დღე: 25

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

„ქართული გაზაფხული ბორჯომში“ - რას წერს უცხოური პრესა 20.06.2022 15:56

ბრიტანული ლეიბორისტული ჟურნალი „ტრიბუნა“ (Tribune) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ქართული გაზაფხული ბორჯომში“ (ავტორი - სარა ბრედლი), რომელშიც განხილულია ცნობილი მინერალური წყლის „ბორჯომის“  ჩამომსხმელი ქარხნების მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული სიტუაცია.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

 

საქართველოში ცნობილი მინერალური წყლის „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომლების გაფიცვამ რეზონანსი გამოიწვია კავკასიის რეგიონის ფარგლებს გარეთაც. პროფკავშირებისა და „ბორჯომის“ ქარხნების გაფიცვის მონაწილენი თვლიან, რომ მათ ბრძოლას შეიძლება შედეგი მოჰყვეს როგორც მთელი ქართული საზოგადოებისათვის, ასევე ქვეყნის პროფკავშირული მოძრაობისთვისაც, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში ბრიტანელი მკითხველისათვის მოკლედ არის აღწერილი „ბორჯომის“ ისტორია, მისი მშვენიერი ბუნება და ადგილობრივი მინერალური წყალი, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს და რომელიც ცნობილი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს, რომანოვების დინასტიის მმართველობის პერიოდში გახდა. 1921 წლიდან, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოექცა რუსეთის წითელი არმიის თავდასხმის შემდეგ, მეფისდროინდელი მდიდრული ვილები  სანატორიუმებად გადააქციეს, ხოლო რომანოვების სასახლე ლიკანში იოსებ სტალინის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. „ბორჯომის“ ექსპორტი საქართველოდან ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ხდებოდა, სადაც საქართველოს ეროვნული სიმბოლო და ბრენდული პროდუქცია გახდა. „ბორჯომის“ წყალი დღესაც საქართველოს უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია, ის დღემდე პოპულარულ ბრენდად რჩება როგორც რუსეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში.

 

როგორც ავტორი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს, მოხდა ქარხნების პრივატიზება, შეიქმნა კომპანია, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით IDS Borjomi Georgia (ანუ შვილობილი კომპანია IDS Borjomi International-ისა, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონში, კიურასაოშია დარეგისტრირებული). „ბორჯომის“ ქარხანა პატარა ქალაქის მოსახლეობისათვის მთავარი დამსაქმებელია მრავალი თაობის განმავლობაში. ბოლო ათწლეულში კომპანიის მფლობელი იყო „Alfa ჯგუფი“, რუსული კონგლომერატი, რომელსაც მიხეილ ფრიდმანი ხელმძღვანელობს. 

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს კომპანიის თანამშრომლებმა, საქართველოს აგრარული პროფკავშირების დახმარებით, შეძლეს თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება), მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიხეილ ფრიდმანი დასავლური სანქციების ქვეშ მოჰყვა, კომპანიას პრობლემები გაუჩნდა, რაც პროდუქციის გაყიდვისა და ფინანსური შემოსავლების შემცირებაში გამოიხატა.  2022 წლის აპრილის ბოლოს ქარხნებმა მუშაობა შეაჩერეს, კომპანიამ ათობით მუშა-მოსამსახურე გაათავისუფლა, დანარჩენებს კი ხელფასები საკმაოდ შეუმცირა. „ბორჯომის“ თანამშრომლები და პროფკავშირები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ, გაფიცვა გამოაცხადეს, გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნება და შეჩერებული შრომითი კოლექტიური ხელშეკრულების ამოქმედება მოითხოვეს. 

 

როგორც პროფკავშირების ლიდერი გიორგი დიასამიძე აცხადებს სტატიის ავტორთან საუბარში, IDS Borjomi ცდილობს პროფკავშირების დისკრედიტაციას და ფინანსურ სანქციებს მიმართავს, აყოვნებს საწევრო ფულადი შესატანების გადარიცხვას, რომელიც პროფკავშირებს ეკუთვნის და ამით სურს საგაფიცვო ფონდი შემცირდეს. გიორგი დიასამიძე თვლის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა მუშების უფლებების შეზღუდვა, ბოლო სამი თვე შეუჩერებლად იმუშავა, დააგროვა პროდუქცია და ახლა საზოგადოებას არწმუნებს, რომ მიუხედავად ქარხნის გაჩერებისა, „ბორჯომის“ დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.

 

ბოლო დროს პრობლემის მოგვარებაში საქართველოს მთავრობაც ჩაერია. ამჟამად საქართველოს სხვა კომპანიები, მაგალითად, „კოკა-კოლა“, ყურადღებით ადევნებენ თვალს  „ბორჯომის“ მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვას. ისინი ელოდებიან, უზრუნველყოფენ თუ არა კომპანია IDS Borjomi და საქართველოს მთავრობა მუშა-მოსამსახურეთა უფლებების დაცვას. არ არის გამორიცხული, რომ IDS Borjomi-ს მსგავსად, სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ საკუთარი კურსი განახორციელონ - გაათავისუფლონ დასაქმებულები და შეუტიონ პროფკავშირებსაც.

 

„ბორჯომელების“ გაფიცვამ ქართულ საზოგადოებაში, პროფკავშირული მოძრაობის  სისუსტის მიუხედავად, დიდი თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოიწვია. ბევრი ქართველი ამ ბრძოლაში ხედავს მუშებისა და რუსული ოლიგარქიის ბრძოლას უკრაინის მოვლენების ფონზე იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და მას მთავრობა ვერ აკონტროლებს, "- აღნიშნავს ავტორი.

 

„არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და სიტყვის თავისუფლება. ჩემი უფლებები ირღვევა. უხელფასოდ დავრჩი, ჩემს ოჯახს პრობლემები გაუჩნდა - ბანკის ვალი გადასახდელია, კომუნალური ხარჯებიც...“, - ამბობს „ტრიბუნის“ კორესპონდენტთან საუბარში „ბორჯომის“ ყოფილი თანამშრომელი ანდრო ბაბლიძე, 20-წლიანი მუშაობის სტაჟით. იგივე მდგომარეობას აქვს მარინა დვალაშვილსაც, რომელიც ქარხანაში 10 წელია მუშაობდა და გაათავისუფლეს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ საკითხით დაინტერესებულია საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

„ბორჯომელები თავიანთი ცნობილი წყლით ამაყობენ, რომელიც ქართული ექსპორტის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა. მათი თქმით, მინერალური წყალი სახელმწიფოს ეკუთვნის ეკუთვნის და საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი მათი ღვაწლი პოზიტიურად უნდა შეაფასოს.

 

საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ელოდება. საბოლოო ვერდიქტს უმაღლესი დონის სამიტი გამოიტანს, თუმცა 17 ივნისს უკვე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე შენიშვნები მიიღო: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციას აძლევს, საქართველოსაგან კი ჯერ პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას ითხოვს“.

 

ჟურნალისტი ესაუბრება საქართველოს პროფკავშირების ლიდერს გიორგი დიასამიძეს, რომლის თქმით, ბრძოლა უშედეგო არ არის, მათ გასულ წელს ბევრი მოთხოვნის შესრულებას მიაღწიეს და ახლაც ბოლომდე იბრძოლებენ. „ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც, მაგრამ ამისთვისაც მზად ვართ“, - აცხადებს პროფკავშირების ლიდერი, თუმცა, რასაკვირველია, ქვეყნისა და მუშა-მოსამსახურეებისათვის უმჯობესია, რომ ასე არ მოხდეს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ