დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„უკრაინაში მიმდინარე ომი მრავალგანზომილებიანი კატასტროფაა, რომელიც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება" 27.06.2022 17:23

ამერიკული ჟურნალის The National Interest-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის კრიზისის მიზეზები და შედეგები: ახლო მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო უარესი გახდება“. მისი ავტორია ჯონ მირშაიმერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ტექსტი ლექციის სახით ფლორენციის (იტალია) ევროპულ უნივერსიტეტში 16 ივნისს წაიკითხა.

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 

„უკრაინაში მიმდინარე ომი მრავალგანზომილებიანი კატასტროფაა, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. როცა სამხედრო ოპერაცია წარმატებულია, მისი დაწყების გარემოებებს და წინაპირობებს ნაკლები ყურადღება ექცევა, ხოლო როცა ომის მიმდინარეობა კატასტროფული ხდება, იმ მიზეზების გაგება, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, უპირველეს მნიშვნელობას იძენს. ბუნებრივია კითხვა, რაც ხალხს უჩნდება - როგორ მოვხვდით ასეთ საშინელ სიტუაციაში?

 

მე პირადად ორჯერ ვიყავი მოწმე მსგავსი მოვლენისა ჩემს ცხოვრებაში - ჯერ ვიეტნამის ომის დროს, შემდეგ კი ერაყში. ორივე შემთხვევაში ამერიკელებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ და რატომ შეცდა ასე ძალიან მათი ქვეყანა. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ იმ მოვლენებში, რომელმაც უკრაინის ომი გამოიწვია და ახლაც ცენტრალურ როლს ასრულებენ, ალბათ, აუცილებელი იქნება მათი პასუხისმგებლობის შეფასება ამ კოლოსალურ უბედურებაში.

 

ამჟამად მე ორ ძირითად არგუმენტს მოვიხმობ.

 

პირველი - უკრაინის კრიზისში ძირითადი ბრალი შეერთებულ შტატებს მიუძღვის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ უკრაინაში ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, რომელსაც უმძიმესი პასუხისმგებლობის თავისი წილი ეკისრება იმ სრულიად არაადამიანური მოქმედებისთვის, რასაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები სჩადიან. იმავდროულად ომში მოკავშირეებიც დამნაშავენი არიან - მართალია, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ბრმად ასრულებენ აშშ-ის მითითებებს, მაგრამ მაინც. ჩემი მთავარი მტკიცება ისაა, რომ ამერიკა [შორეული] უკრაინის მიმართ ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც  რუსეთისათვის [მისი ახლო მეზობლისათვის] ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. რუსების ამის თაობაზე მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდნენ, ამერიკა კი ყურადღებას არ აქცევდა. 2021 წელს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ უკრაინას მალე ნატოში მიიღებდა. ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაზე თავდასხმით უპასუხა.

 

მეორე - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ომის დაწყებაზე ისეთი რეაგირება მოახდინა, რომ რუსეთის ძალისხმევა პრაქტიკულად გააორმაგა. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, რომ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხდეს და ამ მიზნით ყველანაირ სანქციებს და ემბარგოებს მიმართავენ, რუსეთის ძლიერების შესასუსტებლად. რადგანაც ამერიკა სერიოზულად არ არის დაინტერესებული კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისათვის, ომი, როგორც ჩანს, თვეები და შეიძლება წლების განმავლობაშიც გაჭიანურდეს. და ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება და ნადგურდება უკრაინა. თავისი არსით, ამერიკის მოქმედებას უკრაინა სრული კრახისაკენ მიჰყავს. არსებობს აგრეთვე კონფლიქტის გაფართოების შესაძლებლობა მასობრივი მოსპობის იარაღის გამოყენებით. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელიც სასიკვდილო საფრთხეებით არის სავსე.

 

უბედურების მთავარი და რეალური მიზეზი არის აშშ-ის ძალისხმევა - გადააქციოს უკრაინა დასავლეთის დასაყრდენად რუსეთის უშუალო საზღვრებთან. ვაშინგტონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინა აფრთხილებდა თავისი ელჩი მოსკოვში უილიამ ბირნსი (დღეს იგი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორია), რომ უკრაინის შესვლა ნატოში რუსული ელიტისათვის (და არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინისათვის) წითელ ხაზებს შორის ყველაზე კონტრასტულ ხაზს წარმოადგენს“. ცხადია, უილიამ ბირნსი არ იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აცნობიერებდა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. ნატოს ბუქარესტის სამიტზე კიევის სურვილს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. რატომ და როგორ, ეს ამას წინათ ინტერვიუში ექს-კანცლერმა ანგელა მერკელმაც დაადასტურა: „მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებდა. მისი აზრით, ეს რუსეთისათვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა“.

 

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას კი ძალიან ნაკლებად ადარდებდა მოსკოვის „ყველაზე კონტრასტული წითელი ხაზები“, ვაშინგტონი ზეწოლას ახდენდა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებზე, რათა ისინი დათანხმებულიყვნენ და საჯაროდ განეცხადებინათ - უკრაინა და საქართველო საბოლოო ჯამში ალიანსის წევრები მაინც გახდებიანო.

 

გასაკვირი არაა, რომ ამერიკის ასეთმა ძალისხმევამ იმ დროს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი გამოიწვია - ნატოს ბუქარესტის სამიტიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ. და მაინც ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები შეუსვენებლივ ცდილობდნენ უკრაინა დასავლეთის ისეთ ბასტიონად გადაექციათ, რომელიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებოდა. ამ მცდელობამ, საბოლოო ჯამში, უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა გამოიწვია, ანუ პრორუსული ხელისუფლება პროამერიკულით შეიცვალა. ამის საპასუხოდ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში სეპარატისტული კერა შექმნა.

(...)

უკრაინაში მიმდინარე ომი კოლოსალურ კატასტროფას წარმოადგენს. მათ, ვისაც ფაქტებისა და ლოგიკისა სჯერათ, მიხვდებიან, რომ ტრაგიკული სიმართლე ასეთია: დასავლეთს რომ ნატოს გაფართოებისათვის ხელი არ შეეწყო, დღეს უკრაინის კონფლიქტი არ იქნებოდა, ყირიმი კი ახლაც უკრაინის ნაწილი იქნებოდა. ვაშინგტონმა ცენტრალური როლი შეასრულა იმაში, რომ უკრაინა დანგრეულიყო. ისტორია მკაცრად დაგმობს შეერთებულ შტატებს და მის ნატოელ მოკავშირეებს იმ საოცრად სულელური პოლიტიკისათვის, რომელიც მათ უკრაინის მიმართ განახორციელეს“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ