დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს 27.06.2022 22:37

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით აირჩია.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყებამდე საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, ჩინჩალაძისა და მურუსიძის, ასევე სასამართლოში არსებული კლანის ბრალია საქართველოს ევროპულ გზაზე შექმნილი პრობლემები. დოლიძის განცხადებით, ქვეყანა სასამართლოში არსებული მმართველობის გამო ევროპულ პერსპექტივას კარგავს.

 

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით,  მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა ხელისუფლებისგან რომ არ იყოს მხარდაჭერილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ აირჩევდნენ.

მისი თქმით, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდეგ, საქართველოს ევროპულ გზაზე დღეს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არის თუ არა ხელისუფლება მზად ევროპული ორგანიზაციების რეკომენდაციები შეასრულოს და სასამართლო გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან.

როგორც ჯანეზაშვილმა განაცხადა, დღეს გამოჩნდა რომ რეკომენდაციების შესრულებისკენ ხელისუფლება არაა დაინტერესებული.

„ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა და ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოში გატარებულ რეფორმებს, რომელიც ნეგატიურად ფასდება. ამ სასამართლოს სათავეში, რომელიც პრობლემურია ჩვენს ქვეყანაში, დგას მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა პირები. ჩინჩალაძე დღეს იუსტიციის საბჭომ ხუთი წლის ვადით მეორედ დანიშნა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

 

მას ეს თანამდებობა სჭირდება მხოლოდ პრივილეგიებისთვის, რომ განიხილოს საქმეთა ნაკლები რაოდენობა. მისი გავლენები არის უფრო მასშტაბური, ვიდრე ეს არის თბილისის ერთი სასამართლო. მისი გავლენა ვრცელდება უზენაესი სასამართლოდან დაწყებული, ნებისმიერი პირველი ინსტანციის სასამართლოთი დამთავრებული“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაშურის, სენაკისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ