დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

„გარდამტეხი პერიოდი უკრაინის ომში: ანალიტიკოსები სამხედრო მოქმედებების განვითარების პროგნოზებს აკეთებენ“

„როცა გაზაფხულზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა შეცვალა და ყურადღება დონბასის დაკავებაზე გადაიტანა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ვარაუდობდნენ, რომ შემდეგი ოთხი-ექვსი კვირა რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებები ომის ბედს გადაწყვეტდა. ეს დროც დადგა, სურათი შედარებით უფრო დაზუსტდა და ახლა ისინი პირველ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: რუსეთი, ალბათ, საბოლოო ჯამში, მეტ ტერიტორიებს მიიღებს, მაგრამ მთლიანად დონბასის რეგიონის გაკონტროლებას ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს, რადგან ბრძოლებისგან დაქანცული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ უკრაინის არმიისათვის მიწოდებული სრულყოფილი იარაღი ეფექტურად იმოქმედებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გარდამტეხი პერიოდი უკრაინის ომში: ანალიტიკოსები სამხედრო მოქმედებების განვითარების პროგნოზებს აკეთებენ“ (ავტორები ჰელენ კუპერი, ერიკ შმიტი და ჯულიან ბარსი).

 

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი დარწმუნებულია, რომ ბოლო დღეებში რუსების მიერ მიღწეული გარკვეული წარმატების მიუხედავად, რაც მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაეუფლება  დასავლური უახლესი არტილერიის გამოყენების წესებს, მით უფრო დამუხრუჭდება რუსეთის არმიის წინსვლა. რუსები ახლა ლუგანსკის ოლქში იბრძვიან, მაგრამ დონეცკის ოლქში ისინი მიღწეულ წარმატებებს ვერ გაიმეორებენ და იმაზე მეტ ტერიტორიას ვერ დაიკავებენ, რასაც ისინი 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე აკონტროლებდნენ.

 

როგორც ჩანს, კონკრეტულად ლუგანსკის ოლქის გაკონტროლებას რუსეთის არმია მართლაც განახორციელებს: პენტაგონი პროგნოზირებს, რომ ფრონტის ხაზზე მდებარე მთავარი ქალაქები - სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი - რუსეთის არმიის ხელში უახლოეს ხანში გადავლენ.

 

ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის არმია დღეს თავის ბრძოლისუნარიანობის პიკზეა, რადგან უკრაინის არმია ახალი დასავლური იარაღით წინ ხაზზე მთლიანად ჯერ არ სარგებლობს. 

 

რა თქმა უნდა, ორივე მხარე გამალებით მოახდენს ახალი ძალების გადასროლას ფრონტის ხაზზე. „რეზერვების შევსებას გადამწყვეტი როლი ექნება ორივე მხარისათვის. უკრაინას ამჟამად მეტი იარაღი ჭირდება. კრემლს მოუწევს ომში ახალწვეულებიც გაგზავნოს“, - ამბობენ სამხედრო ექსპერტები და სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებენ ომის მიმდინარეობის შესახებ.

 

ფრედერიკ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი, რომელიც ახლა ვაშინგტონის ევროპული ანალიზის ცენტრში მუშაობს, ამბობს, რომ ომი, ალბათ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება, მაგრამ თავის მხრივ, უკრაინის არმია, რომელიც ახალი დასავლური იარაღით აღიჭურვება, რუსეთის ჯარების წინსვლას შეაჩერებს და ზაფხულის ბოლოსთვის შესაძლოა კონტრშეტევაც კი განახორციელოს. 

 

თუმცა სხვა ექსპერტების აზრით, დღეს უკვე თავს იჩენს უკრაინელთა სუსტი ადგილები, რაც შემაშფოთებელია: კიევის არმია ბრძოლებით დაიქანცა და მოსკოვს შეუძლია მოწინააღმდეგეს უკან დაახევინოს და ის ტერიტორიაც დაიკავოს, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო. რასაკვირველია, რუსეთის არმიაც დანაკარგებს განიცდის: იმ დროს, როცა უკრაინელები  დღეში დაახლოებით 200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ, რუსები, ალბათ, ორჯერ მეტი იხოცება. მოკლედ, ხატოვნად თუ ვიტყვით, დონბასის ბრძოლები იმ სასიკვდილო საარტილერიო დუელს წარმოადგენს, რაც ორივე მხარისათვის მძიმე დანაკარგებს იწვევს, თუმცა არცერთი მხარე ჯერ კაპიტულაციას არ აპირებს.

 

„რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეთა მორალური სული დაბალ დონეზეა, მათ პრობლემები აქვთ ტექნიკის მომსახურების თვალსაზრისითაც. კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ რუსების საარტილერიო ჭურვები უკრაინელი ჯარისკაცების სანგრებთან, მიწაზე სკდებიან და არა ჰაერში, მათ თვს ზემოთ. არადა, ჰაერში აფეთქებული ჭურვები უფრო მეტ სასიკვდილო ეფექტს იწვევს. როგორც სტივენ ბიდლი, კლუმბიის უნივერსიტეტის სამხედრო ექსპერტი ამბობს, ეს ნიშნავს, რომ რუსები ჯერ კიდევ ძველი საბრძოლო მასალებით, ანუ ქვემეხების ძველი ჭურვებით სარგებლობენ, რომლებიც ვადაგასულებია და ცუდ მდგომარეობაში არიან. მათი მიზანში მოხვედრის სიზუსტეც დაბალია. მაგრამ, რასაკვირველია, არაეფექტური არტილერიაც შეიძლება ძალზე დამაგრეველი იყოს, თუ მას მოწინააღმდეგე მასობრივად გამოიყენებს.

 

„ამ შემთხვევაში რაოდენობას ხარიხსაც ნიშნავს“, - ამბობს დოქტორი სტივენ ბიდლი, - მე რომ ახლა ის უკრაინელი ქვეითი ვიყო, რომელიც დღეს სანგარში ზის, დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ სიკვდილის არ შემეშინდებოდა. რუსების არტილერია უფრო სასიკვდილო იქნებოდა, მას რომ სიზუსტე ჰქონდეს და უფრო კარგად გამოიყენონ“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ