დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ვისი იმედი უნდა ჰქონდეს თბილისს მოსკოვთან სავარაუდო კონფლიქტის დროს? 24.06.2022 14:30

ჩინური გამოცემა „ბაიჯიაჰაო“ (Baijiahao//白家豪) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა: რატომ არ არ უერთდება თბილისი ანტირუსულ სანქციებს“ (ავტორი - ჩენს სი, სამხედრო ექსპერტი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით.

 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ზოგიერთი პატარა ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვალა: ერთნი უფრო ანტირუსულები გახდნენ, მეორენი მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, მესამენი კი, პირველებისა და მეორეებისაგან განსხვავებით, ავტონომიურად, თავიანთი ინტერესებით მოქმედებენ და ხშირად უფრო გაბედულად გამოდიან, ვიდრე ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანას საქართველო წარმოადგენს. 

 

2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა. რასაკვირველია, იგულისხმება, რომ საქართველოს რუსეთი უფრო მეტად უნდა სძულდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებს. 

 

ამიტომაც, როცა უკრაინის ომი დაიწყო და და დასავლეთმა ერთსულოვნად „თითი დაუქნია“ რუსეთს, საქართველოსაც შესაძლებლობა გამოუჩნდა „იმპერიისთვის საპასუხო დარტყმა მიეყენებინა“... მაგრამ თბილისმა მტკიცედ გადაწყვიტა არ მიერთებოდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს.

 

საერთაშორისო მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში, დოჰაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ თბილისი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ემბარგოს ჯერ კიდევ წინა წლებში მიუერთდა და ისინი ძალაშია, მაგრამ დღეს საქართველოს არ შეუძლია დასავლეთის მიერ დაწყებული დამატებითი ანტირუსული სანქციები გაიზიაროს, რადგან მას თავისი საკუთარი ეროვნული ინტერესებიც აქვს - ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკა ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება.

 

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ შეიძლება ზოგიერთები დააბნიოს. საქმე იმაშია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ერთი მხრივ, საქართველო დაეთანხმა იმ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიიღო [2014 წლის შემდეგ] და ყოველწლიურად აგრძელებდა მათ მოქმედებას; მეორე მხრივ, საქართველო ითვალისწინებს თავის სახელმწიფოებრივ-ეროვნულ ინტერესებს და არ უერთდება ახალ სანქციებს, ასევე რუსეთს არ აძლევდა (და არ მისცემს) ამ სანქციებისადმი გვერდის ავლის შესაძლებლობას.

 

ამჟამინდელ სიტუაციაში მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ახდენს თუ არა გავლენას სანქციები რუსეთზე. მთავარი აქ ისაა, თუ ვის მხარეზე ხარ, როგორი დამოკიდებულება გაქვს დასავლეთისა და რუსეთისადმი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ სანამ სანქცია არ გამოგიცხადებია, ესე იგი, შენ აშშ-ის წინააღმდეგ გამოდიხარ...

 

ამიტომაც საქართველოს უარი ანტირუსულ ემბარგოსადმი მიერთებაზე აშშ-ის პოზიციის უარყოფის ტოლფასია. ასეთია თბილისის პოზიცია, რომელსაც მთავრობა თანმიმდევრულად იცავს.

 

იბადება კითხვა: რატომ არ იძია შური საქართველომ რუსეთზე უკრაინის ომის ფონზე? ამის მიზეზები საკმაოდ ბევრია.

 

პირველი - მართალია, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან ომი ჰქონდათ, მაგრამ ომის შემდგომ რამდენიმე წლის შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანდათან აღდგა, ასევე აღორძინდა ტურიზმი, საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული კონტაქტები. პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ამ სფეროში არ ერეოდნენ. შესაბამისად, ურთიერთობა გაფართოვდა. დღეს საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული: ვაჭრობა ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება. მაგრამ ვიმეორებთ - ეს ეხება ეკონომიკისა და კულტურის სფეროს და არა პოლიტიკას და დიპლომატიას. 

 

საქართველო დღეს იმიტომ ამბობს უარს დასავლური სანქციებისადმი მიერთებაზე, რომ ასეთი ნაბიჯი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ საქართველოსთვის ეს რთული ეკონომიკური გამოწვევა იქნება.

 

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების პრობლემა ახსენა. ალბათ, საჭიროა ორიოდე სიტყვით განვმარტოთ, თუ რა იგულისხმება ამაში საქართველოსთვის. 2008 წლის ომის დროს თბილისს პრაქტიკულად არავინ არ დახმარებია, ამერიკა თავს იკავებდა და ბოლოს ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. და რა მოჰყვება იმას, თუ საქართველო რუსეთის პროვოცირებას დაიწყებს და ისევ დამარცხდება?

 

იმის გამო, რაც დღეს უკრაინაში ხდება და იმის გამოც, რაც თვითონ საქართველოს თავს გადახდა, თბილისი რუსეთს ომში არ გამოიწვევს და არ გააღიზიანებს. საქართველო რუსეთს ვერანაირად ვერ დაშორდება - იმიტომ, რომ ისინი უშუალო მეზობლებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლა უკრაინასთან ომობს, საქართველომ რომ ანტირუსული მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, ვინ მისცემს თბილისს იმის გარანტიას, რომ რუსები თავიანთ შუბებს საქართველოსკენ არ შეატრიალებენ? 2008 წელს ქართველებმა ერთი კვირა იბრძოლეს და დამარცხდნენ. ეს მათ კარგად ახსოვთ.

 

საერთოდ კი დასავლეთი არაორთოდოქსალურად იქცევა. თვითონ განსაჯეთ: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ევროპას და ამერიკას პრაქტიკულად არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ რუსეთის აგრესიაზე, მოსკოვისათვის ერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური სანქციაც კი არ გამოუცხადებიათ. რაც შეეხება ნატოში და ევროკავშირში მიღებას, ამ საკითხშიც რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. ამას წინათ საქართველომ ბრიუსელში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე წარადგინა თხოვნა, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მისცეს, საქართველოს კი არა. შესაძლოა, ბრიუსელის ასეთი მოპყრობას საქართველოს მიმართ სანქციების მიერთების იგნორირება განაპირობებს, მაგრამ ეს ხომ პირდაპირი შურისძიებაა?  რა თქმა უნდა, ამით საქართველო უფრო იმედგაცრუებული ხდება და რუსეთთან კონფლიქტზე არ წავა. ვისი იმედი უნდა ჰქონდეს თბილისს მოსკოვთან სავარაუდო კონფლიქტის დროს? 

 

საქართველოს პოზიცია შეიძლება მისაბაძი და გაკვეთილი იყოს სხვა ქვეყნებისათვის, ვთქვათ, იმავე უკრაინისთვის, რომელმაც რუსეთთან სამომავლო ურთიერთობა აქედანვე უნდა ისწავლოს.

 

გარდა ამისა, თბილისის მდგომარეობა ლიეტუვასათვისაც საყურადღებოა, რომელიც ასევე პატარა ქვეყანაა, ასევე რუსეთის მეზობელია, მაგრამ მოსკოვს მკვეთრად უპირისპირდება. საერთოდ, დღევანდელი ლიეტუვა საკმაოდ ჰგავს 15 წლის წინანდელ საქართველოს. ლიეტუვა თავის ეროვნულ ინტერესებს არად აგდებს და ბრმად ასრულებს დასავლეთის მითითებებს. მას სიფრთხილის გამოჩენა მართებს, საკუთარი თავი რომ არ დააზარალოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ