დღე: 36

ღამე: 21

USD 2.716

EUR 3.1753

"ევროპას ისიც აღიზიანებს, რომ საქართველო არ ისწრაფვის უკრაინის დასახმარებლად ისე, როგორც ეს ევროკავშირს სურს" 23.06.2022 13:13

რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия)  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისს უარი უთხრეს: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია არ მისცეს“ (ავტორი - ქსენია ლოგინოვა), რომელშიც მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია.

 

პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდ არის გადმოცემული საქართველოს ევროინტეგრაციულ პოლიტიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა: როგორც ცნობილია, ევროკომისიამ განიხილა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადები ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების თაობაზე და თბილისისათვის ფრიად საწყენი ვერდიქტი გამოიტანა - უკრაინას და მოლდოვას მისცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველოს კი ჯერ-ჯერობით არა -  დაფიქსირდა მისი ევროკავშირისაკენ სწრაფვა და ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იქვე ითქვა, რომ სტატუსი მიეცემა მხოლოდ რიგი პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის შემდეგ. სტატიაში ციტირებულია როგორც ევროკომისიის დადგენილება, ასევე მისი პრეზიდენტის ურსულა ფონ ლაიენის განცხადება, რომელიც საქართველოს მოუწოდებს გული არ გაიტეხოს და რეფორმები განახორციელოს. იქვე ნახსენებია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოზიციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო და კავკასიის სხვა სახელმწიფოები, უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით, ევროკავშირისგან გეოგრაფიულად საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობენ, ანუ გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორი შესაძლებლობას არ იძლევა მათ ევროკავშირში მიღებას.

 

„თბილისი ბრიუსელის გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა. მართალია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეეცადა „სახის შენარჩუნებას“ და განაცხადა - საქართველომ მიიღო ის, რაზედაც ოცნებობდა - ევროპული პერსპექტივა. „ჩვენ უკრაინას და მოლდოვას ჩამოვრჩით, ეს ჩვენი ბრალია, მაგრამ მთავარია, რომ ევროპამ არ მიგვატოვა და პერსპექტივა დაგვიტოვა“. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შედარებით უფრო მკაცრად გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატობის სტატუსს რუსეთთან ომის გამო აძლევენ, ავანსის სახით.

 

დღემდე ისეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა აღმავალი ხაზით მიდიოდა. ევროპელი პოლიტიკოსები აღიარებდნენ , რომ ინტეგრაციული თვალსაზრისით საქართველო ბევრად წინ დგას და უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც... მაგრამ გასული შემოდგომიდან დაწყებული, სიტუაციამ თანდათან გაუარესება დაიწყო, როცა ქართველმა სამართალდამცველებმა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ადგილობრივმა ოპოზიციამ ევროპაში თავისი ბერკეტები აამოქმედა საქართველოს ხელისუფლების გასაკრიტიკებლად - ოლიგარქიზმი, ადამიანების უფლებების დარღვევა  და სხვა მრავალი. თუმცა ბრიუსელიდან წამოსულ კრიტიკას თბილისიდან საპასუხო კრიტიკა დაახვედრეს. 

 

ევროპას ისიც აღიზიანებს, რომ საქართველოს არ ისწრაფვის უკრაინის დასახმარებლად ისე, როგორც ეს ევროკავშირს სურს, მაგალითად, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნით, რაც მოსკოვს გააღიზიანებდა. მით უმეტეს, რომ საქართველო აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოა და აცნობიერებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები ყოველთვის ბრმად არ უნდა შეასრულოს.

 

„იზვესტიის“ კორესპონდენტი ესაუბრება ქართველ პოლიტოლოგს არჩილ სიხარულიძეს, რომლის თქმით, ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ გარკვეული გავლენა მოახდინა: „უკრაინა და მოლდოვა, შეიძლება ითქვას, ბრიუსელის ცხვირწინაა, საქართველო კი მისგან შორს არის, კავკასიაში, თურქეთისა და რუსეთის ტრადიციული ისტორიული გავლენის რეგიონში. შესაბამისად, საქართველოს წარმატებები მხედველობაში არ მიიღეს“.

 

აღმოსავლეთმცოდნე ლარისა ალექსანიანი სტატიის ავტორთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა: „თბილისს მცირე შანსები აქვს ევროინტეგრაციის საკითხში ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო - რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის, საზოგადოების მწვავე პოლარიზების, სასამართლო სისტემის მდგომარეობის გამო. მთლიანობაში საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს ჯერ-ჯერობით ვერ აკმაყოფილებს“.

 

ექსპერტის თქმით, ევროკომისიის მიერ ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია საქართველოს თავშეკავებული პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში.

 

„თბილისი არ მიუერთდა დასავლეთის მიერ ბოლო დროს გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს. უკრაინისა და მოლდოვასთან მიმართებით მიღებული დადებითი გადაწყვეტილებით ბრიუსელი პოლიტიკურ მესიჯს უგზავნის მოსკოვს და მიანიშნებს, რომ კიევს ომის ფონზეც კი ყოველთვის დაეხმარება, მეორე მხრივ კი, უარს უცხადებს თბილისს... ამრიგად, ევროკომისია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებს“, - თვლის პოლიტოლოგი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ