დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"კრიზისი უკვე იწყება - გრძელვადიანი გეგმები უკრაინელი ლტოლვილებისათვის" 23.06.2022 14:10

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ბეჭდავს სტატიას სათაურით „გრძელვადიანი გეგმები უკრაინელი ლტოლვილებისათვის: კრიზისი უკვე იწყება“ (ავტორი ქეით კონოლი). 

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან უკვე თითქმის ოთხი თვე გავიდა. უკრაინიდან 7,5 მილიონი ადამიანი გაიქცა საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით კი ბევრად მეტი დევნილი და იძულებით გადაადგილებული გახდა. რეალურმა ციფრებმა გაეროს წინასწარ შეფასებებს ხაზი გადაუსვეს. ნიუ-იორკში მდებარე შტაბ-ბინაში ფიქრობდნენ, რომ ლტოლვილთა რაოდენობა ოთხი მილიონი იქნებაო, სინამდვილეში კი ბევრად მეტია. 

 

როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის გერმანული ბიუროს წარმომადგენელი კრის მელცერი აცხადებს, მართალია ვოლონტერების სექტორში უკვე გარკვეული დაღლილობის სიმპტომები ჩანს, მთლიანობაში სიტუაცია კონტროლირებადი და მოსათმენია. თავის მხრივ, ლტოლვილთა დახმარების საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ჯეისონ ფილიპსი, რომელიც ვარშავაში იმყოფება, ამბობს, რომ ამჟამად გარდამავალი ეტაპი იწყება მოკლევადიანი დახმარებიდან საშუალო და გრძელვადიან დახმარებამდე.

 

ევროპელები ყველანაირად ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს, უამრავი მოხალისე მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე ბევრია გერმანიაში, მოლდოვაში, უნგრეთში, რუმინეთში და სლოვაკეთში. ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი კი პოლონეთმა მიიღო - 3,5 მილიონი ადამიანი. იმიგრაციული ტალღის ასეთი დარტყმა ვარშავისთვის პირველია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

 

„ბევრი უკრაინელი პოლონეთში მეგობრებთან და უბრალოდ, კეთილ ადამიანებთან ცხოვრობს, მაგრამ ასეთი სიტუაცია დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ვერ ვიქნებით იმის მოიმედენი, რომ ლტოლვილებისათვის სადღაც გდანსკთან ზღვის ნაპირზე ჯერ კიდევ არის საცხოვრებელი შენობები. ყველაზე რთული სიტუაცია ვარშავაშია, სადაც საცხოვრებელი ფართობის საკითხში ადრეც მწვავე სიტუაცია (უკმარისობა) იყო და ქირის ფასები მატულობდა“, - ამბობს ჯეისონ ფილიპსი.

 

მსგავსი სიტუაცია შეინიშნება გერმანიაშიც, სადაც 725 ათასი უკრაინელია შეხიზნული. როგორც ბერლინის არასამთავრობო ორგანიზაციის „იყავი ანგელოზის“ წარმომადგენელი ულრიკე ლესინგი ამბობს, სულ უფრო მეტი ლტოლვილი ითხოვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების პირობებს - „ოთახის კარი რომ მაინც იკეტებოდეს“.

 

მოლდოვაშიც დაძაბულობა იგრძნობა: ევროპის ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ ასი ათასი ლტოლვილი შეიფარა - ყველაზე მეტი ევროპაში მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით. ეს რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 5%-ს უდრის, სადაც ინფლაციის დონე 27%-ს აღწევს. მით უმეტეს, რომ მოლდოვა გაზისა და ენერგომატარებლების თვალსაზრისით, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური მომენტია დიდი დატვირთვა მოლდოვას განათლების სისტემაზე - ქვეყნის სკოლებს ათასობით უკრაინელი ბავშვის სასწავლებლად მიღება არ შეუძლიათ. შესაბამისად, სწავლების ახალი ფორმებისა და მეთოდების ძიებაა აუცილებელი. ლტოლვილი ბავშვებისათვის დაგეგმილია კომპაქტური კომპიუტერების გადაცემა ონლაინ-სწავლების მიზნით.

 

მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი ისევ გრძელდება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ უკრაინელები სამშობლოში ბრუნდებიან. გაეროს შეფასებით, მაისის თვეში უკრაინაში დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ბრუნდებოდა ყოველდღიურად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საბოლოოდ რჩებიან სამშობლოში. ბევრი სიტუაციის გაცნობის შემდეგ ისევ საზღვარგარეთ მიდის.

 

ლტოლვილებთან საუბრისას გასაგები ხდება, რომ მათ წინააღმდეგობრივი გრძნობა აქვთ: ისინი ფიქრობენ, რომ ბედმა გაუღიმათ და უბედურებას თავი დროულად დააღწიეს, მაგრამ იმავდროულად საკუთარ თავს ეკითხებიან - „როგორ უყურებენ სხვები ჩემს მოქმედებას? იქნებ ეს გაქცევას ნიშნავს?“. საბოლოოდ კი, ისინი საზღვარგარეთ დიდხანს ცხოვრებისთვის ემზადებიან.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ