დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"მოქმედი ალიანსისათვის ანტირუსულ სანქციებს იმედგაცრუება და მტკივნეული უკუმოქმედება მოაქვს“ - „ნიუ-იორკ თაიმსი“ 27.06.2022 16:44

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსისათვის ანტირუსულ სანქციებს იმედგაცრუება და მტკივნეული უკუმოქმედება მოაქვს“ (ავტორები  - მაიკლ ქროული, ედვარდ ვონგი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

 

ომის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ ის ქვეყნები, რომლებიც ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ, მზარდ ეკონომიკური პრობლემებს აწყდებიან. გარდა ამისა, ისინი იმასაც ხედავენ, რომ მათ მიერ დაწესებული სანქციები და ეკონომიკური ემბარგოები რუსეთის სამხედრო კამპანიის სიმწვავეზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

 

თავის დროზე აშშ-ის ოფიციალური პირები იფიცებოდნენ, რომ თუ კრემლი უკრაინას თავს დაესხმებოდა, რუსეთის ფინანსური სისტემა ჩამოიშლებოდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მარტის თვეში იკვეხნიდა, რომ „სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს“ და რომ „რუბლისაგან კაპიკებიც კი აღარ დარჩებაო“, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა - რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისაგან რეკორდულ მოგებას იღებს (ფასების გაძვირების გამო) და რუბლის კურსიც ისტორიულად გამყარდა. (...)

 

ჯო ბაიდენის ჩინოვნიკებიდან, როგორც ჩანს, ცოტა თუ ვინმე ელოდა იმას, რომ სანქციები რუსეთს ომის შეწყვეტაზე აიძულებდა, მაგრამ არც იმას ელოდა არავინ, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული სანქციები ამერიკას უკან შემოუბრუნდებოდა. ნავთობზე ფასების კატასტროფულმა მატებამ აშშ-ში საწვავი გააძვირა - ზოგიერთ შტატში ერთი გალონი ბენზინი 5 დოლარზე მეტი ღირს.

 

ჯო ბაიდენი იხტიბარს არ იტეხს და ჰგონია, რომ საბოლოო ჯამში ამერიკული და ევროპული ანტირუსული სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მაინც მოახდენს ნეგატიურ გავლენას და რუსეთი იძულებული გახდება დასავლეთის ნებას დაჰყაბულდეს, მაგრამ... სანამ რუსეთი დაჰყაბულდება, მანამ ჯო ბაიდენის პარტიას შემოდგომაზე წინ შუალედური არჩევნები ელოდება, რომლის დროსაც, რესპუბლიკელები, ალბათ, ფასების გაძვირებას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ და პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ. ევროპაშიც, შემოდგომის სიგრილისა და ზამთრის სიცივის მოახლოების კვალობაზე, სერიოზულად ჩაფიქრდებიან.

 

და ყველაზე საწყენი კი მაინც ისაა, რომ დასავლური ანტირუსული სანქციებით და ემბარგოთი კარგად სარგებლობს ამერიკის მთავარი სტრატეგიული კონკურენტი - ჩინეთი, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის უზარმაზარ მოცულობას დაბალი ფასებით ყიდულობს. კრემლი იმ ნავთობის კლიენტებს, რომელსაც ადრე ევროპაში ყიდდა, ახლა აზიაში ეძებს და პოულობს - ინდოეთისა და ჩინეთის სახით, რომლებსაც შედარებით იაფად აძლევს, მაგრამ მაინც იმ ფასზე ძვირად, რაც ომამდე იყო. (...)

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ინკოგნიტო მაღალჩინოსნის თქმით, მოსკოვში უკვე იგრძნობა სანქციების შედეგები, ბევრი უცხოური მაღაზია დახურულია, ინფლაცია მაღალია, ბევრი შეძლებული რუსი საზღვარგარეთ გარბის... მაგრამ იმავე ჩინოვნიკი ასევე იმასაც აღიარებს, რომ რიგი ქვეყნების მოსახლეობა, მათ შორის რუსეთისაც, ზოგჯერ მოულოდნელ გამძლეობას ამჟღავნებენ. „ადრე სანქციების მნიშვნელობას გადაჭარბებულად  ვაფასებდით. 2015 წელს ბარაკ ობამა ტრაბახობდა, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს ისეთი სანქციები გამოვუცხადე, მისი ეკონომიკა დღეს თუ არა ხვალ მთლიანად დაინგრევაო. დღეს კი ბარაკ ობამას ყოფილი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სანქციებმა უკეთეს შემთხვევაში კრემლზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა, თუმცა, თავიანთი მოქმედების გამართლების მიზნით, აცხადებენ, რომ ამ სანქციებით იმ პერიოდში პუტინი უფრო მასშტაბური ნაბიჯებისგან შევაჩერეთო.

 

ამერიკამ თავის დროზე მრავალრიცხოვანი სანქციები გამოუცხადა ირანს, სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, კუბას და სხვა ქვეყნებს, მაგრამ მათი მთავრობების საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი მაინც არ შეცვლილა. მკვლევრების თქმით, სანქციებით იჩაგრება რიგითი ადამიანები, რეჟიმის წარმომადგენლები კი სარგებელს იღებენ.

 

დღეს მთავარი საკვანძო საკითხი გამოიხატება იმით, თუ როდის გამოელევათ მოთმინება სანქციების მიმართ დასავლეთის დედაქალაქებში. ჯო ბაიდენის აღიარებით, ამერიკა უყურებს და ელოდება, თუ რამდენს მოითმენს რუსეთი და რამდენს ევროპა. ეს საკითხი უახლოეს ხანში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იქნება განხილული.

 

ვაშინგტონისა და ევროპული დედაქალაქებისათვის პრობლემაა ის, რომ პოლიტიკოსებს შორის მატულობს აზრთა სხვადასხვაობა სანქციების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი სახელმწიფო პირდაპირ ჯიუტობს და უარს აცხადებს სანქციების შესრულებაზე, ან მის შერბილებას და გადავადებას ითხოვს. ანუ ირღვევა თავდაპირველი ერთსულოვნება და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და გაღრმავდება.

 

„მთლიანობაში, მე ვფიქრობ, ჩვენ უკვე სანქციების ზღვარს მივაღწიეთ“, - ამბობს ჯერარდ დილიპო, ვაშინგტონის სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, - „ახალი სანქციები, სავარაუდოდ, აუცილებელი აღარ არის, რადგან ამით კონფლიქტის შეჩერებას, [უკრაინისთვის მისაღების სახით], ვერ მივაღწევთ. ახლა მთავარია უკრაინის გამარჯვება ბრძოლის ველზე. სწორედ ეს უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკის ყურადღების ცენტრში“.

 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ