დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

მეცნიერებმა შავი ჭირის წარმოშობის სავარაუდო ადგილს მიაგნეს

1880-იან წლებში, ჩრდილოეთ ყირგიზეთში არქეოლოგებმა ოცდაათამდე ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს; ალბათ მაშინ ისინი ვერც კი იფიქრებდნენ, რომ თითქმის 130 წლის შემდეგ, ეს ჩონჩხები ახალ მტკიცებულებებს გამოამჟღავნებდა შავი ჭირის წარმოშობის შესახებ.

 

შავი სიკვდილი 500-წლიანი პანდემიის პირველი ტალღა იყო, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი გახლდათ. გამოწვეული იყო მავნე ბაქტერია Yersinia pestis-ით და წარმოადგენდა შუა საუკუნეების ბნელ აჩრდილს, რომელმაც ევროპის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მოსპო.

 

მიუხედავად ასეთი მასშტაბური გავლენისა, ამ დაავადების წარმომავლობა დიდი ხანია მეცნიერებს საგონებელში აგდებს; მთელი კონტინენტის მასშტაბით იკვლევენ ნეშტებში დიდი ხნის წინ ჩამარხული Y. pestis-ის გენომს.

 

ახალი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი პირველად ცენტრალურ აზიაში გამოჩნდა, ერთ-ერთი ბოლოა იმ არქეოლოგიურ და პალეოეკოლოგიურ აღმოჩენებში, რომლებიც მტკიცედ ცვლიან ჩვენს გაგებას შავი ჭირის შესახებ.

 

„ჩვენი კვლევა პასუხს სცემს ერთ-ერთ უდიდეს და მომაჯადოებელ კითხვას ისტორიაში და განსაზღვრავს, სად დაფიქსირდა პირველად ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ცნობილი მკვლელის შემთხვევა“, — ამბობს სტირლინგის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ფილ სლევინი. მასთან ერთად, კვლევაზე მუშაობდნენ ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოგენეტიკოსი და კვლევის ავტორი მარია სპირუ და მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიკოსი იოჰანეს კრაუზე.

 

წინა კვლევაში, რომელშიც ერთმანეთს შეადარეს შავი ჭირით ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში დაღუპულ ადამიანთა უძველესი გენომები, სპირუ და კრაუზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ შავი ჭირის მეორე პანდემია რუსეთის ერთი პატარა, მდინარისპირა ქალაქიდან დაიწყო.

 

მკვლევართა სხვა ჯგუფები ასევე აცხადებდნენ, რომ აღმოაჩინეს შავი ჭირის უძველესი ცნობილი მსხვერპლი, რომელიც თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე მოკვდა Y. pestis-ის ნაკლებად გადამდები, წინაპარი შტამით, ოღონდ ათასი წლით უფრო ადრე, ვიდრე შავი სიკვდილი მე-14 საუკუნის შუა წლებში მთელ ევროპას მოედებოდა.

 

შავი ჭირის მეორე პანდემიის, ანუ შავი სიკვდილის 500-წლიანი პანდემიის წარმოშობის ადგილი მეცნიერებს შორის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა დავის საგანი რჩებოდა. მკვლევართა განცხადებით, ამას აფერხებდე გაბატონებული ევროცენტრული ფოკუსი.

 

ამჯერად, მათი ახალი კვლევა შავი ჭირის სავარაუდო წარმომავლობის ადგილს კიდევ უფრო აღმოსავლეთით წევს, ცენტრალურ აზიამდე; ასე მიუთითებს თანამედროვე ყირგიზეთის ტერიტორიაზე ორ სასაფლაოზე აღმოჩენილი შვიდი ინდივიდის დნმ მტკიცებულება.

 

სასაფლაოები ისიკ-ყულის ტბის სიახლოვეს, ჩუის ველზე მდებარეობს და მათი გათხრები 1885-1892 წლებში მიმდინარეობდა; სასაფლაოების გარკვეული ჯგუფის მემორიალურ ქვებზე ამოტვიფრული იყო წარწერები, რომლებიც უცნობი სენის შესახებ ბუნდოვანი დეტალებს შეიცავდა. ადგილობრივი ეპიდემიის ეს დრო შეესაბამება შავი ჭირის მეორე პანდემიის დასაწყისს, მაგრამ დაუდასტურებელი რჩებოდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი.

 

ამის გასარკვევად, მკვლევართა ჯგუფმა ჩონჩხების კბილებიდან დნმ აიღო, მოახდინა გენეტიკური მასალის სეკვენირება და შედეგები ბაქტერია Y. pestis-ის თანამედროვე და ისტორიული გენომებისას შეადარა.

 

„მიუხედავად გარემოს დაბინძურების რისკისა და იმის გარანტიის გარეშე, რომ ბაქტერია შემონახული იქნებოდა, მაინც შევძელით შვიდი ინდივიდიდან აღებული დნმ-ის სეკვენირება“, — ამბობს სპირუ.

 

შვიდი ჩონჩხიდან სამის კბილებში მათ მიაგნეს შავი ჭირის ბაქტერია Y. pestis-ის უძველესი დნმ-ის კვალს; თავდაპირველი გათხრების ჩანაწერებზე დაყრდნობით, ეს ჩონჩხები მათი საფლავის ქვებს დაემთხვა.

 

„ბოლოსდაბოლოს ვაჩვენეთ, რომ საფლავის ქვებზე მოხსენიებული ეპიდემია ნამდვილად შავი ჭირით იყო გამოწვეული“, — ამბობს ისტორიკოსი სლევინი.

 

აღდგენილი უძველესი გენომებიდან სამი წარმოადგენდა ერთ შტამს და მე-14 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდებოდა. გენომური შედარებები მიუთითებდა, რომ ამ წინაპარმა შტამმა სათავე დაუდო შავი ჭირის სხვადასხვა შტამის მასიურ გავრცელებას, რომლებიც შემდეგ დაიტოტა და გამოიწვია პანდემია.

 

„დავადგინეთ, რომ ყირგიზეთში აღმოჩენილი უძველესი შტამები ამ მასიური დივერსიფიკაციის მოვლენის ზუსტად კვანძთანაა განლაგებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიპოვეთ შავი სიკვდილის წყარო შტამი და ვიცით მისი ზუსტი თარიღიც კი“, — აღნიშნავს სპირუ.

 

ეს თარიღი გახლავ 1338 წელი, როგორც ეს ჩონჩხების საფლავის ქვებზე იყო ამოტვიფრული ძველ სირიულ ენაზე.

 

ცხადია, ჩონჩხებიდან აღებული უძველესი დნმ-ის ნიმუშთა ასაკების შეფასებები შეიძლება ძლიერ ცვალებადი იყოს და არქეოლოგიური აღმოჩენები არასოდესაა საბოლოოდ გადამწყვეტი; შესაბამისად, ეს ამბავი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი აღმოაჩენენ შავი ჭირის მსხვერპლთა კიდევ უფრო მეტ ნაშთს.

 

 

მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მკვლევართა მიერ ნაპოვნი წინაპარი შტამი არ ჰგავს იმ თანამედროვე შტამებს, რომლებიც დღეს მღრღნელების პოპულაციებში ცირკულირებს ახლომდებარე ტიან-შანის მთებში. მათი აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შავი სიკვდილი ლოკალურ რეგიონში აღმოცენდა და იქ სხვა არეალიდან არ მოსულა.

 

კრაუზეს განცხადებით, ეს მიანიშნებს, რომ შავი სიკვდილის წინაპრის სამშობლო ცენტრალური აზიაა.

 

კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, როგორ გავრცელდა შავი სიკვდილი; ბაქტერია Y. pestis-ის გააფთრებული გავრცელების მთავარ კონტრიბუტორებად მიიჩნევა ომები და სავაჭრო ქსელები მე-14 საუკუნეში.

 

საფლავის ქვების წარწერების, სამარხების არტეფაქტების, მონეტებისა და ისტორიული ჩანაწერების დეტალურად შესწავლის შემდეგ, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ჩუის ველი მრავალი სხვადასხვა საზოგადოების სამშობლო იყო, რომლებიც ევრაზიის სხვადასხვა რეგიონებთან ვაჭრობაზე იყვნენ დამოკიდებული. სწორედ ამ სავაჭრო გზებით შეიძლება იარა არასასურველმა, მომაკვდინებელმა სტუმარმა.

 

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ