დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

"ხარკოვის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება" - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან 24.06.2022 11:54

რუსეთ-უკრაინის ომის 120-ე დღე

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 530 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც გაანადგურა.

 

„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1507 ტანკი, 3637 ჯავშანტექნიკა, 759 საარტილერიო სისტემა, 241 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 საბრძოლო თვითმფრინავი, 183 ვერტმფრენი, 622 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2553 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 60 ერთეული სპეცტექნიკა და 137 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკისთვის.  რუსეთი ქალაქის ახლომდებარე ტერიტორიებს ბომბავს.

 

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა დაბომბვა განახორციელა ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, ბელაია გორას, ვოვჩოიაროვკას და ბერესტოვეს მახლობლად. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლისიჩანსკის და ბორივსკეს დასახლებებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მათი განცხადებით, ოკუპანტები დასახლება მირნაია დოლინას ტერიტორიას უტევდნენ, ბრძოლა გრძელდება.

 

„ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის შეტევითი მოქმედებები ბორივსკეს რაიონში,“ - აცხადებენ გენშტაბში.

 

უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

 

„უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, - აღნიშნა გაიდაიმ.

 

მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

 

"მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე ნორმალური და სრულფასოვანია სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება", - განაცხადა გაიდაიმ.

 

გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით სერიოზულ ზემოქმედებას ახდენენ, ხარკოვის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია.

 

„ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე.

 

„არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 450 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს.

 

CNN-ის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით ოთხ მრავალჯერად სარაკეტო სისტემას და საარტილერიო საბრძოლო მასალას სხვა სისტემებისთვის, ასევე 18 საპატრულო კატარღას სანაპიროებისა და მდინარეების მონიტორინგისთვის და მცირე ზომის იარაღს.

 

ტელეკომპანია იუწყება, რომ პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მაღალი მობილობის ოთხი საარტილერიო სარაკეტო სისტემა, რომელსაც სამიზნეების წინააღმდეგ მართვადი რაკეტების სროლა დაახლოებით 40 მილის მანძილზე შეუძლია.

 

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაამტკიცა.

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

 

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

 

ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქები მოსდევს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ