დღე: 26

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

"უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, მუშახელის დეფიციტი მაინც პობლემად რჩება" - "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი 10.06.2022 17:21

საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა.

 

პანდემიამ დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე. მათ შორის, გამონაკლისი არც სარესტორნო ინდუსტრია ყოფილა. კერძოდ, პანდემიის დაწყებიდან მალევე, როგორც საქართველოში, ისევე როგორც  მსოფლიოს  სხვა ქვეყნებში, მკაცრი რეგულაციების ქვეშ არაერთი რესტორანი მოექცა, რამაც, აღნიშნულ  სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უმეტესმა ფინანსურ კრიზისს ვერ გაუძლო და ზარალის თავიდან აცილების მიზნით ბაზრის დატოვება ამჯობინა.

 

დღეს კი, როდესაც პანდემიის ტალღა საგრძნობლად შემცირდა და სარესტორნო ინდუსტრია მკაცრი რეგულაციებიდან გათავისუფლდა, სფეროში გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. ამჟამად, მსხვილი თუ მცირე სარესტორნო ქსელის მფლობელები კადრების ნაკლებობაზე საუბრობენ. 

 

იმისათვის, რომ გაგვერკვია, უშუალოდ რა გამოწვევების წინაშე დგას სარესტორნო ინდუსტრია, რამდენიმე კითხვით "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელს, შოთა ბურჯანაძეს დავუკავშირდით, რომელიც "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რესტორნების უმეტესობა დღეს სტუმრის ნაკლებობას არ განიცდის. პირიქით, მისივე თქმით,  რესტორნებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, რაც, მომავალში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ სფეროს განვითარებისთვის.

 

- შემიძლია გითხრათ, რომ  რესტორნების უმეტესობა, ამ ეტაპზე სტუმრებით გადავსებულია. უახლოეს მომავალში კი, ტურიზმის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მოგეხსენებათ, ზაფხულში, აქტიური ტურისტული ადგილი შავი ზღვის ზოლია, ამიტომ იქ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სარესტორნე სფეროზე მოთხოვნის საკმაოდ ზრდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, ინდუსტრიაში პრობლემები კვლავაც რჩება. ვგულისხმობ ბიზნესის ნაწილს, რომელიც პანდემიის დროს განადგურდა და ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა. რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დღემდე რჩებიან.

 

- რა მნიშვნელოვან გამოწვევებზეა საუბარი?  რა ძირითადი პრობლემების წინაშე რჩება სარესტორნო ინდუსტრია?

 

- მნიშვნელოვანი გამოწვევები  გვაქვს კადრების ნაკლებობის კუთხით.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, მუშახელის დეფიციტი მაინც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს არა მარტო ჩვენს სფეროს, არამედ, სხვა სფეროებსაც ეხება. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ პროფესიონალი კადრების ნაკლებობაზე კი არა, ზოგადად, კადრების დეფიციტზეა საუბარი.  ეს გამოწვევა კი იმდენად დიდია, რომ შეიძლება მოთხოვნათა მიმართებაში გარკვეული კოლაფსიც გამოიწვიოს.

 

- კი მაგრამ, რატომ ვერ ინარჩუნებენ რესტორნის მფლობელები კადრებს?

 

- სწორი შეკითხვაა... პანდემიის დაწყებასთან ერთად, კადრების გადინება სხვადასხვა სფეროში მოხდა. შესაბამისად, მოხდა მათი არ დაბრუნებაც ამ სფეროში. დასაქმებულთა ძალიან დიდი რაოდენობა სამუშაოდ საზღვარგარეთ გავიდა. ხოლო, პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესის ჩავარდნამ გამოიწვია ის, რომ რესტორნების მფლობელთა უმეტესობამ ვერ შეძლო დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდა. შესაბამისად, ამ სფეროდან კადრების გადინება უფრო მეტია, ვიდრე - შემოდინება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სფეროზე საკმაოდ დიდია მომხმარებელთა მოთხოვნა.


- მესამე ტალღის შიშმა და ვაქცინაციის დაბალმა მაჩვენებელმა ექსპერტთა წრეებში გარკვეული მოსაზრება გააჩინა. მაგალითად, ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სარესტორნო ბიზნესი წელსაც ჩავარდეს. ეთანხმებით თუ არა მსგავს მოსაზრებას?

 

- ამ ეტაპზე სარესტორნო ბიზნესის ჩავარდნის საშიშროება ნამდვილად არ არის. როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის შესუსტების შემდეგ, სარესტორნო ინდუსტრიაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუმცა, ის პრობლემები, რომლებიც პანდემიის შედეგად ამ სფერომ მიიღო, ვფიქრობ, ვერ აღმოიფხვრება.


- რატომ? აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის რისი გაკეთებაა საჭირო?

 

- გარკვეულმა რესტორნების ქსელებმა, რომლებმაც კადრები დაკარგეს და ამით მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს, მათი აღდგენა დღესდღეობით შეუძლებელია. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კი,  ის ძირითადი მიზეზებია, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის სარესტორნო ინდუსტრიის განვითარებისთვის. ჩემი აზრით, რამდენიმე წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიამ აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ დაძლიოს.

 

სხვათა შორის, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ვამბობდი, რომ ის, რის შექმნასაც 20 წელი მოვანდომეთ, პანდემიამ მისი ნგრევა გამოიწვია. ამიტომ, დღეს ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთავის, რომ ეს ყველაფერი აღვადგინოთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები საკმაოდ სავალალო იქნება.

 

/თეო მჟავანაძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge