა და ტრადიციებს, რა უფლებით, რა ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით აკნინებთ „ალუდა ქეთელაურის“, „სტუმარ-მასპინძლის“, „სისხლის ძიების“, „გოგოთური და აფშინას“, „გველისმჭამელისა“ და სხვა მრავალთა დამწერს, მოძალადე ავხორცად, გარყვნილ, ზნეობისაგან დაცლილ კაცად რომ წარმოგვიჩინეთ? 

 

ნუთუ მართლა საერთოდ წარმოდგენა არა გაქვთ საქართველოს მთაზე და, ზოგადად, მთიელებზე?! 

 

რას ემსახურება თქვენი ეს სკანდალური გამოხდომა, „ეპატაჟურს“ რომ უწოდებენ?  

 

თავად ვაჟაა ღირსების „მეტრი“ და ეს არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, თავისი ცხოვრების წესითაც არაერთგზის დაუმტკიცებია... თქვენთვის კი, ეტყობა,  ღირსებას ფასი დაუკარგავს,  თორემ ამას როგორ იკადრებდით?! 

 

ჩემს მთავარ კითხვაზე, რატომ შეურაცხყავით ვაჟას პიროვნება, პასუხის საძებნელად, კიდევ კარგი, შორს წასვლა არ დამჭირდა, რადგან პასუხს თქვენ თავად ამბობთ თქვენსავე ლექციაში: 

 

„თუ გინდა მტერს მიაყენო შეურაცხყოფა, ყველაზე ძვირფასს უნდა ჩაავლო ხელი და უნდა შეუგინოო...“

 

თქვენ პირადად მე, როგორც ფშაველ ქალს, მომაყენეთ შეურაცხყოფა, როცა ჩემთვის უძვირფასესი პიროვნებისა და ყველა ქართველ მწერალზე აღმატებული მწერლის დამცირება სცადეთ... 

 

თქვენ სრულიად ფშავ-ხევსურეთსა  და  მთას მიაყენეთ შეურაცხყოფა, როცა მათი წმინდა ტრადიციები შებღალეთ... 

 

თქვენ სრულიად საქართველო შეურაცხყავით, როცა მისთვის ყველაზე ძვირფასი, ღმერთივით სალოცავი კაცთსაკითხავი კაცი მოძალადე ავხორცად წარმოაჩინეთ... 

 

დიახ, თქვენ, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს „წამოავლეთ ხელი“ და დაუფიქრებლად თუ მიზანმიმართულად „შეგვიგინეთ“...

 

გამოგივიდათ!!! 

 

„მახლას!!!“ - როგორც დიდ ვაჟას უყვარდა ხოლმე თქმა...

 

ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ:

 

თქვენ ქართველთა მოყვარე ხართ თუ მტერი? 

 

 

რატომ გძულთ ასე ქართველი ხალხი და ყველა ის სიწმინდე, ერს აქამდე იდენტობა რომ შეუნარჩუნა?!" - წერს თამილა გოგოლაური. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge