დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რა სიგნალს უგზავნის მოსკოვი კიევს - რას წერს გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ 24.06.2022 15:38

 

„ევროკავშირმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვასათვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად განვიხილოთ - როგორც „ისტორიული მომენტი“ და როგორც „სიმბოლური ჟესტი“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“  (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მოსკოვი კიევს, ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვასთან დაკავშირებით, სიგნალებს უგზავნის“ (ავტორი - ანტონ ტრიანოვსკი).


„გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი თავშეკავებით განაცხადა, რომ  კრემლს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვსო,  მაგრამ როგორც რუსი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ამბობენ, ვლადიმერ პუტინს მხედველობაში სულ სხვა რამ ჰქონდა. „ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი რუსეთისათვის უარყოფითია, ფაქტიურად კი მტრული, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“, - აღნიშნა ამ კვირაში ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო გაზეთში რუსეთის ელჩმა ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვმა. შეიძლება ეს ცნობა კრემლის წინააღმდეგობრივ მოქმედებად ჩავთვალოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით ვლადიმერ პუტინსა და ევროკავშირს შორის ისედაც მტრული დამოკიდებულება კიდევ უფრო გამწვავდება“, - წერს ავტორი.


კრემლის აზრით, ბრიუსელი ვაშინგტონისა და ლონდონის „ანტირუსული ღერძის“ კარნახს მორჩილად ასრულებს - სწორედ ამიტომ მიიღო უკრაინამ სტატუსი, რაც არ შეესაბამება ევროპის ინტერესებს და საბოლოო ჯამში, მას უკან შეუბრუნდება.


„რას მიიღებს ამით ევროპა? რას მიიღებს ამით რუსეთი? ან უკრაინა და მისი ნარჩენები?, - ასეთი კითხვაა დასმული რუსეთის სააგენტო „რია „ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, - რუსეთი ამას ვერ შეურიგდება, რადგან მას მშვენივრად ესმის: ევროკავშირი შირმა ხდება, რომლის მიღმა ანგლოსაქსური ანტიმოსკოვური თამაშები მიმდინარეობს“.


უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთისათვის ფეთქებადსაშიში უკვე 2013 წლისათვის გახდა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში, რომელიც მეგობრულად იყო განწყობილი კრემლის მიმართ. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს სურდა, რომ უკრაინას ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების ნაცვლად, ხელი მოეწერა ევრაზიული საბაჟო კავშირისათვის, რუსეთის ეგიდით, ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად.


როცა ვლადიმერ პუტინის ზეწოლით უკრაინამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც პროდასავლურ რევოლუციაში  გადაზარდა. ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. თავის მხრივ, რუსეთმა იდროვა და ყირიმის ანექსია მოახდინა, დონბასში კი სეპარატიზმის ცეცხლი გააჩაღა. ამიტომაც, როცა რუსეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა, რომ იგი უარყოფითად არ უყურებს უკრაინის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, მისი ნათქვამი ბევრმა ანალიტიკოსმა ცარიელ სიტყვებად მიიჩნია.    


დღეს რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, ევროკავშირის გაფფართოება მოსკოვისათვის ორმაგი საფრთხის ნაწილი ხდება, ნატოს გაფართოებასთან ერთად. ფაქტიურად, ევროკავშირსა და ნატოს შორის რუსეთისათვის რაიმე განსხვავება არ არსებობს: „ევროკავშირი ბოლო დროს ნატოსათვის დამხმარე სამხედრო ბლოკად იქცა“.


უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება „მხარდაჭერის სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენს“, - ამბობს კადრი ლიკი, ბერლინელი ანალიტიკოსი. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კიევს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად მიღებისათვის წლები დაჭირდება, მაშინ ასეთი სტატუსი, მოსკოვის სამომავლო მუდმივი საფრთხის გასანეიტრალებლად, უკრაინისთვის გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ