დღე: 26

ღამე: 17

USD 2.6069

EUR 2.8053

გახდება თუ არა კავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი? - რას წერენ უცხოური გამოცემები 23.06.2022 14:17

დასავლურ პრესაში გრძელდება სტატიების ბეჭდვა და გამოქვეყნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით - გახდება თუ არა კავკასიური სახელმწიფო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი? რას გადაწყვეტს საბოლოოდ ევროკავშირის უმაღლესი დონის სამიტი? - ასეთი კითხვებია დასმული პუბლიკაციებში, რომლებშიც ამ ორი დღის წინ თბილისში გამართული ხალხმრავალი მიტინგის მიზეზები, მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციაა მიმოხილული.

 

ამერიკული ჟურნალის „ნეშნლ ინთერესთის“ (The National Interest) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ჩვენ ევროპელები ვართ“: მასშტაბური მიტინგი საქართველოში ევროპული კურსისა და ევროკავშირის მხარდასაჭერად“ (ავტორი - ტრევორ ფილსეტი). როგორც მასშია აღნიშნული, თბილისში მიტინგზე შეკრებილმა 60 ათასმა ადამიანმა ევროკომისიას ფარული საყვედური გამოუცხადა, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადადო. სტატიაში მიმოხილულია თბილის-ბრიუსელისა და თბილის-მოსკოვის ურთიერთობა, ექს-მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობრივი როლი ევროკავშირთან და რუსეთთან მიმართებით დამოკიდებულებაში, ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების“ მთავრობის ძალისხმევა ევროინტეგრაციის საქმეში: პრეზიდენტი ძირითადად დასავლური კურსის გამტარებელია, მთავრობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში ერთგვარი ბალანსის დაცვას ცდილობენ

 

წყარო

 

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (The Financial Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ქართველები მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ, როცა ევროკავშირში ქვეყნის მიღების პროცესი შეყოვნდა“ (ავტორი - ნადია ბერდი). მასში მიმოხილულია ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მიტინგის მსვლელობა, ძირითადად გაკრიტიკებულია „ქართული ოცნება“, რომელიც „ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სკანდალური შეცდომა დაუშვა („ლგბტ-საზოგადოების“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების შეზღუდვა, მოსამართლეების არადემოკრატიული დანიშვნა და ა.შ.). პუბლიკაციის ავტორი, რომელიც თბილისში იმყოფება, წერს აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის შესახებაც, რომელიც, „მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არავითარ პოლიტიკურ როლს არ ასრულებს, ანალიტიკოსების აზრით, ის მაინც რუსეთის ინტერესების გამტარებლად ითვლება“. ავტორი ესაუბრება  მიტინგის მონაწილეებს - როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე პოლიტიკოსებს და ექსპერტებს: გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას, კორნელი კაკაჩიას, რომელთა მსჯელობაში მთავრობის მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება არის გამოხატული


წყარო

 

 

ფრანგულ გაზეთ Les Echos-ში („ექო“) იბეჭდება სტატია სათაურით „საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს გამოეთიშა“ (ავტორი - ივ ბურდიონი). მასში საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს: „თავისი ორი ყოფილი „საბჭოთა ამხანაგისგან“ - უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს ბედი გაურკვეველი რჩება. იმ დროს, როცა უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული, მოლდავეთიც რუსული არმიის შეჭრის საფრთხის ქვეშაა, საქართველო ბრიუსელის გეოპოლიტიკურ რადარებზე მკრთალად მოჩანს - ეს კავკასიური ქვეყანა, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, გეოგრაფიულად არცთუ ევროპულად მოჩანს, თუმცა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ევროპას უკავშირდება“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორის მიერ მიმოხილულია ის ცნობილი პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელთა შესრულება, ევროკომისიის ვერდიქტის მიხედვით, საქართველოს მოუწევს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისში გამართულ 120 ათასკაციან მიტინგში (რაოდენობა დრონებით გადაღებული ვიდეოკადრებით იქნა გამოთვლილი) მონაწილეობით საქართველოს 3,7 მილიონიანმა მოსახლეობამ დაადასტურა, რომ მათ მტკიცე პროევროპული განწყობა აქვთ - ისწრაფვიან დემოკრატიისაკენ, აყვავებისაკენ, კანონის უზენაესობისაკენ და არ სურთ რუსეტის ორბიტაზე დაბრუნება - იმ რუსეთისა, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა და მას შემდეგ ქვეყნის ორი რეგიონი - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აქვს ოკუპირებული.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ